გელა ნიკოლაიშვილი: "ნაციონალები" "ორი კურდღლის დაჭერას" ცდილობენ
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში "ნაციონალური მოძრაობის" კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. მიიღებს თუ არა ამ კანონპროექტს პარლამენტი? წავა თუ არა ასეთ რისკზე ხელისუფლება წინასაარჩევნოდ - ამ საკითხზე კომენტარს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აკეთებს.
"ნაციონალები" ცდილობენ "ორი კურდღლის დაჭერას", ერთი მხრივ, სურთ, თავი დაიძვრინონ; მეორე მხრივ, ხალხის გარკვეულ ნაწილს უნდა ასიამოვნონ წინასაარჩევნოდ. თუ ეკონომიკურ დანაშაულზე გამოვაცხადებთ სრულ ამნისტიას, მაშინ ციხეში ვინც ზის და სასჯელს იხდის, ის მოგადგება და გეტყვის, მაშინ მე რისთვის ვზივარ, რისთვის დავისაჯე, თუ დამნაშავეებს ყველაფერს პატიობ? ვინც სასჯელი მოიხადა, იმასაც გაუჩნდება პრეტენზიები. რა თქმა უნდა, "ნაციონალების" მოთხოვნები სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება, მაგრამ, თუ ადმინისტრაციული სასჯელები გაუქმდება ნაწილობრივ, ეს შეიძლება მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იყოს", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ნიკოლაიშვილი ვარაუდობს, რომ განხილვები გაგრძელდება და შესაძლოა, მიიღონ ისეთი ვარიანტი, რომელიც "ქართული ოცნებისთვისაც" მისაღები იყოს. "შესაძლოა, ყველაფერი ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმებამდე ჩამოვიდეს", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.