მანანა ნაჭყებია: "ქართულ ოცნებას" საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 4 წელი ჰქონდა
"ახალი მემარჯვენეების" წევრი მანანა ნაჭყებია ხელისუფლებისგან საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს და აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილების განსახორციელებლად "ქართულ ოცნებას" კიდევ 10 თვე აქვს და ეს სრულიად საკმარისი დროა. ამის შესახებ ნაჭყებიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე მმართველი გუნდის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, რომ ისინი ოპოზიციასთან დიალოგზე არასდროს მიდიან.
"გუშინ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის ინტერპარტიული ჯგუფის შექმნას, რომელიც იმუშავებდა საქართველოს პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და დაიწყებოდა დიალოგი, რომელიც, მგონი, უკვე დაგვიანებულიცაა. ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგია, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს იყო მათი წინასაარჩევნო დაპირება.
"ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ მაჟორიტარები ჩამოყალიბდნენ ფეოდალებად. ეს ადამიანები თვლიან თავიანთ თავს რეგიონების ბატონ-პატრონებად და თავად წყვეტენ ნებისმიერ საკადრო საკითხს და არც ფინანსებთან არიან მწყრალად. სამწუხაროდ, დღეს "ქართული ოცნება" და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები არ ფიქრობენ ასე და მიაჩნიათ, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა შევინარჩუნოთ 2020 წლამდე. თურმე, ეს თავად მაჟორიტარების სურვილია და წინააღმდეგობაა მათი მხრიდან, რომ 2016 წლისთვის საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი სახის ცვლილებებს ასე სასწრაფოდ ვერ მიიღებენ.
4 წელი სრულდება 10 თვეში, რაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და თუკი ისინი მოისურვებდნენ საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანას, ამის განხორციელება, ცხადია, შესაძლებელი იყო. დღესაც არ არის ცვლილებები დაგვიანებული. თუმცა, ისინი არათუ რაიმე ცვლილებას აპირებენ, არამედ არცერთხელ არ წამოსულა ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგზე", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.