ირმა ინაშვილი:კონსტიტუციური უფლებების დასაცავად არ ვწყვეტთ ბრძოლას
"პატრიოტთა ალიანსი" ლიდერი ირმა ინაშვილი მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე დღეა შიმშილობს. ინაშვილი საგარეჯოში შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.
"ამ ინფორმაციას მედია-საშუალებებისათვის ვწერ, რომლებსაც მადლობას ვუხდი მხარდაჭერისათვის: მეხუთე დღეა გრძელდება მოშიმშილეთა საპროტესტო აქცია სახელმწიფო კანცელარიის წინ. ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, აირჩია იგნორირების და არა დიალოგის გზა.
ხელისუფლებამ უარი თქვა, გამოყოს მოშიმშილეებისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ბრიგადა. უარი თქვა ბიო-საპირფარეშოების დადგმაზე. ხელისუფლებამ დიდი ზომის ქოლგაც კი არ გაგვაშლევინა, რომელსაც მოშიმშილეები წვიმის დროს შეეფარებოდნენ. გუშინ, გაუარესებული ამინდის პირობებში, გავმართეთ კუსტარული კონსტრუქცია, სადაც ღამე 40-მდე მოშიმშილემ გაათენა. დღეს საღამოს ჩვენი რიცხვი 50-მდე გაიზრდება! ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას ჩვენი კონსტიტუციური უფლების- არჩევანისა და არჩევნების თავისუფლების დასაცავად. ვიმეორებ: საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს!
ვიმეორებ: თავდაცვისა და გაემოს დაცვის გამყალბებელი მინისტრები უნდა გადააყენონ დაკავებული თანამდებობებიდან! ვიმეორებ: უნდა დაიწყოს გამოძიება, საგარეჯოში არჩევნების გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით და დაისაჯოს ყველა დამნაშავე! ვიმეორებ: ჩვენ აღარ გვაინტერესებს ირმა ინაშვილის თემა. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ არჩევნებს გვიმზადებს ხელისუფლება 2016 წლისთვის და რა გარანტიებს გვაძლევს დღეს, რომ არ დაგვაბრუნებს ან ბრეჟნევის ეპოქაში, ან ჩრდილოეთ კორეაში.
ამიტომ მოშმიმშილეთა საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ სახელმწიფო კანცელარიის წინ, ყოველდღიურად ჩვენ გავმართავთ საგანგებო საინფორმაციო ბრიფინგებს და მედიას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ!", - წერს ინაშვილი.