ნანა კაკაბაძე:NGO-ები და საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს უშლიან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას
"დღეს მიდის კამპანია, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას და ამ კამპანიაში არიან ჩართულნი როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები", - ამის შესახებ "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ხელისუფლებას ვითარების შეფასებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
"10-11 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ თურმე სასამართლო იღებს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასულ გადაწყვეტილებებს, თუმცა, ძალიან კარგად იციან, რომ ამის თქმის უფლება არ აქვთ, სანამ სასმართლო არ იტყვის საბოლოო ვერდიქტს. აგორდა ყალბი კამპანია, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ თქვა, რაში იყო გამოხატული საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გასვლა, რადგან ამას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია.
მეორე მხრივ, ეს ორგანიზაციები არ მსჯელობენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აშკარად ტენდენციურია და მიუთითებს გარკვეული ჯგუფების ინტერესებზე.
დღეს მიდის კამპანია, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას. ამ კამპანიაში არიან ჩართულნი როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ხელისუფლებაც, რომელმაც ერთი მხრივ კოჰაბიტაცია გამოაცხადა "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მეორე მხრივ, დღესაც, როდესაც აშკარად სახეზეა რიგი დარღვევები სამოქალაქო საზოგადოებისა თუ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, არ ცდილობენ ამ საკითხის შეფასებას", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.