დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: ყველა საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად იბრძვის, მაგიდასთან და ტრიბუნასთან კი ყველა პატრიოტია!

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: ყველა საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად იბრძვის, მაგიდასთან და ტრიბუნასთან კი ყველა პატრიოტია!

საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე „ივერიონს“ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია) ესაუბრება.

 

-მამა პეტრე, პაატა ბურჭულაძის ინიციატივით 30 ოქტომბერს შეიქმნა ფონდი “პაატა ბურჭულაძე საქართველოს გაერთიანებისთვის“. დამფუძნებელთა შორის ძირითადად არიან ქართველი ბიზნესმენები. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს ფონდი პოლიტიკური პარტიის დაარსების წინაპირობა და რატომ ფიქრობს ცნობილი მომღერალი და ქველმოქმედი ქართული პოლიტიკის ლაბირინთებში შემოსვლას?

 

-ქვეყნის ინტერესებით დაინტერესება არასდროს მიმაჩნდა პოლიტიკად. თუ ასეა, ამასაც გავიგებ, ოღონდ ქვეყანას ეშველოს, ოღონდ,  გაჩახჩახებული ლამპიონების მიუხედავად, თავი დავაღწიოთ მასობრივ სიბნელეს. ჩვენს რეალობაში ძნელია პროგნოზირება, იმდენად არაადექვატურ გარემოში ვცხოვრობთ, მაგრამ  თუ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა ერის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, დარწმუნებული ვარ, დიდხანს იფიქრებდა და სწორად შეაფასებდა. 

 

ბოლო ორი ათეული წელია, უამრავი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა, მაგრამ პრობლემები დღითიდღე იზრდება.... სინამდვილეში არაფერი იცვლება და, ყოფითი სიმძიმეების ფონზე, მოსახლეობაში აგრესია, სიძულვილი, განკითხვა, შური და მტრობა გამეფდა. გვეშველოს და კიდევ ერთ პოლიტიკურ ჩანასახს აიტანდა გაპოლიტიკურებული ერი...

 

-ზოგადად, ეკლესია და პოლიტიკა განუყოფელია. ხელისუფლება მუდმივად ცდილობს წინასაარჩევნო კამპანიაში ხალხისთვის საყვარელი და მისაბაძი პოროვნების ჩაბმას, რომელიც შემდეგ გაკილვისა და ლაფის სროლის საგანი ხდება. თქვენი აზრით, უნდა ჩაებას თუ არა (და როდის უნდა ჩაებას) პოლიტიკურ თამაშებში ბურჭულაძისთანა მეცენატები და სასულიერო პირები?

 

-არ მესმის იმ ადამიანების, ვინც თვლის, რომ ეკლესია პოლიტიკისგან შორს დგას. ეკლესია სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია და,  რაც ქვეყანაში ხდება, ბუნებრივია, მასაც შეეხება. ოღონდ ჩვენ უნდა დავიცალოთ სუბიექტური მიდგომებისგან და ქვეყნისა  და ეკლესიის ინტერესებიდან გამოვიდეთ. სამწუხაროა ის, რაც ასე მასობრივად ხდება. რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ ააშენებენ მონასტერს და მხარში დაუდგებიან ერთ კონკრეტულ ეპარქიას, უკვე თავს ივალდებულებ და ცდილობ მისი შეხედულებები გაავრცელო, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ სხვისთვის სასიკეთოა... თუ ერთი ეპარქია აყვავდა, სხვა დანარჩენი კი სულს ღაფავს, რანაირად შეიძლება ასეთი მიდგომა სწორი და ჯანსაღი იყოს...

 

-მამაო, თქვენ საქართველოს ყოველდღიურობის მაჯისცემას თვალ- ყურს ადევნებთ. როგორ შეაფასებთ “პატრიოტული ალიანსის“ მიერ წამოწყებულ შიმშილობას სახელმწიფო კანცელარიათან, რომელსაც მერამდენე დღეა ხელისუფლება, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტ მარგველაშვილის ფორმალურ მისვლას მოშიმშილეებთან, ნორმალურად არც გამოხმაურებია? 

 

-ჩემი ტკივილი დახლეჩილი და განახევრებული საქართველოა. ასე მგონია, ყველა საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად იბრძვის, მაგიდასთან და ტრიბუნასთან კი ყველა პატრიოტია.... საინტერესოა, თუ ასეთი თავდადებულები ვართ, რატომ ვიკარგებით და ვინავლებით?!  ერთმანეთის ძიძგნასა და ღალატს ვერ შეველიეთ... ერი ვერ გაძღა ერთმანეთის ჭამით... მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრების მიუხედავად, ღმერთს დავშორდით... სოციალურ ქსელში, ხატებით, ჯვრებითა და წმინდა მამათა გამონათქვამებით საკათედრო ტაძრების მოწყობას თავი ვანებოთ და, მთელი მათი ნაკლის მიუხედავად, ადამიანები შევიყვაროთ...

 უსიყვარულობიდან იწყება პრობლემა...

 

- თქვენი აზრით, ტელეკომპანია “რუსთავი 2“  მიკერძოებული და არაობიექტურია თუ, რაც მის თავს ხდება, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ პოლიტიკური გალაშქრებაა?

 

-შეფასების დროს ძალიან სუბიექტურები ვართ. ცხადია, წამყვანმა ტელეკომპანიამ უამრავი შეცდომა დაუშვა, რაც მსმენელს აღიზიანებდა - ის ბუმერანგივით უკან მიუბრუნდა. თუ დღეს მხარში დგომა აკლიათ და მოსახლეობას მოუწოდებენ, არ უნდა გაუკვირდეთ, რომ არავინ მოისწრაფის მათკენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იქ პროფესიონალები მუშაობენ... მათ ბევრი კარგი საქმის კეთება შეუძლიათ... 

 

ორი უკიდურესობა არსებობს, ბალანსი დარღვეულია- ერთ მხარეს მიაჩნია, რომ ტელევიზია უნდა დაიშალოს და განადგურდეს, მეორე კი მიიჩნევს, რომ ისინი არაფერში შემცდარან - თავისთავად, ორივე ცდება... 

 

ჩემი აზრით,  არ უნდა დაიხუროს, მაგრამ ნურც “აწგანსვენებული ხელისუფლების“  მეხოტბეები იქნებიან... ხარვეზების ამოვსება შესაძლებელია, დანახვის შემთხვევაში...

 

                 ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: