მანანა ნაჭყებია: „ქართული ოცნება“ „ნაციონალების“ დანატოვარ სისტემას ებღაუჭება, მაგრამ, ვეჭვობ ამ გზით დარჩნენ უმრავლესობაში!
„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია.
-ქალბატონო მანანა, ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლაში ისევ ამოტივტივდა პრეზიდენტის რეზიდენციის თემა. კატეგორიული იყო ივანიშვილის სიტყვები, „მას სურს თუ არ სურს, ეს ასე უნდა მოხდეს“, ანუ საუბარია მარგველაშვილის ათონელის რეზიდენციაში გადასვლის აუცილებლობაზე. სხვათაშორის, საზოგადოება კიდევ ერთხელ გააღიზიანა ამ თემის ხელახლა ამოტივტივებამ, ვინაიდან საქმე ეხება პრეზიდენტს და სახელმწიფოს უმაღლეს მთავარსარდალს. როგორია თქვენი კომენტარი.
-ბიძინა ივანიშვილი არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობას - ეს კანონმდებლობა კი არ ითვალისწინებს იმას, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებაზე უპირატესი იყოს რაიმე აქტი. დღეს მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს იმას, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით პრეზიდენტის რეზიდენცია არის აბდუშელიშვილის პირველ ნომერში.
თუ ხელისუფლება ეცდება, რომ საკანონმდებლო ომი წამოიწყოს, მან უნდა შეცვალოს საქართველოს კანონმდებლობა ამ მიზნით, უნდა გამოიყენოს საქართველოს პარლამენტი, რაც უკვე იქნება აშკარა მინიშნება რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის წინააღმდეგ როგორიცაა: პრეზიდენტის ინსტიტუტი.
ასე რომ, კატეგორიულობა არაფერს არ ნიშნავს. თუ მოინდომა ბიძინა ივანიშვილმა ეს უხეში მეთოდებით გააკეთოს, ამით ხელისუფლება მხოლოდ წააგებს და ჩვენ, საქართველო, მთლიანად აღმოვჩნდებით, ალბათ, იმ სახელმწიფოების რიგში, სადაც არ არის დემოკრატია და სადაც შესაძლებელია რომ პრეზიდენტი ძალით გამოიყვანო თავის რეზიდენციიდან.
ვფიქრობ, ამას კარგად გააცნობიერებს ივანიშვილი და ხელისუფლებაც არ გახდება ივანიშვილის მძევალი - არც პარლამენტი და არც მთავრობა არ ეცდებიან, რომ რაღაც საკანონმდებლო გზებითა და ხრიკებით მიაღწიონ პრეზიდენტის გამოყვანას რეზიდენციიდან.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს ქვეყანას დღეს არც სჭირდება, ქვეყნის წინაშე ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები დგას, ვიდრე ის, თუ სად იმუშავებს პრეზიდენტი მარგველაშვილი.
-ივანიშვილმა ასევე ორაზროვნად განაცხადა, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის ნეგატიური საქმიანობა ზიანს აყენებს სახელმწიფოს. ამ განცხადებასაც საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოყვა, როგორც არასამთავრობოების, ასევე საზოგადოების გარკვეული წრეების მხრიდან...
თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს: ივანიშვილი ღიად ილაშქრებს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ თუ ცალკეულ მისთვის არასასურველ ენჯოებს სურს გაუსწოროს ანგარიში. თქვენი კომენტარი...
-მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილმა ეს განცხადებები გააკეთა მაშინ, როდესაც საქართველოს სტუმრობდა ძალიან ბევრი დელეგაცია, იგივე ევროსაბჭოდან. მითუმეტეს, საქართველოში იყო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ქალბატონი მოგერინი. და მართლაც თვითონ ბიძინა ივანიშვილის გამოთქმა, რომ ვიხმაროთ, უნდა მოახერხო და სწორედ ამ მნიშვნელოვანი ვიზიტების დროს გააკეთო ისეთი განცხადებები, სადაც პირველი: - დაარტყა მედიას, დაარტყა სასამართლო სისტემას, დაარტყა პრეზიდენტის ინსტიტუტს და შემდეგ დაარტყა არასამთავრო სექტორს. მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია, რომ ერთდროულად დაარტყას ყველა იმ ინსტიტუტს ქვეყანაში, რომელიც არის დემოკრატიის საყრდენი და გარანტი.
ამიტომ, მე ვფიქრობ რომ ასეთი განცხადებებით მან მხოლოდ და მხოლოდ თავისი თავი აზარალა. რა თქმა უნდა, აზარალა ხელისუფლებაც, რომლის სახეც თავად ბიძინა ივანიშვილია.
- ქალბატონო მანანა, როგორ შეაფასებთ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ აჟიოტაჟს? თქვენი აზრით, იკვეთება თუ არა ამ საქმეში ხელისუფლების ინტერესი არჩევნების წინ გააჩუმოს „რუსთავი 2“-ი, რომელიც ნაციონალების უკანასკნელ ბასტიონად დარჩა?
- რა თქმა უნდა „რუსთავი 2“-ის საქმის უკან ნათლად იკვეთება ხელისუფლების მცდელობა, რომ გააკონტროლოს მედია და პირველ რიგში თავიდან მოიცილოს მისთვის ასეთი „აბეზარი“ „რუსთავი 2“-ი.
მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა „ნაციონალური მოძრაობის“, და უნდა ვაღიაროთ, მისი იდეოლოგიური არხის „რუსთავი 2“-ის მიმართ, ვიტყვი, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში აბსოლუტურად დაუშვებელია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლა. არადა, ეს ბუნებრივია ასე აღიქმება.
მე ყველა სასამართლო პროცესს დავესწარი, რომელიც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ გაიმართა და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აქ გამჭვირვალედ ჩანდა, რომ სასამართლო იმართებოდა ხელისუფლების მხრიდან.
ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ხელისუფლებამ მოახერხა და დემოკრატიის ორივე საყრდენს დაარტყა მართლმსაჯულებასაც და დემოკრატიასაც, სწორედ ეს იგულისხმება. შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა და განსაკუთრებით დღეს, მოსამართლე ურთმელიძეს გადაწყვეტილებამ და ამ სამართლებრივმა ვაკხანალიამ, რომელიც შეიქმნა ამ საქმეში კიდევ ერთხელ დაუსვა ბეჭედი, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი მცდელობა აღიქმება, როგორც, ხელისუფლების მცდელობა გააკონტროლოს მედიასაშუალებები და ზეწოლა მოახდინოს მათზე. ეს რა თქმა უნდა, ცუდია, ეს უპირველესად ვნებს ხელისუფლების იმიჯს და საბოლოო ჯამში ვნებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც.
-„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი და მისი მხარდამჭერები არჩევნების გაყალბების მოტივით რამდენიმე დღეა შიმშილობენ, გარდა გაყალბების მიმართ გამოხატული პროტესტისა, ისინი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნას აყენებენ. როგორია თქვენი კომენტარი...
-ჩვენ, „ახალი მემერჯვენეები“ მივედით მოშიმშილეებთან და მათ ადამიანური თანაგრძნობა გამოვუხატეთ, იმიტომ, რომ, ვინ ვინ და „ახალმა მემარჯვენეებმა“ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც იწყებ შიმშილობას, როგორი უკიდურესი ნაბიჯია ეს და წმინდა ადამიანური თანაგრძნობის გამო მოვინახულეთ და დავპირდით ჩვენს მორალურ მხარდაჭერას.
ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს რატომღაც ეს არ ეპიტნავათ და წამოვიდა თავდასხმა „ახალ მემარჯვენეებზე“. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცას ნამდვილად არ მოსწონს: პირველი - პოლიტიკური პარტიების მორალური თანადგომა ერთმანეთის მიმართ, მეორე - როდესაც იკვეთება, რომ თუნდაც გუშინ და გუშინწინ ხელისუფლების მიმართ ლოიალური „პატრიოტთა ალიანსიც“, როგორც აღმოჩნდა დღეს, იგივე აზრზეა, როგორც სხვა პარტიები.
ეს რა თქმ, უნდა არ მოსწონს ხელისუფლებას, თუმცა, მიუხედავად იმისა, მოსწონთ მათ ეს თუ არ მოსწონთ, აღმოჩნდა ასეთი სიტუაცია, რომ საქართველოში აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია რომელიც დღეს ოპოზიციაშია, გამონაკლისების გარეშე ითხოვს საარჩევნო სისტემის და საარჩევნო გარემოს შეცვლას.
ერთადერთი ვინც იჩემებს, რომ ამ სისტემას და გარემოს ცვლილება არ სჭირდება, ან 2020 წლამდე მოიცდის ეს ცვლილებები - არის ხელისუფლება .
პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლება მარტოა დარჩენილი და ყველა პოლიტიკური ძალები, მედია საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები საქართველოს აუცილებლად სჭირდება სწორედ 2016 წლის არჩევნების წინ.
ამიტომ ხელისუფლების პოზიცია ცხადია ისევ ხელისუფლების წისქვილზე არ ასხამს წყალს, პირიქით, ვნებს მათ იმიჯს - მითუმეტეს ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც აცხადებდა, რომ მაჟორიტარები ჩამოყალიბდნენ წურბელებად, ფეოდალებად, ცდილობენ ყველაფერში ჩაყონ ცხვირი თავიანთ რაიონებში და ფაქტიურად იქცნენ მათ დეფაქტო მმართველებად და ა.შ.
დიახ,ეს იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება , რომ ისინი შეცვლიდნენ საარჩევნო სისტემას - დღეს კი ისინი ამ სისტემას ებღაუჭებიან. იმიტომ, რომ ეს მათთვის ერთადერთი შანსია მომავალი 2016 წლის არჩევნებით შეინარჩუნონ, ძალაუფლება და დარჩნენ უმრავლესობაში. მეეჭვება, რომ მათ ეს გამოუვიდეთ!
-როგორც საინფორმაციო საშუალებით გახდა ცნობილი, პაატა ბურჭულაძე ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას აპირებს, რომელშიც ქართველი ბიზნესმენების გარკვეული ჯგუფიც გაერთიანდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ბიზნესმენების პოლიტიკაში ჩართვა. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა საქართველოს ამ თვალსაზრისით ნეგატიური მაგალითი აქვს. თუმცა, ამჯერად დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ. არსებობს ინფორმაცია, რომ ახალი პარტიის სახე იქნებიან ვანო მაჭავარიანი, რომელაც თავის დროზე პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა და ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.
რა წინასწარი პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ მომავალ პარტიასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა ეს ის ახალი ძალა, რომელსაც ამ ბოლო ხანებში აანონსებენ?
-მე ერთმნიშვმელოვნად შემიძლია ვთქვა:ყველას აქვს პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლება, ამასთან, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი და იმოქმედოს პოლიტიკური პარტიის სახელით... თქვენ ხათუნა ლაგაზიძეს ახსენებთ, მინდა გითხრათ, მან უარყო, რომ ის ამ პოლიტიკურ ძალაში შედის.
რაც შეეხება ბიზნესმენების მონაწილეობას, მე არ ვთვლი, რომ ეს არის რაღაცა სერიოზული პრობლემა. ცხადია, მათ აქვთ უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, დააფინანსონ მათთვის სასურველი პარტიები... ეს არის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა.
ჯერ რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან მწირი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა, მოლოდინი იმისა, რომ იქნება თუ არა ეს ის ახალი ძალა, რომელზეც ხშირად საუბრობენ საზოგადოებაში, ძნელი სათქმელია. მიმაჩნია, დღეს სამწუხაროდ არ არის პოლიტიკურ სპექტრში ის ძალა, რომელიც თითქმის თვითკმარი იქნება იმისთვის, რომ სერიოზული და ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას’. თუმცა, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ძალების კონსოლიდირების შემთხვევაში ეს სავსებით მიღწევადი ამოცანაა.
მე არ მინდა არაფრის პროგნოზირება და წინასწარმეტყველება, თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი კონსოლიდაცია აუცილებლად მოხდება და 2016 წლის არჩევნები არ იქნება ისეთი მარტივი ქართული ოცნებისთვის, როგორც მათ ეს წარმოუდგენიათ!
ესაუბრა კარინა გრიგორიანი