რას ითხოვს "ნაციონალური მოძრაობა"?

რას ითხოვს "ნაციონალური მოძრაობა"?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლისა და სიძულვილის ენის შეწყვეტის, ასევე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისადმი სოლიდარობის აქციის დროს დაკავებული პირებისათვის აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის თაობაზე" პარლამენტს რეზოლუციის მიღებას სთხოვს. აღნიშნული საკითხის ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანის უზრუნველყოფის თხოვნით "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს მიმართა. 

 

რეზოლუციის პროექტის ავტორები საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები" და "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები" არიან, რომლებიც საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, რეზოლუციის პროექტის დაჩქარებულად განხილვას მოითხვს.

 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რეზოლუციის პროექტი უკვე გამოაქვეყნეს. "ინტერპრესნიუსი" მას უცვლელად გთავაზობთ: 

"მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მხარდამჭერთა აქცია. აქციის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა ინციდენტს აქციის მონაწილეებისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით ლორთქიფანიძის მონაწილეობით, რის გამოც დაკავებულ იქნენ "რუსთავი 2"-ს მიმართ სოლიდარობის აქციის მონაწილეები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია.

 

საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით და მოითხოვა სასამართლოსგან მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 ოქტომბერს დააკმაყოფილა, ხოლო 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ დატოვა ძალაში.

 

საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობას და შეურაცხმყოფელ ქმედებებს ნებისმიერი პირის მიმართ.

 

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავთა რეაგირება ამგვარ ფაქტებზე არ უნდა მოხდეს შერჩევითად და ანალოგიური უნდა იყოს იდენტურ შემთხვევებში. სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ბევრად უფრო მძიმე დარღვევები განხორციელდა პარლამენტის წევრთა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და პოლიციის თანამშრომელთა მიმართ, რასაც რიგ შემთხვევებში მოჰყვა დამნაშავეთა მიმართ მცირე ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება.

 

საქართველოს პროკურატურის ამგვარი პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იყენებს წინასწარი პატიმრობის ზომას პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებისათვის, რაც აღინიშნა კიდეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელ რეზოლუციაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე: 

 

- მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, ყურად იღონ ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა, შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლის პრაქტიკის გამოყენება, ასევე უარი თქვან ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობის წახალისებაზე, რის მაგალითებიც მრავლად მოიძებნება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრთა გამოსვლებში;

 

- მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, იმოქმედოს უკანასკნელ ხანს ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმების ანალოგიურად და შუამდგომლობით შევიდეს სასამართლოში აქციის მონაწილეთა მიმართ მიღებული აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნით", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ რეზოლუციაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: