კახა მიქაია: პოლიტიკური ექსტრემიზმის ნიშნები დღესაც სახეზეა!
„ივერიონის“ პრესკლუბში, ზუგდიდის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილმა, კახა მიქაიამ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე, მიქაიამ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებებს, რის გამოც მას დაატოვებინეს თანამდებობა.
მიქაიას განცხადებით, ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალა იმ გაგებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლებაში და ეს მთავარია, თუმცა, როგორც ის აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე ვერ ამოწურა ის პრობლემები, რა პრობლემებშიც იდგა საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.
„ყველაზე მთავარი და კარგი რაც გაკეთდა ქვეყანაში არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარაა ხელისუფლების სათავეში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება კმაყოფილია საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური რეალობით. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ექსტრემიზმი, რომელიც მთავარი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს უნდა დასრულდეს, რადგან ამის დრო არ არის არც საქართველოში და არც სხვაგნ. სამწუხაროა, მაგრამ პოლიტიკური ექსტრემიზმის ნიშნები დღეს ისევ შეინიშნება“- განაცხადა კახა მიქაიამ.
ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრი, ასევე „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებსაც განიხილავს. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ „რუსთავი 2“-ი არის სიტყვის თავისუფლების გარანტი და სიმბოლო - არის არასწორი. ის ასევე ამ ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესების მაშტაბური ხასიათის მიღებაში ხელისუფლებასაც ადანაშაულებს:
„ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2“-ს, როგორც „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ მანქანას, შეუძლია არსებობა იმ ფორმით, როგორითაც დღეს არსებობს, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ ჩვენ მას ხელი არ უნდა ვახლოთ, უნდა დავიცვათ თორემ საქართველოში ყველაფერი დამთავრდება და რომ მასზე გადის ზღვარი თავისუფლებასა და დიქტატურას შორის, საუბარი ამაზე ყოვლად დაუშვებელია. მინდა ვთქვა, რომ ამ პროცესში თავად ხელისუფლების ბრალეულობაც გამოჩნდა, რადგან გაექცა ჩარჩოები, მან ვერ მოახერხა ეს პროცესი ჩატარებულიყო სამართლებრივ ნორმებში“- აღნიშნა მიქაიამ.
კახა მიქაია ასევე აცხადებს, რომ ის გარემოება, რომელშიც მას დაატოვებინეს ზუგიდის საკრებულო და მოუხსნეს უფლებამოსილება, განპირობებული იყო ახალაიების შურისძიებით, რომლებმაც ეს „ოცნების“ სახელით გააკეთეს.
კარინა გრიგორიანი