დავით უსუფაშვილი: მე არსად არ გავპარულვარ!
ავსტრიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა:
„მსიამოვნებს თქვენი ასეთი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ წინასწარ გსურთ, იცოდეთ, სად მივდივარ, როგორ მივდივარ. მე, სამწუხაროდ, ისეთი სამუშაო მაქვს, რომ ასე ჩუმად ვერაფერს ვერ ვაკეთებ და არ გავაკეთებ. უბრალოდ, არის შემთხვევები, როდესაც სამუშაო მოითხოვს ზოგჯერ სწრაფ გადაწყვეტილებებს, მე ამის თაობაზე ვესაუბრე თქვენს კოლეგებს იქვე, ანუ არსად არ დავმალულვარ - ეს იყო მივლინება პარლამენტიდან, საქართველოს საელჩო ვაშინგტონში აგვარებდა გარკვეულ შეხვედრებს, ვიყავი საჯარო ღონისძიებებზე, მედიასთანაც. ასე რომ, რაიმე დასამალი აქ არაფერი ყოფილა, მაგრამ მომიწია მარტო გამგზავრება, დელეგაციის გარეშე, იმიტომ, რომ ეს არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტი, ეს იყო სამუშაო ვიზიტი.
ამ დღეებში, მოგეხსენებათ, იქ იმართებოდა საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეგიდით რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. იქ, იმ დღეებში, იყვნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მგონი რვა თუ ცხრა სამინისტრო იყო წარმოდგენილი პირველი მოადგილეების და მოადგილეების დონეზე. მათი სამუშაო შეხვედრების დაწყებამდე მე მქონდა შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან იმ თემებზეც, რაზეც სამუშაო ჯგუფებშიც იყო საუბარი, სხვა თემებზეც. ძირითადი მიზანი იყო რეგიონული უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა და ამ საკითხებში ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკელ კოლეგებთან იმ მოვლენების ფონზე, რაც ვითარდება ჩვენს რეგიონში.
ჩვენ ზოგჯერ არასაკმარის ყურადღებას ვუთმობთ იმას, თუ რა ხდება ჩვენგან სამხრეთით ან ჩვენგან აღმოსავლეთით, ჩვენი ყურადღება ხშირად კონცენტრირებულია უფრო იმაზე, თუ რა ხდება უშუალოდ საქართველოში და ეს სწორია, რა ხდება უკრაინაში და ეს სწორია, მაგრამ ბოლო ხანებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება ჩვენგან სამხრეთით, სირიაში და ჩვენ უნდა ვიყოთ მჭიდრო კონტაქტში ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.