ვის გაეზრდება ხელფასები?
საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,ხელფასები მხოლოდ ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პედაგოგებსა და ექიმებს გაეზარდათ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ინფორმაცია, რომ მთავრობამ გაიზარდა თავისთვის ხელფასები, არის სრული სიცრუე და მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა.
"ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, ამ დროს კი პრაქტიკულად არაფერი არაა. არის ჯარისკაცების ხელფასები გაზრდილი 113 მილიონი ლარით, პოლიციელების 106 მილიონი ლარით. ასევე გაზრდილია მასწავლებლების და ექიმების ხელფასები... ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა თავისთვის ხელფასები, არის სრული სიცრუე. მე მგონი, უნდა ეყოთ ნამუსი, რომ ამ თემით სპეკულაცია დაასრულონ. მოსახლეობა შეყავთ მიზანმიმართულად შეცდომაში", - აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა "სპეკულაცია" უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დანამატებსა და პრემიებზე გაცემული თანხების ოდენობა, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. მისივე თქმით, არც ერთი მინისტრი პრემიას არ იღებს.
"ორი დღეა, ვაკვირდები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დამატებით პრემიები და დანამატები გაიცა სამინისტროებში. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ და შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ გთხოვთ, კიდევ ერთხელ აუხსნათ მოსახლეობას, რა დანამატებსა და პრემიებზეა საუბარი, რადგან არის ისეთი განცდა, თითქოს მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები იღებენ პრემიას. არც ერთი მინისტრი არ იღებს პრემიას. მინისტრის ხელფასი არის 5 ათასი ლარი, ეს ყველაფერი არის საჯარო და არაფერი დაფარული ამაში არ არის. რატომ ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის გამოთხოვა მედიასაშუალების მხრიდან? - თუ არის მოთხოვნა, გთხოვთ ნებისმიერი ინფორმაცია მისცეთ", - მიმართა პრემიერმა ფინანსთა მინისტრს.