რისკენ მოუწოდებენ „ახალი მემარჯვენეები“ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს?

რისკენ  მოუწოდებენ „ახალი მემარჯვენეები“  ქართულ პოლიტიკურ სპექტრს?


„ახალი მემარჯვენეები“  საქართველოში მოქმედ ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის  ერთობლივი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული განცხადება „ახალი მემარჯვენეების“ სახელით პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა მამანა ნაჭყებიამ გააკეთა.


„ჩვენი საზოგადოება მოწმე  გახდა მმართველ კოალიციასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის კიდევ ერთი  ურთიერთბრალდებებისა, ამჯერად ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის  პროცესთან დაკავშირებით. „ახალი მემარჯვენეები“ ვგმობთ ნებისმიერი მხარის  მიერ  ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელის შეშლას და პროვოკაციებს  ამ   თემასთან მიმართებაში.  ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი  მომავლისთვის,  ჩვენი  მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ  დასკვნა, რომელსაც ველოდებით ევროკომისიისგან ამ საკითხთან დაკავშირებთ იყოს დადებითი და საქართველომ მოიპოვოს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება. ამიტომ, ამ სიტუაციაში,  აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია მსგავსი ურთიერთბრალდებები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს  ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნაჭყებიამ.


ნაჭყებიას განცხადებით, "ახალი მემარჯვენეები" გამოდიან ინიციატივით, რომ  ამ პროცესისადმი მხარდაჭერა ერთობლივად დაადასტურონ საქართველოში მოქმედმა ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა, ვისაც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად მიაჩნია.


„მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს დაუყოვნებლივ  დავიწყოთ კონსულტაციები, რათა მომზადდეს ერთობლივი მიმართვის ტექსტი, რომელშიც დავაფიქსირებთ  ჩვენს   მტკიცე ნებას და მზადყოფნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამ ერთობლივი განცხადებით  უახლოეს დღეებში მივმართავთ ევროკომისიას,  ევროკავშირის   წევრ სახელმწიფოებს და ეს იქნება ჩვენი, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის გამოხატულებაც და გარკვეული გარანტიებიც ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მზად არის ამ გადაწყვეტილებისათვის.
მიუხედავად   ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიებს შორის დაპირისპირების და ერთმანეთის  მიმართ   კრიტიკული განწყობებისა, მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ ძალას,  რომელიც აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ამ პროცესში, იხელმძღვანელოს  სახელმწიფო ინტერესებით და შეუერთდეს ერთობლივ მიმართვას“, - აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: