საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადაში ვიზიტი დაასრულა

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადაში ვიზიტი დაასრულა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჰალიფაქსის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 

 

თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა კონფერენციის პლენარულ სესიაზე - „ითანამშრომლე, შეაკავე ან დაიპყარი - 70 წლის შემდეგ პრიორიტეტების განსაზღვრის სტრატეგია“. სესია II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ბოლო 70 წლის განმავლობაში მსოფლიო წესრიგის წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. 

 

თინათინ ხიდაშელმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილ ვითარებაზე. მან ასევე  განიხილა, თუ რამდენად მზად აღმოჩნდა დასავლეთი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ბერლინის კედლის დანგრევის შედეგად გამოწვეული გამოწვევებისთვის და რამდენადაა  მზად იმ საფრთხეებთან საბრძოლველად, რომელიც მომავალი წლების შემდეგ დადგება.

 

ღონისძიების გახსნამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვედრები ჰქონდა  კონფერენციაში მონაწილე თავდაცვის მინისტრებთან.

 

მრავალმხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც ნიდერლანდების სამეფოს, ლიტვის, ალბანეთის, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის თავდაცვის მინისტრები და პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო რუსეთის პოლიტიკა.

 

ჰალიფაქსის კონფერენციის ფარგლეში თინათინ ხიდაშელი შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს რობერტ უორკს, კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰარჯიტ საჯანს, ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრს ჯანინ ჰენის-პლასჩერტს, ალბანეთის თავდაცვის მინისტრს მიმი კოდელს, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის თავდაცვის მინისტრს ზორან იოლევკსს და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრს მილიცა პეიანოვიჩ-დურიშიჩს. შეხვედრების ძირითადი თემა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე ისაუბრეს.

 

ყურადღება გამახვილდა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების განხორციელებაში ჰოლანდიის წვლილზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

 

ჰალიფაქსის საერთაშორისო ფორუმი ყოველწლიურად თავს უყრის უსაფრთხოების სფეროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ანალიტიკოსებსა და მკვლევარებს. კონფერენციაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს 60-ზე მეტი ქვეყნის 300 წარმომადგენელი განიხილავს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: