პაატა ბურჭულაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს
„საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი, პაატა ბურჭულაძე რუსულ ოკუპაციაზე საკუთარ განცხადებას განმარტავს.
”მეგობრებო, ჩემმა განმარტებამ რუსული ოკუპაციის პრობლემაზე, გარკვეულ წრეებში არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია.
საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, ყოველი ახალი ხელისუფლების პირობებში, რუსეთი საქართველოს სულ უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენდა. მე არა საქართველოს ან ქართველი ხალხის ბრალეულობაზე, არამედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მოსკოვისადმი ზედმეტი ნდობისა და კრემლის ინტერესებისადმი მიამიტურ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და ასობით ათასი დევნილი ვერ უბრუნდება საკუთარ სახლ-კარს. სწორედ იმისთვის დაარსდა საქართველოს განვითარების ფონდი, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მოინახოს ეფექტური მექანიზმი ოკუპაციისა თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად.
მიმაჩნია რომ ეს ის საკითხია, რომელზეც სპეკულაცია დაუშვებელია და ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ საქართველოს სრული დეოკუპაციის მისაღწევად. დეკემბერში გელოდებით ფონდის პრეზენტაციაზე. გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს”, - ამბობს ბურჭულაძე.