სად ხართ, ქართველო დიპლომატებო?
23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, საქართველოში, კერძოდ, სამაჩაბლოში, ქართული სოფლის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიიდან, რუსმა „მართლმადიდებელმა“ სამხედროებმა, ლოცვის პროცესში მყოფი ქართველი მრევლი (მამაკაცები) მძევლად აიყვანეს!
ეს გაგრძელდება უსასრულოდ, ვიდრე საქართველოში არ ამოქმედდება ნამდვილი დიპლომატიური ძალა და არა „კომსომოლიდან“ მოსული ბაბუები „იდიპლომატებე“ დილეტანტების დონეზე!
რა ვქნათ, დავცხოთ რუსებს?
„ხელი ხმალს ვიკრათ“?
არ გამოვა! იმათ იმდენი ტანკები და თვითმფრინავები აქვთ, რამდენი „შურუპიც“ გაყიდულა ელიავას ბაზრობის არსებობის მანძილზე! „იმათი“ ამერიკასაც კი ეშინია და ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევს - გადახედეთ „ნიუსებს“ და დარწმუნდებით!.. თუმცა, არც ერთია საქართველოს მოკეთე და არც მეორე. განსხვავება ამ ორ ძალას შორის მხოლოდ „გეოგრაფიაშია„! ამერიკის კონტინენტებს, საშუალოდ, 9 საათი გვაშორებს, პუტინი კი აქ ყურის ძირში გვიზის, თითქმის თბილისში და სამაჩაბლო საშუალო, ახლო და შორი მოქმედების რაკეტების ბაზად გადააქცია და სარაკეტო არტილერიის დივიზიონებით გაავსო!.. აფხაზეთიც, სხვათაშორის!
რუსეთიც და ამერიკაც იმდენად დიდი და უძლეველი „ტირანოზავრები“ არიან, მათთან „კუნთების თამაში“ ძალიან სასაცილო და დიდი გულუბრყვილობაა! მხოლოდ დიპლომატიით თუ დავიცავთ თავს და გადავარჩენთ 21-ე საუკუნემდე მოტანილ საქართველოს!
სად ხართ ქართველო დიპლომატებო? ან ხართ კია საერთოდ?
Вы думаете запад нам поможет?
ნოე ჟორდანიასაც ასე ეგონა! ნამეტნავად სწამდა „ზაპადის“ (ანტანტის ფლოტილია 5 წელი იდგა ბათუმში), მაგრამ ანექსირებული სახელმწიფოს ლტოლვილი მეთაური გემზეც კი არ აუშვეს და ბათუმის პორტიდან აორთქლდა ანტანტა! ჟორდანიამ და ხელისუფლების ნარჩენებმა თურქული გემი დაიქირავეს და ისე გააღწიეს სამშვიდობოს!
ისტორია მეორდება, ბატონებო! ამერიკამ და ევროპამ მერამდენეჯერ გაგვწირა! თანაც „დე ჟა ვიუს“ ფორმატში! ჩვენ კი ტოლერენტობით ვამაყობთ, საღამოობით კი რესტორნები და სახინკლეები სავსეა „ყარაჩოღელებით“...
თამაზ ჭეიშვილი