სოსო მანჯავიძე: მხოლოდ სქესობრივი ნიშნით ქალის დეპუტატად არჩევა ისევ ქალების შეურაცხყოფაა!
„ივერიონს“ კანონპროექტში გენდერული ბალანსის დაცვაზე ცვლილებების შეტანის თაობაზე, თბილისის საკრებულოს წევრი, სოსო მანჯავიძე ესაუბრა.
-ბატონო სოსო, ყურადღება მიიპყრო თქვენმა ფეისბუქ-სტატუსმა, რომელიც პარლამენტარების ნანა ყეინიშვილისა და თემურ ჭკუასელის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხება. რამდენადაც ვიცით, კანონპროექტში საუბარია გენდერული ბალანსის დაცვაზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ პროპორციულ საარჩევნო სიებში ყოველი მესამე უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ანუ - ქალი.
თქვენის აზრით, რამდენად ხელოვნურადაა შემოგდებული ეს კანონპროექტი და რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მას? ვინ შეიძლება იდგეს ამ ინიციატივის მიღმა და კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ქართული საკანონმდებლო ორგანო?
-პირდაპირ ვიტყვი: ეს კანონპროექტი აბსურდული და აბსოლუტურად მიუღებელია. პარლამენტი, ეს არის კანონშემოქმედებითი ორგანო. დეპუტატებს უნდა ვირჩევდეთ მკაცრი პარამეტრებით - ძირითადი პარამეტრი კი უნდა იყოს მისი კომპეტენცია. ეს ყველაფერი მოდის ვითომ ქალთა უფლებების დაცვის ლოზუნგით, სინამდვილეში კი პირიქითაა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კვოტირება გენდერული ნიშნების მიხედვით პირდაპირი შეურაცხყოფაა!
რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს არჩევა, მხოლოდ იმითი, რომ - ქალია? - ეს სრული აბსურდია და სწორედ ესაა ქალთა უფლებების დარღვევა!
ეს აბსურდული კანონპროექტი ინსპირირებულია იმ ბოლომდე გაშიფრული ლიბერალური არასამთავროების მიერ, რომელთა ინსპირაციას ასე ბრმად ემორჩილებიან საქართველოს პარლამენტის წევრები. ეს ძალზედ სამწუხაროა...
მეეჭვება ამას რაიმე კეთილშობილური მიზანი ჰქონდეს. პირდაპირ გეტყვით - ეს არის გაუაზრებლობის, კრიტიკული აზროვნების ნაკლებობის და საერთოდ, ლიბერალური იდეოლოგიის ბრმად „გადმოკოპირების“ შედეგი.
რა შუაშია საკანონმდებლო ორგანოში გენდერული კვოტა? არ მესმის, ამაზე დიდი საფრთხე რა უნდა იყოს. რა გამოდის? კომპეტენციის მიხედვით კი არ ავირჩევთ ადამიანებს, არამედ იმის მიხედვით, რომ არსებობს რაღაც კვოტა სქესობრივი ნიშნით, - რაც სრული სისულელეა!
ვისურვებდი, რომ ასეთი სისულელეები საჯარო სივრცეში ნაკლებად ყოფილიყოს შემოტანილი.
-საკუთარ სტატუსში თქვენ იყენებთ საკმაოდ ხატოვან ფორმულირებას - „გენდერ-დეპუტატი“. იქნებ გაშიფროთ ამ სიტყვების სრული მნიშვნელობა...
-„გენდერ-დეპუტატი“ - ანუ დეპუტატი, რომელიც შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ იმიტომ, რომ კანონის მიხედვით უნდა შეივსოს კვოტა. ანუ, დეპუტატი, რომელიც თავისი მოწოდებით არაა პარლამენტარი, მაგრამ არის იმ კვოტის შესავსებად.
ისედაც ვიცით, რომ ჩვენი დეპუტატები არ ბრწყინავენ კანონშემოქმედებითი უნარებით, ახლა კი კიდევ ახალ დამატებით „სიამტკბილობას“ ვიღებთ, იმისათვის, რომ მომავალი პარლამენტი იყოს არაკომპეტენტური.
ესაუბრა კარინა გრიგორიანი