იოჰანეს ჰანი: მჯერა, რომ პოლიტიკური სიტუაცია ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გავლენას არ იქონიებს
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანიმ განაცხადა, რომ ის იმედოვნებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიტიური შედეგი ექნება.
"ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ვაფასებთ, არის თუ არა ქვეყანა მზად მის მისაღებად. ჩვენ არ ვარჩევთ, დიდია ეს ქვეყანა, თუ პატარა, ტერიტორიულად ახლოს არის ევროკავშირთან თუ არა. მინდა, ვთქვა, რომ საქართველო კარგად მოქმედებს. რა თქმა უნდა, არ შემიძლია, ვიწინასწარმეტყველო ვიზალიბერალიზაციის იმ ანგარიშის შესახებ, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, მაგრამ მჯერა, რომ პოზიტიური შედეგი იქნება. ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. უნდა გავიგოთ, რომ ამას დრო სჭირდება", - ამბობს იოჰანეს ჰანი.
ევროკომისარი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური სიტუაცია ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გავლენას არ იქონიებს.
"მნიშვნელოვანია, როგორია მართლმსაჯულების სისტემა, მედიის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება - მოკლედ, ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია ევროპელობის გარანტიისთვის. ამ კუთხით პოზიტიურ განვითარებას ვხედავ. ასევე მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და პრეზიდენტს პირადად მადლობა გადავუხადო იმ ჩართულობისთვის, როდესაც ის ცდილობდა სიტუაციის დასტაბილურებას და დამშვიდებას. იზრუნა, რათა დარწმუნებულიყო, რომ კანონის უზენაესობის პრინციპებსა და სტანდარტებს პატივს სცემენ. ეს არის ქვეყნისთვის საუკეთესო გარანტია, რომ დავაფასოთ და დავინახოთ ქვეყანა, როგორც ევროკავშირის თანასწორი პარტნიორი", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა და დასძინა, რომ ევროკავშირისთვის მეზობელი ქვეყნების სტაბილურობა ყველაზე დიდი პრიორიტეტია.