ვახტანგ ძაბირაძე: რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბულობა, დანარჩენ მსოფლიოსაც არ უნდა აწყობდეს!

ვახტანგ ძაბირაძე: რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბულობა, დანარჩენ მსოფლიოსაც არ უნდა აწყობდეს!

„ივერიონს“ რუსეთ-თურქეთს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე , ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.


-ბატონო ვახტანგ, არ შეიძლება მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ საქართველო გულგრილი იყოს. განსაკუთრებით, დაძაბული ვითარებაა რუსეთ-თურქეთს შორის, რომლის ესკალაციასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბოდიშიც კი მოუხადა რუსეთს და დაინტერესებულია პარიზში დაგეგმილ დღევანდელ სამიტზე პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.


თქვენის აზრით, ამ ყველაფრის შემდეგ, ერდოღანის სურვილი იქნება, თუ არა, საკმარისი რეგიონში სიტუაციის განსამუხტავად?


-დღეს არსებული დაძაბული სიტუაცია რუსეთ-თურქეთს შორის, არამგონია, თვითონ რუსეთისთვისაც იყოს მისაღები. ეს, არც დანარჩენ მსოფლიოს უნდა აწყობდეს!  შესაბამისად, ყველა ცდილობს მოიძებნოს გამოსავალი...


ერდოღანის მხრიდან ბოდიშის მოხდაც და პარიზში შეხვედრის სურვილიც, სიტუაციის დასარეგულირებლად წინგადადგმული ნაბიჯია. თუ ეს შეხვედრა შედგება, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ რუსეთმა მიიღო ბოდიში თურქეთის პრეზიდენტისგან. ცხადია, შეხვედრის შემდგომ რუსეთ-თურქეთს შორის კონფლიქტამდელი სიტუაცია ვერ აღდგება, მაგრამ უპირველესი შედეგი ისაა, რომ აღარ მოხდება კონფლიქტის ესკალაცია!


ვფიქრობ, შეხვედრის შემდგომ, ნელ-ნელა დაიწყება სიტუაციის დარეგულირება, მაგრამ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, მეეჭვება მანამდე არსებული სტატუს კვო აღდგეს!


-რა პოზიცია უნდა დაიკავოს დღევანდელ სიტუაციაში საქართველომ?


თქვენის აზრით, არის, თუ არა, დღევანდელი ხელისუფლება მზად ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად და რამდენად მომგებიან, ან წამგებიან სიტუაციაში აყენებს ჩვენს ქვეყანას  რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობა?


-ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ  საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმვჩნდით.  ეს დაძაბულობა ეკონომიკურ-პოლიტიკური და უსაფრთხოების ზრდის თვალსაზრისითაც  პირდაპირპროპორციულია საქართველოში არსებულ ვითარებასთან. ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და იყოს ფრთხილი და ზედმეტად მოზომილი.  უნდა გააქტიურდეს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ყველა შესაძლო ვარიანტი. ასევე, უნდა მოიძებნოს რუსეთთან კულუარული დიპლომატიისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებები. საქართველომ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს - ჩვენ არ ვართ და ვერც ვიქნებით წამყვანი ამ კონფლიქტში, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, არსებულმა დაძაბულობამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე.


არსებული სიტუაცია, სრული მასშტაბით ვერ იქნება საქართველოსთვის მომგებიანი. შესაძლოა, რუსეთის მხრიდან თურქულ პროდუქციაზე  ემბარგოს დაწესებამ, რაღაც ეკონომიკური შედეგი მოგვცეს, რაც ჩემი აზრით, არც თუ ისეთი მნიშვნელოვანი წინსვლაა, რომ ეს დავდოთ საპირწონე წინსვლად იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც ამ კონფლიქტმა გააჩინა.


ცხადია, ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ეს, და ბუნებრივი პროცესიცაა, არსებული სიტუაცია გამოიყენოს ქვეყნის სასარგებლოდ,  მაგრამ ამაზე საუბარი და პოლიტიკის აგება, იგივე ეკონომიკური თვალსაზრისით, არასწორია!


                 ესაუბრა კარინა გრიგორიანი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: