შსს-მ გიორგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი (გეგა) ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელიც ჟურნალისტებს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა გააცნო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ",ენ სი სი"-ს გენერალური დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე საწარმოს ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე, რომლებმაც სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების მიზნით, ერთ-ერთ ფიზიკურ პირს კონტრაქტის გარეშე ჩაურიცხეს 6 309 885 ლარი, საიდანაც აღნიშნულმა პირმა 3 032 091 ლარი ნაღდი ფული უკან დაუბრუნა გიორგი ქელბაქიანს და არჩილ ჩოგოვაძეს.
გარდა ამისა, ამავე პირების მიმართ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება რიყეზე მდებარე "ბუდა-ბარის" საკუთრების კანონიერების შესახებ, აგრეთვე თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით.
დაკავებულ პირებს კანონით დადგენილ ვადებში წარედგინებათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით.
აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - აღნიშნულია განცხადებაში.