შემცირდება თუ არა საჯარო მოხელეების პრემიების ოდენობა?
“სამინისტროებში დანამატების სისტემა მთლიანად ვერ მოიშლება, რადგანაც სახელმწიფო საჯარო მოხელეებზე დგას” - აღნიშნული განცხადება, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გაკეთა.
მინისტრის განმარტებით, პრემიერის ინიციატივით საჯარო დაწესებულებებში პრემიების სისტემა გადაიხედა. შესაბამისად, პრემია არცერთ სამინისტროში არ გაიცემა, თუ პრემიერის მიერ გამოცემულ აქტთან არ არის შესაბამისობაში.
წულუკიანის თქმით, პრემიების ოდენობა და რიცხვიც შემცირდა. შესაბამისად, საჯარო მოხელეები პრემიას მხოლოდ კვარტალში ერთხელ იღებენ.
„ჩვენ პრემიერის მიერ გამოცემულ აქტს ყველანი ვემორჩილებით. ამიტომაც, შემცირდა პრემიების ოდენობაც, რიცხვიც და მხოლოდ კვარტალში ერთხელ შეიძლება მისცე საჯარო მოხელეებს პრემია. დანამატების სისტემა მთლიანად ჩვენს სამინისტროებში ვერ მოიშლება, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სახელმწიფო საჯარო მოხელეებზე დგას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.