ნუ ენდობით ფულის „ტომრებს“!

ნუ ენდობით ფულის „ტომრებს“!

კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც 5 წელია ცხოვრობს თურმე საქართველოში და საქართველოს მოქალაქეობაც მიუღია, მომავალ არჩევნებში სასწაულებს გვპირდება!

 

იმის გამო, რომ საქართველო „ძალიან ღარიბი ქვეყანაა“, ჩვენს თანამოქალაქეს გული ძალიან აჩუყებია, მარტო ქველმოქმედებით არ დაკმაყოფილებულა და პოლიტიკური პარტიაც შეუქმნია - „ბედნიერი საქართველო“.

 

არ ვიცი, როგორ აპირებს ბატონი ლეონიდი საქართველოს გაბედნიერებას, მაგრამ, საკმაოდ მომხიბვლელ და ამბიციურ დაპირებას კი იძლევა!

 

მართალია, საქართველოში დაპირებები არავის უკვირს, მაგრამ უკრაინელი კაცისგან ასეთ „თავგანწირვა“ საეჭვოდ გამოიყურება: ესაო, ისაო, პენსიას 400-500 ლარამდე გავზრდიო, ინვესტიციებს შემოვიტანო, სოციალურ მდგომარეობას გავაუმჯობესებო, მძიმე ავადმყოფებს საზღვარგარეთ ვუმკურნალებო...

 

ისღა დაგვრჩენია, მომავალ არჩევნებში, თუ ჩერნოვეცკის პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდა, ყველა სხვა პოლიტიკური პარტიები თუ ალიანსები გადავხაზოთ და გზა „ბედნიერ საქართველოს“ დავუთმოთ - თითქოს 4 წელი ხომ კარგად ვიკვებეთ წინასაარჩევნო დაპირებებით და მომავალი 4 წელიც ხომ წამალივით გვჭირდება. ოღონდ, ახლა „ქართული ოცნების“ ნაცვლად უკრაინულად უნდა ვიოცნებოთ!

 

ხუმრობა იქით იყოს და საქართველოს პოლიტიკური ცის ტატნობზე ღრუბლის „ბრტყელ-ბრტყელი ფთილების“ მოწმენი რომ შეიძლება გავხდეთ, ცხადია.

 

დავიწყოთ იქიდან, რატომ გაუჩნდა უკრაინელ ოლიგარქს ასეთი ამბიცია და რატომ ცდილობს საკუთარი ქველმოქმედების გაპოლიტიკოსებას. რა უნდა მას - ივანიშვილის ხელწერის განმეორება (ისეთ ამბიციები აქვს, გული აგიჩუყდება) და საზოგადოების ხელახლა გაბითურება, თუ ისიც მსოფლიო პოლიტიკის მძევალია და იმას აკეთებს, რასაც აკეთებინებენ?

 

ბიძინა ივანიშვილის მაგალითზე საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ მილიარდერები და მულტიმილიონერები (ზოგადად ფულის „ტომრები“) ხელისუფლებაში (პოლიტიკაში) არ უნდა მოდიოდნენ - ბუნებრივია, არც ბატონი ჩერნოვეცკი იქნება გამონაკლისი. მითუმეტეს, თუ ივანიშვილის გაპოლიტიკოსება ქართულმა საზოგადოებამ მაშინ ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვა, უკრაინელი მილიარდერის „კეთილი“ ინიციატივა მრავალ კითხვის ნიშანს ბადებს, რომელზეც დადებითი პასუხის გაცემა წარმოუდგენელი იქნება!

 

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ: „ფულიან ძიებს“ პოლიტიკაში (ხელისუფლებაში) არაფერი ესაქმებათ - მათი ადგილი ბიზნესშია და თუ მაინცდამაინც ქველმოქმედების ჭია შეაწუხებთ, უფალიც დაინახავს და ჩვენც მადლიერი დავრჩებით!

 

ასე რომ, ბატონო ჩერნოვეცკი გახსოვთ ალბათ ძველი კინოფილმი - „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“. არც ჩვენ გვჯერა თქვენი დაპირებების და არც იმისი, რომ თქვენი ძალისხმევით საქართველო „ბედნიერი“ იქნება!

 

თუ სიკეთის გაკეთება გსურთ, აკეთეთ რამდენიც გინდათ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უკვე აღარ ვჭამთ იმას, რაც მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის ძნელად მოსანელებელი იქნება!

 

ასე რომ, ნუ ენდობით ფულის ტომრებს!

 

მინაწერი: ისე უკრაინა ვალშია საქართველოსთან სააკაშვილის და სხვა ქართველი ჩინოვნიკების ხელახლა გაჩივნონიკების გამო და ბატონი ჩერნოვეცკი კომპენსაციად ხომ არ მიგვეღო?!

 

 

საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: