რამაზ საყვარელიძე: ნაკლებად სავარაუდოა, რომ „რესპუბლიკელები“კოალიციას დატოვებენ!
„ივერიონს“ „რესპუბლიკელებისა“ და კოალიცია „ქართულ ოცნების“ განცხადებებზე, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.
-ბატონო რამაზ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციაში „პატრიოტთა ალიანსის“ შემოყვანას აპირებს, რითაც ისინი აიძულებენ რესპუბლიკურ პარტიას დაატოვებინონ კოალიცია.
რესპუბლიკელთა აზრით, დღეს კოალიცია „რესპუბლიკურ პარტიაზე“ დგას. ამასთან, მათ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით 2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში.
თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა „რესპუბლიკელთა“ მხრიდან კოალიციის დატოვება და რა ფასად დაუჯდება ეს „ქართულ ოცნებას“?
-განცხადებების ის ნაწილი, რომელიც ეხება „რესპუბლიკელების“ წვლილს „ქართულ ოცნებაში“ და რომ მათთან თანამშრომლობით მივიდნენ გამარჯვებამდე, ანუ - ხელისუფლებამდე, ცხადს ხდის, რომ წამოსვლის შემთხვევაში შეიძლება მათ სხვა პარტნიორთან ურთიერთობით, ანალოგიური შედეგი ვერ მიიღონ. მითუმეტეს, ცნობილია, რომ მათ პარტნიორობაზე ინიციატივა ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს.
არ ვიცი ისმის, თუ არა ასეთი ინიციატივა „პატრიოტთა ალიანსიდან“. თუ ამ ორი პოლიტიკური ჯგუფის - „პატრიოტთა ალიანსის“ და „რესპუბლიკელების“ ზოგადი პლატფორმების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეიძლება მათი თანაცხოვრება არ იყოს ხანგრძლივი. მათ, პოლიტიკურ პოზიციაში, ერთმანეთისგან ბევრი განმასხვავებელი ნიშანი აქვთ.
ამ მიზეზების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ „რესპუბლიკელების“ მხრიდან კოალიციის დატოვება ნაკლებადაა სავარაუდო.
„ქართული ოცნება“, რომელიც ივანიშვილის სახელთან მჭიდროდაა დაკავშირებული, არა მგონია პარტნიორთა გამოკლებით აღმოჩნდეს დიდი და მნიშვნელოვანი დანაკარგის წინაშე. 2012-ში კოალიცია მთლიანად ივანიშვილის სახელთან იყო დაკავშირებული და რეიტინგიც ივანიშვილზე იყო დამყარებული. რა თქმა უნდა, „რესპუბლიკელებმაც“ და „თავისუფალმა დემოკრატებმაც“ დიდი შრომა გაწიეს, იმ პრაქტიკულ მუშაობაში, რასაც საარჩევნო მუშაობა ჰქვია, მაგრამ საყრდენი საფუძველი იმისა, რომ ეს მუშაობა შედეგს მოიტანდა იყო ივანიშვილის ავტორიტეტი. ივანიშვილის ავტორიტეტის გარეშე, სხვა არჩევნებზეც უმუშავიათ მათ, მაგრამ შედეგი არ ჰქონიათ.
-კოალიციიდან გამოსვლის შემთხვევაში, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რა შანსები აქვთ რესპუბლიკელებს და სავარაუდოდ, ვისთან შეიძლება გაერთიანდნენ ისინი?
-თუ კი პოლიტიკურ პლატფორმას ავიღებთ გაერთიანების საფუძვლის განსახილველად, ასეთი პოლიტიკური ერთობა ყველაზე მეტად აქვთ „თავისუფალ დემოკრატებთან“. მაგრამ, რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს მათი საარჩევნო მოღვაწეობა, თუნდაც ამგვარ გაერთიანებაში, ან თუნდაც ცალკე, ეს - სოციოლოგიამ უნდა გვითხრას.
ესაუბრა კარინა გრიგორიანი