ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ადგილმდებარეობას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს!
"საქართველოს ადგილმდებარეობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენი დერეფანი დღითიდღე მეტ მნიშვნელობას იძენს" - აღნიშნული განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ დერეფნის მნიშვნელობა იყო ბულგარეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა.
„ბულგარეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიწევს. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი, როგორ უნდა განვავითაროთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ჩართულობა აბრეშუმის გზის აღდგენის, ასევე, ირანთან ურთიერთობის საკითხებში და აზერბაიჯანთან სტრატეგიული საკითხების მოგვარებაში. ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა ამ თანამშრომლობის გაღრმავება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბულგარეთი არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომლისგანაც საქართველოს ბევრი მაგალითის აღება შეუძლია, რადგან მათ უკვე გაიარეს ის გზა, რომელსაც ახლა საქართველო გადის.
„ეს არის ევროინტეგრაციის გზა, იგივე უვიზო მიმოსვლა, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს ევროკომისიისგან დადებითი პასუხი გვექნება. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა. ზოგადად, რთული ფონია მსოფლიოში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო ბულგარეთის დახმარება და მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.