ირაკლი ალასანია: ჩვენი ამოცანაა ვიყოთ ხალხის პარტია, რომელიც მუდმივად ხალხის ენით ლაპარაკობს!

ირაკლი ალასანია: ჩვენი ამოცანაა ვიყოთ ხალხის პარტია, რომელიც მუდმივად ხალხის ენით ლაპარაკობს!

ირაკლი ალასანიამ  "თავისუფალი დემოკრატების’’ თბილისის ორგანიზაციის ოფისში, ბრიფინგი გამართა, სადაც თბილისელების პრობლემებთან დაკავშირებული მონიტორიგის შედეგებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით მოსახლეობასა და დედაქალაქის მთავრობას შორის არის კომუნიკაციის პრობლემა, რის გამოც თბილისელების პრობლემები მოუგვარებელი რჩება.

 

"ჩვენი ამოცანაა ვიყოთ ხალხის პარტია, რომელიც მუდმივად ხალხის ენით ლაპარაკობს და რომელსაც აქვს კავშირი მოსახლეობასთან. მოსახლეობას აქვს უამრავი სირთულე სოციალური დეპრესიის, სიდუხჭირის, ეკონომიკური პრობლემების სახით. გადათხრილია გზები და გაყვანილობები, რის მოწესრიგებასაც მუნიციპალიტეტი ვერ ართმევს თავს. მთავარი პრობლემა, რაც აღმოვაჩინეთ არის ასევე ის, რომ გაწყვეტილია კავშირი ხელისუფლებასა და ჩვენს მოქალაქეებს შორის. ყველაზე უფრო მტკივნეულად მოსახლეობა ასახელებს სწორედ კავშირის გაწყვეტას. ჩვენ მოვიარეთ ქუჩები და ოჯახები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ჩვენთვის საკუთარი პრობლემები გაეზიარებინათ. დედაქალაქის მოსახლეობაში არსებობს განცდა, რომ ადგილობრივ თუ ცენტრალური ხელისუფლებას, არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ხალხის და ამომრჩევლის მიმართ. ჩვენ გვინდა ამ პროგრამით სწორედ ეს კავშირი აღვადგინოთ ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ არ გვაქვს სახელისუფლებო ბერკეტები, რომ ეს პრობლემები გადავწყვიტოთ, თუმცა მივიტანთ ამ პრობლემებს ხელისუფლებამდე და მოვთხოვთ მათ მოგვარებას. ასობით პრობლემა დაგროვდა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

"თავისუფალი დემოკრატები’’ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიას მიმართავენ.

 

"მივმართავ ხელისუფლებას - გვაქვს დამუშავებული ეს პრობლემები. ჩვენი რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები არსებული პრობლემების შესახებ საქმის კურსში ჩააყენებენ ქალაქების მთავრობებს. ასევე, ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს, თუ რა გაკეთდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. თუ რაიმე ხელშესახები გააკეთეს მერიის წარმომადგენელმა, ჩვენ მათ მადლობას გადავუხდით. არსებობს სრული დაშორება, დაპირისპირება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და გვინდა ეს უფსკრული შევავსოთ. საზოგადოება ელის "ქართული ოცნებისგან" რეაგირებას პრობლემებზე, თუმცა ამის იმედი ეწურება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: