ვისთან დარეკვას ავალებს დავით უსუფაშვილი ტყემალაძეს?
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ ტყემალაძეს ავალებს, რომ ეკონომიკის მინისტრს დაურეკოს და საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ პროექტებზე მომხსენებლების საკითხი გაარკვიოს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, უსუფაშვილმა ტყემალაძეს აღნიშნული დავალება მას შემდეგ მისცა, რაც გაირკვა, რომ „საჰაერო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა მოგვიანებით მოხდებოდა, რადგან მომხსენებელ ირმა ქავთარაძეს აგვიანდებოდა.
„ტყემალაძეს ვთხოვ, იქნებ, ეკონომიკის მინისტრთან ამ თემაზე საუბარი ჰქონდეს, რადგან ეს პირველი შემთხვევა არის და სამინისტროსთან ცოტა მეტი კოორდინაცია გვჭირდება მომხსენებლებთან დაკავშირებით. შეიძლება, ისინი დაკავებულები არიან, მაგრამ საკითხი ცოტა ადრე რომ დაგეგმონ, ჩვენც მოგვეხმარებიან. გთხოვთ, ამ თემებზე მინისტრს ესაუბროთ“, - მიმართა უსუფაშვილმა ტყემალაძეს.