Washington Times: ის აზრი, რომ ნატოს „მოსკოვთან დაპირისპირების ეშინია” ხიდაშელმა ეჭვქვეშ დააყენა

Washington Times: ის აზრი, რომ ნატოს „მოსკოვთან დაპირისპირების ეშინია” ხიდაშელმა ეჭვქვეშ დააყენა

გავლენიანი ამერიკული გამოცემა „Washington Times“ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, თინათინ ხიდაშელთან ინტერვიუს მიხედვით მომზადებულ სტატიას აქვეყნებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გამოცემის ჟურნალისტთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისა და რეგიონში რუსეთის ქმედებების შესახებ საუბრობს.


„იგნორირება ნატოს მხრიდან რუსეთს აგრესიისკენ უბიძგებს“


გაი ტეილორი


აშშ-ისა და დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების მხრიდან უარი საქართველოს ნატოში მიღებაზე „ღიად იწვევს“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, გაზარდოს მისი აგრესიული პოლიტიკა და რეგიონის ტერიტორიების ოკუპაცია - აცხადებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის თავდაცვის უწყების ლიდერი.


გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის თითქმის 10-წლიანი გაწევრიანების წინადადების გადადების თაობაზე, ნატოს მინისტრებმა ხელიდან გაუშვეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა „დაემტკიცებინათ ალიანსის სიძლიერე და მთლიანად იდეა, თუ რისთვის შეიქმნა იგი პირველ რიგში - დაცული და უფრო უსაფრთხო ევროპისათვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.


ორშაბათს, „Washington Times“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ქალბატონმა ხიდაშელმა აგრეთვე ახსენა დადებითი იმპულსები საქართველოს ფართო სამხედრო ურთიერთობებში დასავლეთთან, კერძოდ, თბილისსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე მოლაპარაკება მაღალტექნოლოგიური შეიარაღების შესყიდვის თაობაზე. მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ საფრანგეთთანაც მიაღწია შეთანხმებას ორი ფრანგული კომპანიისაგან საჰაერო თავდაცვის უახლესი სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით.


წლების განმავლობაში საქართველო ცდილობდა ვაშინგტონის თანხმობა, შეესყიდა ამერიკაში დამზადებული ანტისატანკო შეიარაღება, თუმცა ამერიკის ხელისუფლება თავს იკავებდა ამ ნაბიჯის გადადგმისგან იმის შიშით, რომ ამგვარი გარიგება გაზრდიდა საქართველოსა და რუსეთს შორის აგრესიის ალბათობას, 2008 წელს მომხდარი სასაზღვრო ომის შემდეგ.


2008 წლიდან, რუსეთის სამხედრო ძალები ახდენდნენ საქართველოს რეგიონების - „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაციას, ქმნიან „გაყინულ კონფლიქტს“, რამაც ზოგიერთი ანალიტიკოსის განცხადებით, ერთგვარად შეამზადა პუტინის ქმედებები ყირიმის ანექსიასთან და სეპარატისტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს აშშ-ის კომპანიებთან, და ვფიქრობთ მივაღწევთ შეთანხმებას“, - აცხადებს ხიდაშელი და იმედოვნებს, რომ გარიგება გაფორმდება პრეზიდენტ ობამას გადარჩევამდე, 2017 წლის დასაწყისში.


ქალბატონმა ხიდაშელმა განაცხადა, რომ „ბევრ ადამიანს საქართველოში“ სურს მიღწეულ იქნეს შეიარაღებაზე მოლაპარაკებები უფრო მეტად, ვიდრე „ნატოს წევრობა“, რადგან აშშ წარმოადგენს „ყველაზე ლოიალურ და ძლიერ პარტნიორს ჩვენთვის“.


საქართველოს თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი თინათინ ხიდაშელი 42 წლისაა, მაისში მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, შეხვდა თავდაცვის მდივანს ეშტონ კარტერსა და დაახასიათა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ვიქტორია ნულანდი, როგორც „საქართველოს კარგი მეგობარი“.


ამავე დროს, მან დასძინა, რომ ობამას ადმინისტრაცია და აშშ-ის პოლიტიკური ლიდერები, ზოგადად, უფრო მეტს უნდა აკეთებდნენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების კამპანიის მხარდასაჭერად - მხოლოდ იმ მადლიერების აღსანიშნავად, რაც საქართველომ გამოხატა, ურყევი მხარდაჭერით ამერიკის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისით, ბოლო 15 წლის განმავლობაში, დაწყებული ავღანეთიდან და ერაყიდან, დამთავრებული სირიის ამბოხებულთა წვრთნებში მონაწილეობით.


მიუხედავად ამისა, აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედს ვერ უპასუხეს, და 28-წევრიანმა ალიანსმა გაწევრიანების წინადადება შესთავაზა აღმოსავლეთ ევროპის გაცილებით პატარა სახელმწიფოს, მონტენეგროს.


ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოს საკითხის შესახებ მერყეობა გამოიხატება რამდენიმე ფაქტორში.


ზოგიერთი მათგანი მოსკოვთან „გაყინულ კონფლიქტში“ მყოფი სახელმწიფოსთვის წევრობის შეთავაზებას საქართველოს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის განახლებული აგრესიის გაღვივებად მიიჩნევს. საქართველოს ნატოში გაწევრიანებით, ნატო იძულებული იქნება, მისივე სამართლებრივი ჩარჩოდან გამომდინარე პირდაპირ ჩაერთოს ქართული შეიარაღებული ძალების დაცვაში, თუკი კონფლიქტი მოხდება.


ხიდაშელმა ეჭვქვეშ დააყენა ის აზრი, რომ ნატოს „ეშინია მოსკოვთან დაპირისპირების“. პირიქით, მისი განცხადებით, ვაშინგტონი და მისი დასავლელი პარტნიორები ელოდებიან გეოპოლიტიკურად ხელსაყრელ მომენტს, რომ შესთავაზონ საქართველოს ალიანსის წევრობა.


თუმცა, მან დასძინა - „მე მძულს ის ფაქტი, რომ ჩემი ქვეყანა ლოდინის რეჟიმშია ჩაყენებული - მოსაცდელ ოთახში, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როგორც ეს 2008 წელს მოხდა.“


„თუკი საქართველოზე განხორციელდა დარტყმა ხვალ, რას მოიმოქმედებენ ჩვენი პარტნიორები?“ – „მე არ მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთან ჯარების რიგი დადგება მის დასაცავად“,- განაცხადა ხიდაშელმა.


პროცესის გადადება ნატოს მხრიდან საშიშ და ნეგატიურ გზავნილებს შეიცავს რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ცივი ომის შემდეგ არსებულ პოლიტიკურ სივრცეში ცდილობენ გადაწყვიტონ, შეუერთდნენ დასავლეთს თუ იპოვონ ადგილი პუტინის რუსეთში.


„წარმატება საქართველოს საკითხის ირგვლივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისათვის, რადგან ყველა დანარჩენი ჩვენ შემოგვყურებს. აზერბაიჯანი უყურებს საქართველოს, სომხეთი უყურებს საქართველოს, ცენტრალური აზიის მთლიანი რეგიონი შეჰყურებს საქართველოს იმ იმედით, რომ თუკი ეს შესაძლებელია საქართველოში, მაშინ ღირს მცდელობა და ძალისხმევა ამ იდეისთვის“.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: