ხათუნა ლაგაზიძე: "რესპუბლიკელების" კოალიციიდან გაშვება იქნება ხელისუფლების ღია დემარში დასავლეთისადმი!

ხათუნა ლაგაზიძე: "რესპუბლიკელების" კოალიციიდან გაშვება იქნება ხელისუფლების ღია დემარში დასავლეთისადმი!

„ივერიონს“ აქტუალურ საკითხებზე, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა.

 

-ქალბატონო ხათუნა, რას მოუტანს ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს?

 

საინტერესოა  თქვენი გადასახედიდან დანახული მისი დადებითი და უარყოფითი ასპექტები...

 

თქვენი აზრით, ხომ არ გამოიწვევს ეს მიგრაციული პროცესების კიდევ უფრო გააქტიურებას და საქართველოს საბოლოო დაცარიელებას ქართველებისგან?

 

ვის ინტერესებში შედის ვიზა-ლიბნერალიზაციის შემოღება?

 

-რა თქმა უნდა, უპირველესად, ვიზა-ლიბერალიზაცია, საქართველოს ინტერესებში შედის!

 

საქართველოს საზოგადოების ძალიან ცოტა ნაწილმა იცის, თუ რა არის დასავლეთის ხიბლი. ქართველ ხალხს, რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ ევროპული ცხოვრების წესი ნახოს, უნდა ჩავიდნენ და თავიანთი თვალებით ნახონ ეს. რადგან, ბოლო სამის წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი: დასავლეთი, ევროპა, „ნატო“ ერთგვარ მირაჟად იქცა. ამიტომ, ადამიანებმა უნდა იგრძნონ ,ის თუ, რა არის ევროპული ცხოვრების წესი, რომლისკენაც 25 წელია მივდივართ და რომლისთვისაც ამდენი სისხლი დაიღვარა და ამდენი შრომა გასწია ქვეყანამ.

 

მთავარი ღირებულება, ვიზა-ლიბერალიზაციის სწორედ ეს არის!

 

რაც შეეხება მიგრაციულ პროცესებს, რა თქმა უნდა, ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ. ვიზა-ლიბერალიზაციამ შეიძლება საკმაოდ სერიოზული ბიძგები მისცეს მიგრაციის პროცესებს, მაგრამ ამის გამო ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ იმ უდიდეს პოზიტივზე, რომელსაც ევროპულ ბიზნესთან, ევროპული ცხოვრების წესთან, ღირებულებებთან კარის გახსნა ჰქვია! გარდა ამისა, ეს არის აუცილებელი ნაბიჯი მომავალში, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

 

ვიზა-ლიბერალიზაცია ამ ყველაფერთან ზიარების საშუალებაა და ამაზე უარის თქმა, მომავალი თაობებისადმი დანაშაული იქნებოდა!

საქართველოს ხელისუფლებამ, უნდა მოახერხოს, რომ აქედან წასული ადამიანებისთვის დაბრუნების პირობები შექმნას...

 

-რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციაში „პატრიოტთა ალიანსის“ შემოყვანას ცდილობს, რითაც ისინი აიძულებენ რესპუბლიკურ პარტიას დაატოვებინონ კოალიცია.

 

რესპუბლიკელთა აზრით, დღეს კოალიცია „რესპუბლიკურ პარტიაზე“ დგას. ამასთან,  მათ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით 2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში.

 

თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა „რესპუბლიკელთა“ მხრიდან კოალიციის დატოვება და რა ფასად დაუჯდება ეს „ქართულ ოცნებას“?

 

-მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი განცხადებები არ წამიკითხავს...

 

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად რეალურია „რესპუბლიკელების“ მხრიდან კოალიციის დატოვება, გეტყვით, რომ მაშნაც კი, როცა კოალიცია იქმნებოდა, მათი მთავარი ღირებულება იყო (დღესაც ასეა) ის, რომ ევროპამდე მმართველი კოალიციის პროდასავლური ფასადი მიიტანოს. ეს როლი მთლიანად თავის თავზე „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს აღებული. ამიტომ, ეს არის მთავარი არგუმენტი, რის გამოც მათი კოალიციაში შენარჩუნება ძალიან რეალურად მეჩვენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი „რესპუბლიკური პარტია“ დატოვებს კოალიციას და მასში „პატრიოტთა ალიანსი“ რომც შევიდეს, „ქართულ ოცნებას“ უკანმოუხედავად გაუფუჭდება ურთიერთობები დასავლეთთან! მათ უბრალოდ, დასავლეთთან სალაპარაკო პირი აღარ ექნებათ. 

 

თუკი დღევანდელი ხელისუფლება მზადაა ასეთი ღია მესიჯი გაუგზავნოს დასავლეთს, მაშინ კოალიციის დაშლაზე შეიძლება ვისაუბროთ. მაგრამ თუ დღევანდელი, მმართველი ელიტა  ამისთვის მზად არაა, ისინი იძულებული იქნებიან კოალიციაში „რესპუბლიკელები“ შეინარჩუნონ!

 

-კოალიციიდან გამოსვლის შემთხვევაში, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რა შანსები აქვთ "რესპუბლიკელებს" და სავარაუდოდ, ვისთან შეიძლება გაერთიანდნენ ისინი?

 

-ვარაუდის დონეზე, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ „რესპუბლიკელების“ შანსი, კოალიციის დატოვების შემთხვევაში,  მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს 2012 წელს იყო. ამჯერად მათი რეიტინგი უფრო მაღალია ვიდრე ადრე. რადგან, ისინი გაცილებით უფრო აქტიურად არიან პოლიტიკაში. მათი ორი ლიდერიდან, ერთი საპარლამენტო ორგანოს, ხოლო მეორე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს. თუმცა, ამ შანსების პროცენტულად შეფასება გამიჭირდება, რადგან რაიმე კვლევის შედეგები ხელთ არ მაქვს.

 

რაც შეეხება, იმას, თუ ვისთან შეიძლება ისინი გაერთიანდნენ, აქაც უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ პროდასავლურ კურსს ავიღებთ, შეიძლება გაერთიანდნენ მხოლოდ პროდასავლურ ძალებთან...

 

თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთთან ასეთ დემარშზე არ წავა, რადგან „რესპუბლიკელების“ კოალიციიდან გაშვება- ეს იქნება ღია დემარში დასავლეთისადმი! 

 

                             ესაუბრა მედეა შელია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: