რა შეაჯამა გიორგი მარგველაშვილმა მედიასთან თურქმენეთში?
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მედიასთან თურქმენეთში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა:
„პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ დღეს თურქმენ მეგობრებთან ერთად ვიზეიმეთ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 20 წლის იუბილე. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით რეგიონის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე ქვეყნების ლიდერებს და მათთან ერთად გვესაუბრა იმ ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებიც რეალურად იწყება ჩინეთიდან, იწყება უკიდურესი აღმოსავლეთიდან და მთავრდება დასავლეთით. ამ მონაკვეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველო და ჩვენს კოლეგებთან განვიხილეთ საქართველოს ჩაბმულობა ამ პროცესებში. ასევე ჩვენ, ბუნებრივია, ვისაუბრეთ რეგიონში უსაფრთხოების გართულებულ საკითხებზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია კოორდინირებული მოქმედებით მონაწილეობა მივიღოთ ამ სირთულეების მოგვარებაში."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირი თურქმენეთში ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - "ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის."
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა რეგიონის ლიდერებთან.