13 დეკემბერი 2015 - საყდრისის აფეთქების წლისთავი: ხელისუფლებას ჭერის ახდა აქვს

13 დეკემბერი 2015 - საყდრისის აფეთქების წლისთავი: ხელისუფლებას ჭერის ახდა აქვს

“ქართული პლატფორმა“

 

13 დეკემბერი ღირსშესანიშნავი დღეა საქართველოსათვის.

 

13 დეკემბერი ეკლესიურად ეს არის ხსენების დღე წმინდისა და ყოვლადქებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველ მქადაგებლისა ანდრია პირველწოდებულისა (62წ.); წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა (502 წ.); წმინდისა კათალიკოსისა პეტრე I-სა (Vს.); წმინდისა კათალიკოსისა სამუელ I-სა(V-VI სს.); წმინდისა ფრუმენტი ინდოელ (ეთიოპიელ) მთავარეპისკოპოსისა (დაახლოებით 380).

 

13 დეკემბერი 2014 წლიდან არის საყდრისის - ყაჩაღიანის ისტორიული ძეგლის ხელისუფლების გადაწყვეტილებით აფეთქების გზით განადგურების დღე.

 

(მოვლენის გასახსენებლად საკმარისია იხილოთ ნინო მიქიაშვილის მომზადებული მასალა, რომელიც გავიდა ნინო ზაუტაშვილის გადაცემაში „რეალურ სივრცეში“-http://goodnews.on.ge/news/842-nino-zautashvili-saqdrisze-mizgvnili-gadacemistvis-joshua-pridmanis-da-gipa-s-prizit).

 

13 დეკემბერს საქართველოს ისტორიას მოუშალეს უძველესი მატერიალური „საყდრისი კედელი“.

 

13 დეკემბერს ჰყავს მისი ბერბიჭაშვილები, რომლებიც ფიზიკურად აუცილებლად წარსდგებიან ქართველი ხალხის სამჯავროს წინაშე-ეს იქნება ათი, თუ ოცდაათი წლის შემდეგ (როგორც  ბერბიჭაშვილის შემთხვევაში) - ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ისინი13 დეკემბრიდანვე  დგანან იმ სახელების სამსჯავროს წინაშე, რომელთა სახელების ხსენების დღე წაბილწეს თავიანთი ქმედებით და რომელთა წინაშე შეარცხვინეს ამ სოფლის მკვიდრი და ამ ამბის მომსწრე ყველა ქართველი.

 

13  დეკემბრის ვანდალიზმის უშუალო შემსრულებლები ვერ ფარავენ მათ უკან გადაწყვეტილების მიმღებთა გადამწყეტ როლს ამ საქმეში. საყდრისს სიკვდილი 2013 წელს მიუსაჯა „ქართული ოცნების“ კოალიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა კოჰაბიტაციამ , რომელთაც იმ დროს ხელმძღვანელობდნენ პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

(იხ. მიხეილ ჯიბუტი. კოჰაბიტების მიერ სიკვდილმისჯილი საყდრისი შველას ითხოვს!

 

http://reportiori.ge/?menuid=48&id=11479&lang=1)

 

13 დეკემბერს საყდრისის სიკვდილით დასჯა სისრულეში მოიყვანა „ქართული ოცნების“კოალიციის ხელისუფლებამ , რომელსაც ხელმძღვანელობდნენ (დღესაც ხელმძღვანელობენ)  პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

 

მარგველაშვილ -ღარიბაშვილის „დაპირისპირება“ საყდრისთან მიმართებაში ფიქცია აღმოჩნდა. მარგველაშვლს შეეძლო ერთპიროვნულად გადაერჩინა საყდრისი. მის მიერ საყდრისის შეწყალება გასაჩივრებას არ ექვემდარებოდა. ამ პროცესისათვის ხელის შეშლა არც  „ერთიან  ნაციონალურ მოძრაობას“- მეორე საპარლამენტო პარტიას საქრთველოში - უცდია. მივაქცევ ყურადღებას, რომ  მათი ყველა აქტივობა ამ საკითხთან დაკავშირებით 13 დეკემბრის, ანუ საყდრისის განადგურების შემდგომი პერიოდით თარიღდება.  თუმცა ამ აქტივობის მიზნების მიუხედავად, მან შეასრულა დიდი როლი საყდრისის განადგურების კატასტროფისა და გამოუსწორებლობის მაშტაბების დასანახად.

 

რა ხდება ერთი წლის თავზე?

 

რას ვიზამდით ილია რომ მოეკლათ 13 დეკემბერს - ეს უკვე ცნობილია.(მიხეილ ჯიბუტი:-"რას ვიზამდით ილია ჭავჭავაძე რომ მოეკლათ დღეს დილით?-აი ასე დგას საკითხი". 13.12.2014.

 

http://iverioni.com.ge/10095-mikheil-jibuti-ras-vizamdith-ilia-tcavtcavadze-rom-moeklath-dghes-dilith-ai-ase-dgas-sakithkhi.html)

 

რას ვიზამდით ილიას სიკვდილის წლისთავი რომ იყოს დღეს?

 

ერთეულები გააგრძელებდნენ ბრძოლას, ისევე როგორც დღეს ერთეულები აგრძელებენ ბრძოლას საყდრისისათვის - მადლობა და გამარჯვება მათ.

 

სხვამ, რადგანაც ძალა არ შეგვწევს 500 ფრონტზე ერთდროულად ბრძოლისა, შევინახოთ ხსოვნა ამ საზარელი ფაქტისა და დავუტოვოთ ანდერძად შვილებს და შვილიშვილებს სამართლის აღსრულება. ვინც უკეთესს მოიგონებს - იმას გაუმარჯოს.

 

მთავარია, არავინ იყოს გულგრილი- არ გავივიწყოთ საყდრისი.

 

ეს რომ მნიშნელოვანია ამისათვის მივადევნოთ თვალი ხელისუფლების ქცევას.

 

ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ საყდრისის ხსოვნას პატივს სცემს და შეიქმნება საყდრისის მუზეუმი. ერთი წლის თავზე მსგავსი რამ არ არსებობს. უძრავი ძეგლის მოსპობის გვერდით ეხლა ნადგურდება ის ისტორიული მასალა, რაც საყდრისში იქნა მოპოვებული.

 

ხელისუფლება სინანულის ნაცვლად ცდილობს მეხსიერებიდან ამოშალოს საყდრისი. ამიტომ რამოდენიმე დღის წინ საუბარი დაიწყო ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმზე, სადაც საყდრისი არც კი ხსენებულა.

 

ხელისუფლება ცდილობს საყდრისის სიკვდილიდან წლისთავზე  ჭერის ახდას, თუმცა მას საყდრისის  გამო  არც არასოდეს უგლოვია და არ შეუზღუდავს თავისთვის ლხინი: ანაზღაურებად - დიმპიტაური  და დანამატად - დამპიტაური.

 

                        მიხეილ ჯიბუტი         

                         „ქართული პლატფორმა“

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: