პოლიტიზირებული საზოგადოება და „წურბელა“ პოლიტიკოსები!

პოლიტიზირებული საზოგადოება და „წურბელა“ პოლიტიკოსები!

 

„ჯერ თავო და თავო, მერე - ცოლო და შვილო“

ქართული ანდაზა

 

ბოლო წლებია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური წელიწადში მხოლოდ ერთხელ “გვანებივრებს“ ინფორმაციით  ქვეყანაში დასაქმებისა და უმუშევრობის დონეთა შესახებ. წლის დანარჩენ, “სადაგ” დღეებში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თავად უხდება შრომის ფრონტზე (თუმცა, „ფრონტი“ რა სახსენებელია?! – შრომის ბაზარზე!) არსებული მდგომარეობის ემპირიული ანალიზი და რეალური მდგომარეობაზე შესახებ სათანადო დასკვნების გაკეთება. 

 

თუმცა, იმ ერთ დღესაც ვერ ვღებულობთ პასუხს, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული პოლიტიკით, უფრო სწორედ, რამდენი ადამიანი ჭამს პურს პოლიტიკური საქმიანობით! 

 

იგულისხმება პროფესიული პოლიტიკური საქმიანობა, თორემ ისე, იცოცხლე, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ისეა პოლიტიზირებული, ხშირად პურთან ერთად ისიც ავიწყდება, პურის ფული ჯერაც საშოვნელი რომ აქვს... 

 

ასეა თუ ისე, პოლიტიკური პროცესებისადმი თვალყურის დევნება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სანახაობას წარმოადგენს, მაშინ როდესაც პური, ძველი რომაელებისგან განსხვავებით, მხოლოდ საკუთარი შრომითა და მარიფათით აქვს მოსაპოვებელი.

 

ცნობილი ფაქტია, რომ თანამედროვე ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მახასიათებლის -  ბაზრის (ამ სიტყვის ყველაზე ფართო და ტევადი გაგებით) ოთხი  უმნიშვნელოვანესი კომპონენტიდან (საქონელი, ფული, კაპიტალი და სამუშაო ძალა) ყველაზე სუსტი რგოლი მაინც სამუშაო ძალის, შრომის ბაზარია - ჩვენს ქვეყანაში დაქირავებით დასაქმების დონე ამერიკისას თითქმის სამჯერ ჩამორჩება და ამიტომ სამსახურის შოვნა ზრდასრული და შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის თითქმის ეგზისტენციური დატვირთვის მატარებელია. 

 

ასეთ პირობებში პოლიტიკას, პოლიტიკურ ცვლილებებს, რეფორმებს ამ პროცესებში ჩართული კონტინგენტის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი შინაგანი მოწოდების წყაროდ, ქვეყნის ხსნისა და სწრაფი ეკონომიკური პროგრესის პირობად  კი არა, საკუთარი პრობლემების გადაჭრის ძირითად საშუალებად აღიქვამს. - თუ მთლად კლონდაიკად არა, ოქროს შემცველ საყდრისის მთად მაინც, რომელსაც სხვებზე სწრაფად, ადრე და მარიფათიანად უნდა დაუფლება და „დამუშავება“... 

 

ძირითადად ამით უნდა აიხსნას ის თითქმის ასტრონომიული  ციფრი პოლიტიკური პარტიებისა, რაც მოსახლეობის მხრივ ასე მცირერიცხოვან საქართველოს ჰყავს. სიტყვამ მოატანა და ანალოგიური მისწრაფებებით უნდა აიხსნას ჩვენში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული დაწესებულებების ასეთი  მომრავლებაც.  

 

ერთი ცნობილი, აუცილებელი და კეთილშობილი პროფესიის წარმომადგენლებზე ნახევრად ხუმრობით ამბობენ, რომ ისინი მუშაობენ და პრობლემებს ნახულობენ იქ, სადაც სხვები სიამოვნებას ეძებენ... აბსოლუტურად საპირისპიროს თქმა შეიძლება პოლიტიკაში დასაქმებულ ბევრ პირზე, რომლებსაც უპრიანი იქნება, პოლიტიკოსები კი არა, “პოლიტიკაში დასაქმებული ცნობადი სახეები“ ვუწოდოთ! 

 

ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ადამიანური საქმიანობის, ბიზნესის თითქმის ყველაზე მაღალრენტაბელური დარგი პოლიტიკაში და პოლიტიკასთან დაკავშირებული საქმიანობა აღმოჩნდა. გამოვლინდა ერთი უნივერსალური კანონზომიერება: ცალკეულ პირებს ბიზნესის საოცარი ნიჭი რატომღაც მხოლოდ მაშინ და იმ პერიოდით ეხსნებათ, როცა ხელისუფლებაში მათი ნათესავი, ახლობელი ან მეგობარი იმყოფება. ეტყობა, ახლობლის ხელისუფლებაში მოსვლა მათ, მედიცინაში აქამდე უცნობ, ნიჭიერების ზრდის ჰორმონებს უყალიბებს... ამის შედეგად, ასეთი „ცალ-ცალ კალოშიანი“ პირები სულ მოკლე ხანში ცნობილი მსოფლიო სალონებისა და სასტუმროების მუდმივი სტუმრები და კლიენტები ხდებიან.

 

თავისთავად ადამიანის გამდიდრება სრულებითაც არაა სათაკილო და გასაკიცხი. აქ აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ერთი მხრივ, მათი პოლიტიკური წარმატებები (ქვეყნისათვის საჭირო და გამოსადეგი!) შეუდარებლად უფრო მოკრძალებულია მათსავე ეკონომიკურ წარმატებებზე, მეორე მხრივ კი, მათი შემხედვარე საზოგადოების დანარჩენი წევრებიც კეთილდღეობის ზრდის მაგისტრალურ გზას ბიზნესისა და მეცნიერების ნაცვლად პოლიტიკაში ხედავენ, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ფასეულობათა და მოტივაციათა მთელი სისტემის სრულ აღრევას და პატრიოტიზმის ნაცვლად უტილიტარიზმის მომძლავრებას   იწვევს. 

 

პოლიტიკოსთა ერთ ნაწილს, წინასაარჩევნო დაპირებებზე, თუკი მათი შესრულების ზღვრული დანახარჯები იქიდან მიღებულ სარგებლიანობას აღემატება, ამნეზია ემართება, ან, უკეთეს შემთხვევაში, ფრაგმენტულადღა ახსოვს - “აქა-იქ”, „ნაწილ-ნაწილ“... ამ ნაწილობრივი გულმავიწყობის დიაპაზონი კი საკმაოდ ფართოა - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაწყებული და საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკით დამთავრებული. 

 

უინსტონ ჩერჩილს მიაწერენ ფრაზას - პოლიტიკოსმა არჩევნების წინ უნდა მისცეს გულუხვი დაპირებები ამომრჩევლებს, ხოლო არჩევნების შემდეგ დაარწმუნოს ისინი მათი განხორციელების შეუძლებლობაშიო. ზოგი ჩვენი პოლიტიკოსი „ჩერჩილზე შორს მიდის“ და  ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წასვლის შემდეგ მყისიერად იცვლის პოზიციას და იმას აკრიტიკებს, რის ადეპტი და გამტარებელი თავად იყო ხელისუფლებაში ყოფნისას,  ხოლო თავისი გუნდის მმართველობისას გაფუჭებულ საქმეებზე პასუხს ოპოზიციაში გადაბარგების  მეორე დღესვე სთხოვს ახალ ხელისუფლებას.

 

ცუგცვაგი საჭადრაკო ტერმინია და ასახავს სიტუაციას, რომლითაც ჭადრაკის დაფაზე აუცილებელი ნებისმიერ სვლის შემთხვევაში მოთამაშის პოზიცია უარესდება. ამისგან განსხვავებით, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციაში აღმოჩენილი პოლიტიკოსის გამონათქვამებს ისმენ, ხვდები, რომ თანამედროვე პოლიტიკური ლექსიკონი საჭიროებს ახალ ტერმინს, რომელიც პოლიტიკოსის მუდმივად მოგებულ მდგომარეობაში ყოფნისა და ნებისმიერი სიტუაციის სათავისოდ გამოყენების გამომხატველი იქნება! 

 

ასეთი პოლიტიკოსები საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში დარჩენას ახერხებენ საარჩევნო ციკლზე ორიენტირებული პოპულისტური განცხადებებით და ნაბიჯებით. ასეთი იყო, მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ გაცხადებული “ზრუნვა” პენსიონერთა პენსიების 50 ლარით გაზრდის თაობაზე. ჩვენ გვახსოვს ასეთთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამოხატული “ზრუნვის” მკაფიო მაგალითები, როდესაც „უკეთეს შემთხვევაში“ ხელისუფალთა ქველმოქმედება ბიზნესის დარეკეტების ხარჯზე ხორციელდებოდა, „უარესი შემთხვევის“ დიაპაზონი კი გაცილებით ფართო და მომეტებული რისკის მატარებელი იყო - სხვადასხვა ფონდებში ნებაყოფლობითი შენატანებითა და საპროცესო გარიგებებით დაწყებული და მეტისმეტი ურჩი ბიზნესმენების „გაკულაკებით“ ან   „შემთხვევით“  გადამწვარი აქტივებით დამთავრებული... 

 

რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან და მათაც ახასიათებთ ადამიანური სისუსტეები, არაა მათთვის უცხო არაკომპეტენტურობა და შეცდომები. საზოგადოება ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს, თუმცა ორი გარემოება განსაკუთრებით მიუღებელი რჩება ამომრჩევლისთვის და საგრძნობლად დაბლა სწევს ამ უკანასკნელთა თვალში მათ ავტორიტეტს.

 

ერთი მათგანი უკვე ვახსენეთ ზემოთ - ესაა მათი კეთილდღეობის მნიშვნელოვნად წინმსწრები ზრდა არა თუ ეკონომიკის, არამედ ბიზნესის სხვა, ტრადიციულ, ეროვნული ეკონომიკის სფეროებში მოღვაწე ბიზნესმენების საშუალო მოგების ზრდასთან შედარებით.

 

მეორე გარემოებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ პერიოდულად ცალკეული პოლიტიკოსების გამონათქვამები შოკისმომგვრელი, ნებსით თუ უნებლიეთ ანტისახელმწიფოებრივი შინაარსისაა, მტრის წისქვილზე წყლის მიშვებას ჰგავს. ამის შემხედვარეს, ძალაუნებურად გიჩნდება განცდა, რომ ქვეყანაში მრავალნაირი დეფიციტის (სამუშაო ადგილების, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის, ბიუჯეტის, შემოსავლებისა და ა.შ.) რეესტრი საჭიროებს კიდევ ერთი ელემენტით - სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედი პოლიტიკოსებით - შევსებას. ამავე დროს, ვფიქრობ, დროა, რომელიმე ქართულმა მედია-საშუალებამ იტვირთოს ყველაზე არატრადიციული პოლიტიკური ორიენტაციისა და ოდიოზური განცხადების გამკეთებელი (მარტივად რომ ვთქვათ, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მეტყველი) პოლიტიკოსის  გამოვლენის ფუნქცია. გავიხსენოთ, როგორი რუდუნებით ახდენს ამერიკული ჟურნალი “თაიმი” ყოველწლიურად მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის სახელის გამოვლენას და ნომინანტთა სიაში ხშირად დემოკრატიისა და მსოფლიოში აღიარებულ ფასეულობათა დაუძინებელი მოწინააღმდეგეებიც კი შეყავს.

 

პოლიტიკურ პარტიებზე ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა, რაც რატომ სამჯერ არ აღემატება აღმასრულებელი ხელისუფლების ზედა დონის (მთავრობა, მინისტრები და მათი მოადგილეები) ხელფასების წლიურ ფონდს, თავისი პრემიებითა და ე.წ. დანამატებით. მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველწლიურად იღებს თითქმის 2.2 მილიონ ლარს, ანუ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებიდან ყოველ მეოთხე  ლარს. – ერთი შეხედვით, 12 მილიონი ლარი ბიუჯეტის ახლანდელ მასშტაბებთან შედარებით ბევრი არ არის. – „სულ რაღაც“ 0.12 პროცენტია.  მაგრამ ეს აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილი, ასე ვთქვათ “ბონუსია” სახელმწიფოსგან წასახალისებლად კონსტიტუციურ და ინსტიტუციურ ჩარჩოებში მოქმედებისა და  საარჩევნო პროცესში მიღწეული წარმატებების შესაბამისი. მეორეც, ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბები და მოსახლეობის რიცხოვნობაც ხომ უნდა იქნას მხედველობაში მიღებული?! 

 

საპარლამენტო არჩევნებს შორის ოთხწლიან პერიოდზე გაანგარიშებით დასახელებული თანხა კი იმაზე მეტია, ვიდრე საქართველოს ეკონომიკის ასაღორძინებლად ასე რეკლამირებულ და იმედის ფსონდადებულ პროექტზე „აწარმოე საქართველოში“ გათვალისწინებული სახსრები. ოპოზიციური პარტიების ძირითადი წყარო – კერძო ნებაყოფლობითი (ბრჭყალებში ან უბრჭყალებოდ) შემოწირულებები და ის სახსრებია, რომლებიც განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ შექმნილი და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან აფილირებულ ფირმებსა და კომპანიებს უკავშირდება.

 

ბუნებრივია, აღნიშნული პროცესები მეტ-ნაკლებად სხვა ქვეყნებისთვისაცაა დამახასიათებელი, თუმცა ეკონომიკურად სუსტად განვითარებულ და მაღალი სოციალური დიფერენციაციის მქონე ქვეყანაში ყოველივე ეს უფრო გამძაფრებულად და მწვავედ აღიქმება. 

 

ჯერჯერობით კი... სანამ პოლიტიკოსთა საგრძნობი ნაწილისგან ქვეყნისთვის მოტანილი სარგებლიანობა ნაკლებია მათზე გაწეულ აუცილებელ თუ საზოგადოებისთვის ფაქტობრივად ინსტიტუციურად თავსმოხვეულ ხარჯებთან შედარებით, მანამდე ჩვენს ქვეყანაში კვლავაც დარჩება პოლიტიკით, როგორც საარაკოდ რენტაბელური ბიზნეს-საქმიანობით, დაკავების მაღალი სოციალური მოტივაცია, გრძელვადიან პერსპექტივაში თავისი სავალალო შედეგებით...

 

იოსებ არჩვაძე,

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი.

„ქართული პლატფორმა“

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: