მთის კანონი ვიზა-ლიბერალიზაციის წინააღმდეგ!

მთის კანონი ვიზა-ლიბერალიზაციის წინააღმდეგ!

მთაში მუდმივად მაცხოვრებელმა ან დახმარებაზე უნდა თქვას უარი, ან ევროპაზე                 

                                                       

 

                                        მიხეილ ჯიბუტი,

                                        პროფესორი

                                        „ქართული პლატფორმა“

                                                                        

2015 წლის 18 დეკემბერს, როდესაც ცნობილი გახდა  ევროკომისიის ანგარიში, რომელშიც დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება, საქართველოს ხელისუფლებამ ეს „საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“ ისტორიულ დღედ (ირაკლი ღარიბაშვილი - http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=406&info_id=52961).

 

თავისთავად ეს კარგი მოვლენაა, თუმცა უვიზო რეჟიმის დამკვიდრებამდე, ჯერ კიდევ მხოლოდ შესაძლებლობაა.  ასეთი რეჟიმის მიღება  აამაღლებს საქართველოს მოქალაქეობისა და  საქართველოს მოქალაქის პასპორტის ავტორიტეტს. თუმცა, არ უნდა შეიქმნას გადამეტებული მოლოდინი, რომ ეს სავიზო რეჟიმი რაიმენაირად დაკავშირებულია ევროპაში სამუშაოს დაწყების დაკანონებასთან.  სამუშაოს დაწყება ევროპაში იგივე სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, რა სირთულეებიც მას დღეს ახასიათებს. 

 

უვიზო რეჟიმი კონტროლს გარეშე ევროპაში მიმოსვლასაც არ გულისხმობს. მნიშვნელოვანი იქნება ფორმალური ბარიერებიც საზღვრის გადაკვეთის დროს,  როგორც ამას მოლდავეთის პრაქტიკა ამტკიცებს, რომელმაც უკვე მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია. თუმცა, ეს იქნება ღირსებისა და თავმოყვარეობის არა შემბღალავი მოთხოვნები და პროცედურები, რომლის ფარგლებშიც ბიუროკრატიულ გადაწყვეტაზე არ იქნება დამოკიდებული მოგზაურობის ხანგძლივობა: საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში ყოველი ნახევარი წლის განმავლობაში 90 დღის მანძილზე უვიზოდ შესვლა შეეძლებათ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახარებულმა საქართველოს მოსახლეობას გასახარად მიმართა, რომ „შეგეძლებათ ევროპაში იმოგზაუროთ ოჯახთან ერთად, დაგეგმოთ საქმიანი ვიზიტი, ეწვიოთ მეგობრებს, ნათესავებს, ჩაერთოთ საზაფხულო სკოლებში, მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციებსა თუ გამოფენებში" (http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=406&info_id=52961).

 

ალბათ იგულისხმა (ჩვენ ასე გავიგეთ), რომ საქართველოს მოქალაქეებს „ვიზის გარეშე შეეძლებათ“ ევროპაში წასვლა, თორემ დღეს ვინმეს ვინმე უშლის ევროპაში მოგზაურობას? ვისაც დღეს ვიზის აღების პრობლემები აქვს, იმას უვიზო რეჟიმის დროსაც ევროპაში შესვლის პრობლემა ექნება - საუბარია ევროპაში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის თანხმობის  პროცედურულ შემსუბუქებასა და კომფორტზე. http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=406&info_id=52961.

  

თუმცა ვიზა - ლიბელარიზაციის მიღების შემდეგ რთული არჩევანის წინაშე დადგებიან მთაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები   „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე.

 

საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ (16 ივლისი, 2015 წ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2924386) მაღალმთიან დასახლებებში იმ მცხოვრებთათვის ადგენს შეღავათებსა და დახმარებებს, რომელთაც მინიჭებული (?!) ექნებათ „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი“(მუხლი 3). ამ კანონის მიხედვით: „ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში“(მუხლი 3., პუნქტი 5).  ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში და იმ შემთხვევაშიც კი,  თუ  მაღალმთიანი დასახლება უმაღლესი  ან პროფესიული განათლების მიღების მიზნით დატოვა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უწყდება.

 

ნათქვამიდან გამომდინარე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლები თუ მოინდომებენ ევროპაში ვიზა- ლიბერალიზაციით დაშვებული დროით -  3 თვე 6 თვეში, ანუ 6 თვით 12 თვეში ყოფნას, რაც არ შეესაბამება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსისთვის    მთაში 12 თვიდან 9 თვე ყოფნის ვალდებულებას, მაშინ ისინი უნდა დაემშვიდობონ  „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შეღავათებსა და სტიმულებს . არჩევანი მარტივია: ან მთაში, ან ევროპაში!

 

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების კურიოზული შემთხვევა რომაა - ეს უკვე ფაქტია. (იხ. დ.ზარდიაშვილი -http://iverioni.com.ge/15311-samarthal-mtsvalebeltha-morigi-krakhi-mthieltha-rezervacia-mthiani-regionebis-ganvitharebis-sanacvlod.html) ვიზა-ლიბერალიზაციის გამო ზეიმმა კი მხოლოდ გამოამჟღავნა ამ კანონის მთაში მცხოვრებთა მიმართ დისკრიმინაციული ხასიათი მის ერთ კონრეტულ შემთხვევაში.

                                                                

                                          „ქართული პლატფორმა“

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: