რატომ ეურჩება თემურ თორდინავა „ივერიონს“?!

რატომ ეურჩება თემურ თორდინავა „ივერიონს“?!

 

ამ ერთი კვირის წინ „ივერიონის“ პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილმა დირექტორებმა, რომლებიც კატეგორიულად აცხადებენ, რომ ისინი უკანონოდ და უსამართლოდ გაანთავისუფლეს.

 

ბრიფინგზე „საქართველოს სკოლამდელთა განვითარების და უფლებების დაცვის ლიგის“ თავმჯდომარემ, ქალბატონმა მზია ფაილოძემ ხმამაღლა განაცხადა, რომ დირექტორების განთავისუფლების მთავარი მიზეზი პოლიტიკური მოტივია, რადგან, კარს მომდგარი არჩევნების წინ სურთ პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტები „ქართული ოცნების“ კოორდინატორებით ჩაანაცვლონ!

 

ბრიფინგის მონაწილენი ბრალს სდებდნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბატონ თემურ თორდინავას, რომ მან თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით გაანთავისუფლა ისინი, რადგან, „მას ასე სურდა“.

 

„ივერიონი“ თავისთავად ვერ იკისრებს მედიატორის ფუნქციას და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არც უფლება და არც საშუალება ვამტკიცოთ, რამდენად სწორად მოიქცა ბატონი თორდინავა და რამდენად სამართლიანად განთავისუფლდნენ თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორები დაკისრებული თანამდებობებიდან, მაგრამ, ერთ რამეში აუცილებლად შევედავებით:

 

კერძოდ, „ივერიონის“ თხოვნაზე, ეპასუხა ჩვენს მიერ მომზადებულ კითხვებზე და გაებათილებინა ის პრეტენზიები, რაც ბრიფინგზე იქნა მის მიმართ წაყენებული, ბატონმა თემურმა ჯერ თავის პრეს-სამსახურთან გადაგვამისამართა, ხოლო შემდგომ დროის უქონლობის მომიზეზებით მრავალგზის თავიდან მოგვიშორა.

 

სამწუხაროდ, საკმაოდ უცნაურად მოგვექცა, სააგენტოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი თაკო კვირტია. მან ჯერ დახმარება აღგვითქვა და დაგვპირდა, რომ თემას შეათანხმებდა სააგენტოს ხელმძღვანელთან და აუცილებლად დაგვიკავშირდებოდა. თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა...

 

ჩვენს დაჟინებულ თხოვნაზე, დავეკავშირებინეთ ბატონ თემურ თორდინავასთან, კითხვების დაკონკრეტება მოგვთხოვა, რაც შევასრულეთ კიდეც. თუმცა, არსებითი შედეგი არც ამას მოჰყოლია.

 

შემდგომ ჩვენ, პრობლემის არსში ჩაწვდომით დაინტერესებულნი, სისტემატურად ვურეკავდით, როგორც პრეს-სამსახურს, ასევე, თავად ბატონ თემურ თორდინავას. ბოლოს, ჩვენი პრინციპულობით თავმობეზრებულმა თორდინავამ საკუთარ ოფისში მისვლა შემოგვთავაზა. თან დასძინა, რომ ადგილზე უფრო თავისუფლად ვისაუბრებთო.

 

სამწუხაროდ, ეს შეთანხმებაც ბლეფი აღმოჩნდა. მეორე დღეს ბატონმა თემურმა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. სხვათაშორის, სატელეფონო ზარებს, ამ ბოლო დღეებში პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, თაკო კვირტიაც არ პასუხობს.

 

ვხელმძღვანელობთ რა თავისუფალი პრესის პრინციპებით, ვაქვეყნებთ კითხვებს, რომლებიც ბატონ თემურ თორდინავასთვის უნდა დაგვესვა. 

 

იმედს ვიტოვებთ, ახლა მაინც მოიცლის სააგენტოს ხელმძღვანელი და საჯარო კითხვებზე, ასევე, საჯარო პასუხს გაგვცემს.

 

ისე, გვიკვირს რატომ აძლევენ საჯარო მოხელეები თავს უფლებას, თავი აარიდონ ჟურნალისტების ლეგიტიმურ კითხვებს - კითხვებს, რომლის მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ, სიტუაციაში გარკვევა და სინამდვილის გამომზეურებაა. მითუმეტეს, როცა  საქმე აღსაზრდელებს ეხებათ.

 

აქვე გვინდა მოკრძალებით ვკითხოთ თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას:

 

ბატონო დავით, რატომ ეურჩებიან პრესას თქვენი ხელქვეითები? იქნებ ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც ამბობენ და უბრალოდ, პასუხი არ აქვთ?

ცუდია, თუ ასეა და ორმაგად ცუდია, როცა ასეთი მეთოდებით ცდილობენ თავის დაძვრენას.

 

 

მოდით, ახლა თქვენთან ერთად დავუსვათ კითხვები და პასუხიც მოვითხოვოთ:

 

 

1.-ბატონო თემურ, საინფორმაციო სააგენტო „ივერიონში“ ბრიფინგი გამართეს, თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილმა დირექტორებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით გაანთავისუფლეს, რადგან ეს ადგილები წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისთვის სჭირდებოდათ. 

ისინი პირდაპირ ბრალს გდებენ, რომ თქვენ  ხართ არაკომპეტენტური და დაკვეთის ბრმა შემსრულებელი. იმოწმებენ თქვენს სიტყვებსაც- მე ასე მინდა! 

რამდენად სამართლიანად მოხდა საბავშვო ბაღის დირექტრების განთავისუფლება და მოსალოდნელია თუ არა ანალოგიური წმენდა მომავალშიც?

 

2.-განთავისუფლებული დირექტორები ამტკიცებენ, რომ მათი ადგილები არაპროფესიონალებით აივსო, რაც საფრთხეს უქმნის სკოლამდელი დაწესებულებების გამართულ საქმიანობას.

რა პრინციპით ირჩევთ კადრებს ვაკანტურ ადგილებზე დასანიშნად?

ყოფილი დირექტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შერჩევა პროფესიული ნიშნით არ ხდება და ამ ყველაფერს ან ვიწრო პარტიული სარჩული აქვს, ან გადაწყევტილებების მიღმა ანგარება იმალება...

 

3.-ბრიფინგზე ისიც განაცხადეს, რომ თქვენი ორგანიზაციის მონიტორინგის უფროსი, თავის დროზე ორჯერ იყო ნასამართლევი ნარკომოხმარებისა და სხვა დანაშაულისთვის და ასეთ ადამიანებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არაფერი ესაქმებათ. 

რამდენად სამართლიანია ეს ბრალდება?

 

4.-განთავისუფლებული დირექტორები იმუქრებიან, რომ თუ სამართლებრივი გზით შედეგს ვერ მიაღწევენ, პროტესტის უკიდურეს ფორმასაც გამოიყენებენ და ყველანაირად ეცდებიან საზოგადოებას თქვენი გუნდის ნამდვილი სახე დაანახონ.

თქვენი კომენტარი...

 

5.-თქვენი ოპონენტები მოითხოვენ დაუჯდეთ პირდაპირ ეთერში დებატებში და იქ გაირკვეს მტყუან-მართალი.

ხართ თუ არა მზად ასეთი დებატებისთვის?

 

პატივისცემით:

 

კარინა გრიგორიანი, 

 

მედეა შელია

 

 

მკითხველს სიცხადისთვის ვთავაზობთ ზემოთხსენებული ბრიფინგის ამსახველ ინფორმაციას:

 

                                         რატომ გაყარეს თბილისის ბაგა-ბაღებიდან დირექტორები?

 

საინფორმაციო სააგენტო „ივერიონში“,  თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღიდან განთავისუფლებულმა დირექტორებმა- თბილისის პირველი ლოგოპედიური ბაღის ყოფილმა დირექტორმა, ზაირა კურტანიძემ, 169 საბავშვო ბაღის ყოფილმა დირექტორმა, ფიქრია ჩახნაშვილმა, 76 საბავშვო ბაღის ყოფილმა დირექტორმა, მარინე ბეკურაულმა და ოქროყანის 162 საბავშვო ბაგა-ბვაღის ყოფილმა დირექტორმა, მერი ჩხენკელმა ბრიფინგი გამართეს.  

 

ბრიფინგს ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს სკოლამდელთა განვითარების და უფლებების დაცვის ლიგის თავმჯდომარე, მზია ფაილოძე და ადვოკატი ლაშა სტურუა.

 

ბრიფინგის მთავარი თემა, სკოლამდელ სისტემაში ბაგა-ბაღის დირექტორების უკანონოდ და უსამართლოდ განთავისუფლება იყო.

 

საქართველოს სკოლამდელთა განვითარების და უფლებების დაცვის ლიგის თავმჯდომარის, ქალბატონ მზია ფაილოძის განცხადებით, აღნიშნული დირექტორების განთავისუფლების მთავარი მიზეზი პოლიტიკური მოტივია.

 

„ეს ადამიანები უმიზეზოდ არიან განთავისუფლებულნი. მათ თვითონაც არ იციან მიზეზი, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი მოგვექცია სამართლებრივ ჩარჩოებში და სამართლებრივი გზებით გვებრძოლა.

 

ამ ოთხი თვის განმავლობაში, განთავისუფლდა თითქმის 15 საბავშვო ბაღის დირექტორი, მაგრამ ბევრმა მათგანმა შეწყვიტა ამ საკითხზე საუბარი და ჩათვალა, რომ ის ალბათ ნამდვილად სწორად იყო განთავისუფლებული და იურიდიული და სამართლებრივი გზით არ დაიწყეს, ბრძოლა.

 

ვიტყოდი, რომ განთავისუფლების უპირველესი მიზეზი პოლიტიკური მოტივია. „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მესამე წლისთავზე მივიღეთ ის, რომ სისტემატურად მიმდინარეობს ბაღის დირექტორების, მოადგილეების და სხვადასხვა შტატის თანამდებობის პირების განთავისუფლება და „ქართული ოცნების“ კოორდინატორებით ჩანაცვლება. ამ სამი წლის მანძილზე მათ შეისწავლეს და შეიმუშავეს შინაგანაწესი და შიდა წესდება და ამ შიდა წესდების საფუძველზე უკვე მიმდინარეობს ის, რომ ერთი პატარა შეცდომაც კი თუნდაც რიგითი თანამშრომლისა უკვე საბავშვო ბაღის დირექტორებზე მოქმედებს“- განაცხადა მზია ფაილოძემ.

 

ფაილოძის განცხადებით, თბილისის სავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა შემსრულებელია და რომც კითხოთ, თუ რატომ გაანთავისუფლა ეს ადამიანები, გეტყვით, რომ „მას ასე უნდოდა“!

 

„2012 წლის  შემდეგ ყველა დირექტორი აკეთებდა თავის საქმეს, გამონაკლისების გარდა, რომლებიც დღემდე ჩუმ-ჩუმად „ნაციონალების“ მოტრფიალეები არიან და ხელისუფლებაში მათ დაბრუნებას ელოდებიან. სამწუხაროდ, სააგენტოს წარმომადგენლებს ასეთ დირექტორებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა და  კოჰაბიტაცია  გააჩნიათ. თორდინავა დღესაც ასრულებს იმ ფუნქციას, რომ არის კავკასიის ეკონომიკური და სოციალურ-კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, რომლის დირექტორი 2012 წლამდე იყო, დღევანდელი თბილისის მერი დავით  ნარმანია. შესაბამისად მიმდინარეობს იგივე სიტუაცია და იგივე მეთოდებით მუშაობენ. ფაქტობრივად, თორდინავას ორ არასამთავრობო აიპისთან უწევს მუშაობა. ის შემსრულებელია და კითხვაზე, თუ რატომ გაანთავისუფლა ეს დირექტორები, ის უბრალოდ უპასუხებს, რომ მასე ასე სურდა!“- განაცხადა მზია ფაილოძემ.

 

პირველი ლოგოპედიური საბავშვო ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი, ზაირა კურტანიძე აცხადებს, რომ თემურ თორდინავამ ის მიზანმიმართულად გაანთავისუფლა თანამდებობიდან.

 

„თემურ თორდინავა მიზანმიმართულად მოქმედებდა. მას ჰქონდა სურვილი, რომ მე დამეტოვებინა სამსახური. მან რამდენიმეჯერ გამომიგზავნა კომისია, დამინიშნა მოადგილე, რომელიც გამიზნულად მუშაობდა, რათა მოეძიებინა რაღაც ინფორმაციები, რომ ჩემთვის ძირი გამოეთხარათ“- განაცხადა ზაირა კურტანიძემ.

 

ადვოკატ ლაშა სტურუას თქმით, ამ ადამიანების უკანონოდ თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე საქმე უკვე სასამართლოშია. სარჩელი განხილულია. მისი თქმით, სრულიად უსამართლოა ასეთი გამოცდილი ადამიანების ქუჩაში გამოყრა.

 

სტურუა მიმართავს პრემიერ-მინისტრს და აფრთხილებს, რომ იგი  შეცდომაში შეყავთ და გამოუცდელი კადრებისადმი ასეთი დამოკიდებულება კარგას არაფერს მოუტანს დღევანდელ მთავრობას.

 

„ესენი არიან დამსახურებული ადამიანები. ადამიანებზე ქურდობის დაბრალება, თუკი მათ ეს არ დაუმტკიცდებათ, ელემენტარულად სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დაუმტკიცდებათ დანაშაული ანუ, ბავშვებისთვის განკუთვნილი ულუფით ხელის მოთბობა, ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცნენ და არა უბრალოდ სამსახურიდან დაითხოვონ. 

 

დაუშვებელია ასეთი დასაფასებელი ადამიანების სამსახურიდან გაშვება!“- აცხადებს ლაშა სტურუა.

 

ბრიფინგის მონაწილეებმა, აღნიშნეს, რომ თუ სამართლებრივი გზით არ მოხდა მათი უფლებების აღდგენა, მაშინ ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას- მწვავე საპროტესტო აქციებს მიმართავენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: