მარგველაშვილმა მთავრობას ანკესი ესროლა!

მარგველაშვილმა მთავრობას ანკესი ესროლა!

საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში პოზიტიური ემოციები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ განახლდა სანდრო გირგვლიანის სადისტურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ტკივილები, უმეტესობამ მარგველაშვილის გადაწყვეტილებაში გონივრული და მიზანმიმართული გზავნილები დაინახა.

 

ეს გზავნილი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს ეკუთვნის, ვინც დღესაც ცდილობს სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლის _ ლევან მურუსიძის მუდმივ მოსამართლედ გამწესებას.

 

პრეზიდენტმა „ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვწლისთვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის“ ირინა ენუქიძე (გარდაცვალების შემდეგ) თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ირინა ვერაფერს გახდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის, ე.წ. „სიკვდილის მანქანის“ წინააღმდეგ, მან თავისი მოწამეობრივი აღსრულებით საკუთარ ერს მაგალითი უჩვენა, რომ უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ, თუნდაც ამისთვის საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვაც გახდეს საჭირო!

 

დიახ, გირგვლიანის არაადამიანური წამების ფაქტმა ერს საბოლოოდ აუხილა თვალი და რეჟიმის ნამდვილი სახეც დაანახა. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი სახელისუფლო ვერტიკალის ძალისხმევით მძვინვარებდა, მას ჰყავდა კონკრეტული შემსრულებლები, რომელთა შორის ლევან მურუსიძეს ერთ-ერთი „საპატიო“ ადგილი ეკავა.

 

სწორედ ამით არის პრეზიდენტის განკარგულება ანგარიშგასაწევი - მან მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარა საქართველომ და რატომ არ უნდა იყვნენ ამ ჯოჯოხეთის მომწყობნი და შემსრულებელნი დღესაც პატივში.

 

თუმცა, მახვილი მარტო მურუსიძეზე არ უნდა იყოს მიმართული. მის გვერდით იყვნენ სხვა მოსამართლეებიც, რომლებიც აუკანკალებლად აწერდნენ ხელს ნებისმიერ უსამართლო გადაწყვეტილებას, ოღონდ საკუთარი სკამი შეენარჩუნებინათ.

 

მარგველაშვილმა მთავრობას ანკესი ესროლა. ვნახოთ ვინ როგორ მიიღებს ამ გამოწვევას და ამის შემდეგ კიდევ ეყოლება თუ არა ლევან მურუსიძეს და მის „თანამებრძოლებს“ დღევანდელ მთავრობაში მხარდამჭერი.

 

 

ანდრია ლისაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: