მანანა ნაჭყებია: როცა ირინა ენუქიძეს გმირად ვაცხადებთ, მურუსიძის მუდმივ მოსამართლეობაზე საუბარი არ უნდა იყოს!

მანანა ნაჭყებია: როცა ირინა ენუქიძეს გმირად ვაცხადებთ, მურუსიძის მუდმივ მოსამართლეობაზე საუბარი არ უნდა იყოს!

„ივერიონს“ პრეზიდენტისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გადაწყვეტილებებზე, „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია ესაუბრა.

 

-ქალბატონო მანანა, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყევტილება, გარდაცვალების შემდეგ, ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვების შესახებ.

 

თქვენ როგორ შეაფასებთ ამას? 

 

ხომ არაა ეს პირდაპირი გზავნილი მთავრობისთვის, რომ მურუსეიძე და მისთანანი არ იყვნენ დღესაც ასეთ პატივში?

 

-უპირველესად მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ, რადგან ქალბატონი ირინა ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ის წლების მერეც, ქართული საზოგადოების მხრიდან დაფასებული იყოს! 

 

რაც შეეხება პირდაპირ გზავნილს, რომც იყოს ეს პირდაპირი გზავნილი მურუსიძის მომავალ არჩევასთან დაკავშირებით, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ძალიან კარგი იქნებოდა თუ პრეზიდენტი, საზოგადოების წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებმაც, ვიცით რა მოხდა მაშინ და ვაპროტესტებდით ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭის გარდაცვალებას და შემდგომ იმ ადამიანების დაუსჯელობას, ვინც ეს ჩაიდინა, ბუნებრივია მოვითხოვთ, რომ ლევან მურუსიძე, მოსამართლე, რომელმაც ხელი დააფარა დამნაშავეებს, სააპელაციო სასამართლოში არ იქნეს არჩეული!

 

თუმცა, როგორც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, მისი მხრიდან 2015 წელი, ქალის წლად იქნა გამოცხადებული და მან სწორედ ბოლო აკორდად ჩათვალა ის, რომ ირინა ენუქიძე, როგორც დედა და ქალი იმსახურებდა ამ ჯილდოს! აქედან გამომდინარე, როცა ირინა ენუქიძეს გმირად ვაცხადებ, მურუსიძის მუდმივ მოსამართლეობაზე საუბარი არ უნდა იყოს!

 

-გუშინ,არაჩვეულებრივი მოვლენის მოწმენი გავხდით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა, პირდაპირ „ვოისის“ სცენიდან გაანთავისუფლა თეონა ყოლბაია. ეს უჩვეულო სიტუაციაა ჩვენს რეალობაში...

 

გამოიხატება თუ არა კახა კახიშვილის ამ გადაწყვეტილებაში მისი ინოვაციური ნაბიჯი და გაბედულება, თუ ეს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის გამოძახილია?

 

-როგორც ჩანს, ეს მაინც მინისტრის პირადი გადაწყვეტილება იყო. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ კახა კახიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო არა მხოლოდ იმის გამო, რომ თეონა ყოლბაია „ვოისში“ მონაწილეობს და საკმაოდ კარგად მღერის, არამედ, იმის გამოც, რომ ალბათ ამ მსჯავრდებულმა ის ვადა, რომელიც მან საპატიმროში გაატარა, მოიხადა ისე, რომ არ დაურღვევია წესები და ექვემდებარება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას! ყველა შემთხვევაში, მე ამას დადებითად აღვიქვამ და მიმაჩნია, რომ კახა კახიშვილმა ძალიან ჰუმანური საქციელი ჩაიდინა.

 

ეს იქნება სტიმული, ძალიან ბევრი, სხვა პატიმრისთვის საიმისოდ, რომ მათ საპატიმროში ასე ვთქვათ, მოინანიონ თავიანთი ცოდვები, ზღონ იმის გამო, რაც ჩაიდინეს და შემდეგ საზოგადოებას დაუბრუნდნენ ისე, რომ მოხდეს მათი ხელახალი და სრული ინტეგრირება საზოგადოებაში.

 

ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან. შეიძლება ბევრი მათგანის ცხოვრებაში იყო შეცდომები, ზოგიც შეიძლება უდანაშაულოდ იხდის სასჯელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საუკუნოდ ზღონ ეს შეცდომები!

 

                      ესაუბრა მედეა შელია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: