დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია): საბერძნეთმა ცოდვის მორევში შეტოპა!
გუშინ საბერძნეთის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინება ოფიციალურად დააკანონა. საით ექაჩება ეს სატანისტური გადაწყვეტილება მართლმადიდებლურ სამყაროს, კომენტარი ვთხოვეთ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზ პეტრეს (კვარაცხელიას).
- მამაო, საინტერესოა თქვენი აზრი საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. სხვათაშორის, ეს ჯერჯერობით ერთად ერთი მართლმადიდებელი სახელმწიფოა, ვინც სოდომ-გომორის გზას ოფიციალურად დაადგა.
რით შეიძლება ეს დასრულდეს საბერძნეთისთვის და არსებობს თუ არა საშიშროება ანალოგიური გადაწყვეტილების მოსწრე გავხდეთ საქართველოში?
- სამწუხაროა, მაგრამ საბერძნეთის გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი და საკვირველი იყო - ქვეყანა, რომელიც მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ დამცველად ევლინებოდა თანამედროვე სამყაროს, აცდა ქრისტეს გზას და ძველაღთქმისეული ცოდვის მორევში შეტოპა - შეიძლება ვთქვათ საბერძნეთი შეიშალა
საბერძნეთი ყოველთვის იყო სხვა დანარჩენი მართლმადიდებელი ქვეყნებისთვის ქრისტეს მცნებების აღსრულებისა და მოწამეობის მაგალითი.
საინტერესოა, პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რამდენად გააპროტესტებს ადგილობრივი ეკლესია და რა შედეგებამდე მიიყვანს მის შემდგომ სულიერ განვითარებას!
ათონის მთა, როგორც მართლმადიდებლობის კერა, საიმედო საყრდენია ქრისტეს მიმდევრებისთვის. ალბათ დადგა ჟამი, დაიცვან სარწმუნოება და სათანადოდ შეაფასონ ის, რაც მათ ქვეყანაში ხდება.
მსგავსი კანონის მიღებას შეეცდებიან სხვაგანაც. არ გამოვრიცხავ, დაინტერესება მოხდეს ჩვენთანაც, მაგრამ ამ ტიპის განსაცდელი ერის კონსოლიდაციას აუცილებლად მოახდენს და საკადრის პასუხს გასცემს, იდეის ავტორებს.
ავტოკეფალური ეკლესია არასდროს ებრძვის ადამიანს, თუმცა გმობს, მასში არსებულ ცოდვას. როგორც ჩანს, მაგალითად არ უნდა დავისახოთ კონკრეტული სახელმწიფოები და საკანონმდებლო ორგანოები, არამედ ვუერთგულოთ ქრისტეს და მივყვეთ მის ნამდვილ სწავლებას. ,,უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით"...