მოსალოდნელია თუ არა მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი და დრამატული ცვლილებები?
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საზოგადოება მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვან და დრამატულ ცვლილებებს არ უნდა ელოდოს.
კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამთავრობო გუნდში შესაძლოა რამდენიმე ცვლილება განხორციელდეს.
„ბატონ ირაკლის, მადლობას ვუხდი. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და ბედნიერება წილადმხვდა, რომ ვიცე-პრემიერი მაშინ ვყოფილიყავი, როცა ბატონი ირაკლი პრემიერ-მინისტრი იყო. მას მადლობას იმ ნდობისთვისაც ვუხდი, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. დიდი მადლობა უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომელმაც ჩემი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე წარსადგენად ნდობა გამოხატა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე. ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერობის კანდიდატმა მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და არ მგონია, რომ მნიშვნელოვან, დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. რამდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს“, - დასძინა კვირიკაშვილმა.