რამდენი ლარით შემცირდა დედაქალაქის მერიაში, სამსახურებსა და გამგეობებში, საპრემიო თანხა?
"თბილისის მერიის ადმინისტრაციაში, საქალაქო სამსახურებსა და გამგეობებში საპრემიო თანხა 2015 წელს 10 მლნ ლარით შემცირდა"- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
„2015 წელს 2013-2014 წლებთან შედარებით, პრემიებისთვის გამოყოფილი თანხა, თითქმის, 10 მლნ ლარით არის შემცირებული", - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით 1,5 მლნ ლარით შემცირდა თბილისის მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდი. ასევე შემცირებულია საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისად, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, გამწვანებითი ღონისძიებები რჩება.