რაზე იმსჯელეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში?
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი და საპარლამენტო მდივანი, გიორგი კვერენჩხილაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანობა და თანადგომის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით შედგა.
შეხვედრაზე საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტზე ისაუბრეს.
რამდენიმე დღის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს ვეტოს დადების მოთხოვნით უკვე მიმართეს საქართველოს ბიზნესასოციაციამ და საქართველოს ბანკების ასოციაციამ. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციას განსხვავებული პოზიცია გააჩნია და მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ამ კანონთა პაკეტს ვეტო არ უნდა დაადოს.
„ჩვენ მოვისმინეთ ყველა მხარის პოზიცია, როგორც ბიზნესის ასევე, არასამთავრობოების. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კარგად გააზრებული პოზიცია. ერთ საკითხზე ყველა ვთანხმდებით, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება, რომელიც შეიძლება იყოს ინიცირებული და კანონის სახით წარმოდგენილი, არანარი ფორმით არ უნდა აუარესებდეს არც ერთი მხარის მდგომარეობას“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას საპოლიციო გამოსახლების კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დღის მეორე ნახევარში გააცნობს.