გიორგი კოდუა ავიაციაში არსებული დარღვევების გამოძიებას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების“ წარმომადგენლებმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს და ქართულ საავიაციო სივრცეში უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტის გიორგი კოდუას თქმით, აუცილებელია სპეციალური კომისიის შექმნა, რათა ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა დარღვევა დეტალურად იქნას გამოძიებული.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების განცხადებით, პრობლემები ბათუმის აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის კონტროლის განმახორციელებელ სპეციალურ კოშკურის ,,TOWER” აშენების შემდეგ დაიწყო. კერძოდ, კოშკურა ჩაისვა მყარი რკინის ფასადურ პანელში, რომელიც თვითმფრინავის მართვისთვის აუცილებელ სიგანლს ახშობს, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხო დაშვებას.
,,ქართული ავიასივრცის უსაფრთოების უსრუნველყოფა მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც, რადგან ისინი ჩვენს ავიაკომპანიებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.
მისივე თქმით, უსაფრთხო ფრენების საკითხს უკავშირდება, ასევე ავიამეთვალყურის ნებართვის გარეშე განხორციელებული ფრენებიც, რომელიც თბილისის აეროპორტში დაფიქსირდა.
გაერთიანება მიიჩნევს, რომ აუცილებელია კვალიფიკაციური კადრების გადამზადება და ფინანსური რესურსის არა ფასადური, არამედ არსებული პრობლემების მოგვარებისთვის გამოყენება.