კვირიკაშვილის მთავრობა მინუსებით შემოვიდა ისტორიაში და მას გამოსაცდელი 100 დღე ვერ ექნება!
მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი
„ქართული პლატფორმა“
2015 წლის 23 დეკემბერს ღარიბაშვილის გადადგომა პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან შიდა საქვეყნო ცხოვრებაზე არ ასახულა, რამაც გამოამჟღავნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიმყიფე, სისუსტე, უსუსურობა, ერთი მხრივ და ქართველი ხალხის უკიდეგანო, ისტორიულად ნაგროვები სიბრძნე, მეორე მხრივ, - ყველამ იცოდა, რომ ნომინალურმა, მარიონეტმა კაცმა დაკარგა პატრონი - ხელისუფლებისადმი უნდობლობას დაკლების რესურსი აღარ აქვს.
ბუნებრივია, ღარიბაშვილის ქართველი ხალხისადმი ანგარიშის ჩაბარებისა და ბოდიშის მოხდის გარეშე წასვლა - უზარმაზარი დარტყმაა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ავტორიტეტზე საერთაშორისო ასპარეზზე.
შედეგს ვხედავთ, მიზეზი ბოლომდე ვერ აგვიხსნია.
ხალხი ამბობს (დაწყებული ტაქსის მძღოლებითა და დამთავრებული პროფესორებით - თუმცა საქართველოში პირველი ხშირად უფრო მეტი პროფესორია), რომ ეს საქართველოს არაფორმალური მმართველის - ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოხდა.
ამ აზრს აძლიერებს ივანიშვილის მინიშნებები ღარიბაშვილის მომავალზე. აგრეთვე, ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა. იმუშავებ, გაგიშვებს , და თუ დროთა განმავლობაში არ შეგეტყობა წყენა, პირიქით, აღფრთოვანება, თმენა მოგემატება მის მიმართ, დაგაბრუნებს-დაგაწინაურებს!
2015 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად წარედგინა „ძველი“ ახალი მთავრობა - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრობის კანდიდატები.
მთავრობის წევრობის კანდიდატებს შორის ახალი იყო გადაადგილება გიორგი კვირიკაშვილისა საგარეო საქმეთა მინისტრობიდან -პრემიერ მინისტრად და მისი მოადგილის მიხეილ ჯანელიძისა - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობიდან - მინისტრად.
2015 წლის 30 დეკემბერს მთავრობას აღნიშნული შემადგენლობით საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ოპერატიულად, იმავე დღეს (კონსტიტუციით 2 დღიანი ვადაა განსაზღვრული) №30/12/01 განკარგულებით პრემიერ-მინისტრად დანიშნა კვირიკაშვილი.
ეს „ძველი“ ახალი მთავრობა ზემოთმოტანილი ლოგიკით არის ახალი მთავრობა?
ეს არის ახალი მთავრობა თვისობრივად. მთავრობის ამ წევრებმა თავის თავზე გამოსცადეს „კლინიკური პოლიტიკური სიკვდილი“. ერთ წუთში, ისე რომ მათთვის არავის არაფერი უთქვამს, ისინი აღმოჩდნენ უყველაფროდ, თანამდებობის გარეშე.
გარდა ამისა, ახალი კაბინეტის არსობრივი სიახლისთვის მინიმუმ ორი რამაა საჭირო: პირველი, ის თავისუფალი იყოს ისეთი ხისტი გავლენისგან გარედან, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ღარიბაშვილის შემთხვევაში და მეორე, ამ მთავრობის სამოქმედო პროგრამა გამსხვავდებოდეს წინამორბედის პროგრამისგან.
პირველთან დაკავშირებით იმის თქმა შეიძლება, რომ ხალხი ადრე იგებს რა ხდება, მაგრამ გვიან იწყებს მოქმედებას. ხალხი საკუთარ უფლებას - იყოს ხელისუფლების წყარო, არავის არ გადასცემს. მისი წართმევა კი - დასჯადია. ამ სასჯელს ვერავინ გაექცევა. როდის მოხდება ეს - იმაზეა დამოკიდებული, ვინც ცეცხლს ეთამაშება.
პირველ რიგში ეს ეხება მთავრობის წევრებს. ისინი დაივიწყებენ თავიანთ „ჭანჭიკობას“ საქართველოში შექმნილი მმართველობის ამ მოდელის დროს? იზრუნებენ მდგრადი ხელისუფლების შესაქმნელად, თუ იმუშავებენ მოულოდნელი განთავისუფლების დროს დაცემის ბალიშის შესაქმნელად? იქნებ შეიკრებიან პრემიერის ირგვლივ ერთ გუნდად, რადგანაც მიხვდნენ, რომ პრემიერი თანასწორთა შორის უბრალოდ პირველი კი არაა, არამედ მასზეა თითოეული „მიბმული“-მისი წასვლა-ყველას წასვლაა.
კვირიკაშვილმა სწორი სვლა გააკეთა (როგორც პირადი, ისე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით),როდესაც განაცხადა, რომ მინისტრებიდან არავის არ ცვლის, მაგრამ იქვე დაუშვა „შეცდომა“ (იქნებ ეს ითქვა სრულიად შეგნებულად: კოლეგების გასაფრთხილებლად), როდესაც უახლოეს მომავალში მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებების შესახებ განაცხადა. რამდენად შეუწყობს ეს ხელს ახალი კაბინეტის შიგნით გულწრფელ დამოკიდებულებას? როგორი განწყობით უნდა იმუშაოს ღარიბაშვილის კადრებმა?
რა პროგრამა წარადგინა კვირიკაშვილის მთავრობამ ნდობის მოსაპოვებლად?
ეს არის სამთავრობო პროგრამა სათაურით - „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსათვის“, რომელიც მეხუთედ -2012 წლის 19 ნოემბერი, 2013 წლის 20 ნოემბერი, 2014 წლის 26 ივლისი, 2015 წლის 7 მაისი და ახლა -2015 წლის 27 დეკემბერი- გახდა მთავრობის ნდობის გამოცხადების საფუძველი.
რით განსხვავდება ეს ბოლო პროგრამა წინამორბედისგან?
არსებითად არაფრით. ტექსტზე მომუშავე რეფერენტმა/რეფერენტებმა, იმისთვის, რომ „ახალი“ პროგრამა „ძველისგან“ განსხვავებული ყოფილიყო (ან რატომ უნდა ყოფილიყო გაუგებარია, როდესაც ახალი შემდგენლობა იგივე ძველი მინისტრთა კაბინეტია, რომლებიც ერთად ამტკიცებდნენ, რომ შედეგები საუკეთესოა, ხოლო ღარიბაშვილი მიღწევების მწვერვალიდან ტოვებს თანამდებობას) ადგა/ადგნენ და გეგმის შემადგენელი ნაწილები გადაადგილეს, ქვესათაურები შეუცვალეს. ერთი სიტყვით არქიტექტონიკა შეცვალეს.
გეგმაში მართალია მოიკლო იმ დაპირებათა რიცხვმა, რომელიც 2012 წლის ვერსიაში იყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ შესრულდა, არამედ იმიტომ, რომ არ აწუხებდეს მოსახლეობის გონებას. საერთოდ გაქრა მილიარდიანი ფონდები.
პროგრამა არ შეიცავს მინიშნებებს შედეგებზე დროში, არაა ინდიკატორები. ხოლო იქ სადაც დაპირებაა, ის იგივეა რაც იყო 2012 წელს. მომავალი ხომ უსასრულო სიდიდეა და ყველაფერი მომავლისთვისაა ნავარაუდევი. მაგრამ ამ მთავრობის მომავალი ხომ არაა უსასრულო? უფრო მეტიც, მათ ეს ვალდებულებები აღებული აქვთ უკვე მეოთხე წელია. შესრულებაა საჭირო.
რამდენიმე ტიპიური მაგალითი პროგრამის განახლების:
2015 წლის 7 მაისის სამთავრობო პროგრამაში ეწერა: დაწყებულია და მიმდინარე წლის ბოლომდე (ანუ 2015 წლის ბოლომდე - მ.ჯ.) დასრულდება „კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის“ შემუშავება.” „დაწყებულია და 2016 წელს დასრულდება „კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის“ შემუშავება.“- გვაიმედებს 2015 წლის 27 დეკემბრის პროგრამაც. რატომ არ მიიღეს აღნიშნული კოდექსი? თუ ესაა წარმატების მწვერვალი? სამთავრობო პროგრამა არაფერს ამბობს საყდრისის მუზეუმის მშენებლობაზე - რატომ?
სამთავრობო პროგრამიდან ამოღებულია ის, რაც უნდა დარჩენილიყო და დატოვებულია ის, რაც არ უნდა იყოს. საქართველოში თუ რა დამოკიდებულებაა მთავრობის მხრივ სასამართლო სისტემისადმი, პროგრამიდან კარგად ჩანს. საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა თავის პროგრამაში შეიტანა სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულება - სახელწოდებით „სასამართლო ხელისუფლება“ (გვ.59). შევახსენოთ მთავრობასა და პარლამენტს არა ზოგადად, ხელისუფლების შტოების შესახებ, არამედ კონკრეტულად საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ (თავი მეხუთე,მუხლი 82.3.) „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები“.
სამთავრობო პროგრამაში ამოღებულია თვითმმართველობის რეფორმის -ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი. რატომ? იმიტომ, რომ თვითმმართველობის რეფორმა „ჩავარდა“? მაშინ საჭიროა ადგილობრრივი თვითმმართველობის კოდექსის კორექტირება, სოფლებში თვითორგანიზების სისტემის დანერგვა, რეალური ფინანსური დეცენტრალიზაცია.
არაფერია ნათქვამი ყველაზე მოუწესრიგებელი საკითხის - მიწისა და წყლის სამართლებრივი უზრუნველყოფის შესახებ და ა.შ.
სიახლეა ის, რომ პროგრამა შეგვახსენებს: 2015 წელს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება (ეს “განვადებით“კანონების მიღება გაუგებარია: თუ საჭიროა ეს კანონი, რატომ ვაცხოვრებთ ქვეყანას ცუდი სამართლებრივ ნორმებით?). პრემიებისა და დანამატების საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილებულია იმის ცნობით, რომ 2016 წელს არსებული სისტემა შენარჩუნებული იქნება, თუმცა „2016 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს“ (გიხაროდენ!).
სამთავრობო პროგრამის ანალიზს ბლოკების მიხედვით სხვა დროს კიდევ დავუბრუნდებით.
თუმცა, აქ უნდა დაისვას კითხვა: მთავარი სიახლე და მთელი სახელისუფლო ცვლილება იმაში ხომ არ იმალება, რომ იქ სადაც წინა პროგრამაში ეწერა „აფხაზეთისა და ცხინვალის“ (გვ.54) რეგიონები, ეხლა წერია „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონები“ (გვ.44)? რის საფუძველზე შემოიტანა ეს ცნება პროგრამაში ახალმა „ძველმა“ მთავრობამ?
აქაც შედეგს ვხედავთ, მიზეზი არ ვიცით.
ხომ არ მიანიშნებს ეს იმას, რომ საქმე საერთოდ არაა ივანიშვილში. ისიც ამ მოვლენების დროს ღარიბაშვილივით არაფერს ამბობს. მიზეზი ის/ისინი ხომ არ არის/არიან, რამაც უზრუნველყო სააკაშვილისა და ივანიშვილის 10 წლიანი თანამშრომლობა საქართველოში: ჯერ ახლობლური, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში კოჰაბიტაციური?
ახლა მთავარია ახალმა მთავრობამ და მთავრობის მეთაურმა ჩამოიშოროს „ღარიბაშვილის იმიჯი“, მოახდინოს პოზიციონირება, როგორც გუნდურმა მოთამაშემ, მაგრამ ქვეყნის პირველი პირისთვის აუცილებელი, კანონით დადგენილი ავტონომიურობით - პრემიერი ნუ მისცემს თავს უფლებას საქართველოს სახელით ილაპარაკოს მხოლოდ „ჯანსაღი აზრის“ პრინციპით, სათანადო მტკიცებულებების გარეშე ტექსტებით. ტექსტის მომზადებისთვის ყველა აზრი მისი პროფილის სპეციალისტმა უნდა გაფილტროს (ამისთვისაა მინისტრთა კაბინეტის არა ერთი ასეული თანამშრომელი), რადგან არ არსებობს ამ თანამდებობის პირისთვის მეორეხარისხოვანი უზუსტობა, ხარვეზი, თუ შეცდომა. ჩვენ ამაში დაინტერესებული ვართ.
საახალწლო მილოცვაში პრემიერმა კვირიკაშვილმა ქვეყანას დაჰპირდა, რომ "საქართველო იქნება შესაძლებლობების ქვეყანა“ (http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=406&info_id=53182).
არა ბატონო პრემიერო:
საქართველო იყო, არის და იქნება დიდი შესაძლებლობების ქვეყანა. პრობლემა ყოველთვის ამ შესაძლებლობების გამოყენების ხარისხში გახლდათ.
ამიტომ, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ თქვენს მთავრობას სჭირდება ამ შესაძლებლობების შექმნა (ხომ არ ფიქრობთ, რომ აშშ შესაძლებლობების ქვეყანაა, ხოლო საქართველო-არა?)-ეს ისტორიული მინუსია. თქვენი მთავრობის ამოცანაა საქართველო არ დატოვოს გამოუყენებელი შესაძლებლობების ქვეყნად!