თქვენ საფლავებსაც დაუყენებთ დაცვას?

თქვენ საფლავებსაც დაუყენებთ დაცვას?

პასუხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

 

ჩემთან ინტერვიუს, რომელიც გაზეთ „ქართულ სიტყვაში“ გამოქვეყნდა სათაურით - „თამარ სანიკიძეს დიპლომი არ აქვს?“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა. 

 

ასათიანი წერს:  „გაზეთ „ქართული სიტყვის“ ვებგვერდზე ყოფილ პედაგოგ დავით ფერაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. სამწუხაროდ, ინტერვიუ სავსეა არასწორი ინფორმაციით, უსამართლო ბრალდებებით და ზოგადად, წარმოადგენს განათლების სამინისტროს დისკრედიტაციის უხეირო მცდელობას.

 

რასაკვირველია, გვესმის და პატივს ვცემთ მედიის სრულ თავისუფლებას, მაგრამ ხომ შეიძლება, მსგავსი პუბლიკაციის მომზადებისას, ჩვენც დაგვირეკონ და გადაამოწმონ ინფორმაცია. რა მოხდება ეს რომ წესად ვაქციოთ... ბოლოს და ბოლოს, როგორც ჩემი ლებოვსკი იტყოდა ბოულინგშიც კი არსებობს გარკვეული წესები „This is not ‘Nam. This is bowling. There are rules“.

 

წარმოგიდგენთ ინტერვიუში მოყვანილ ტყუილების ჩამონათვალს:

 

„სკანდალი – თამარ სანიკიძეს დიპლომი არ აქვს?“ - ტყუილია. მინისტრს აქვს დიპლომი

„მინისტრს თავისი დარგის წარმომადგენლებთან დიალოგი არ შეუძლია“ - ტყუილია, მინისტრი თითქმის ყოველდღიურად ხვდება პედაგოგებს.

 

„ნეპოტიზმი უმაღლეს რანგში აიყვანა“ - ტყუილი და დაუსაბუთებელი ბრალდებაა.

 

„არსებობს ეჭვი, რომ დიპლომირებული სპეციალისტიც არაა და რაღაც მაქინაციებით შეუძენია ეს დიპლომი“ - ტყუილია.

 

„ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, როცა ის ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსულა, ვერ მიჩვენებთ ვერც ერთ კადრს, როცა სანიკიძე პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოსულიყოს“ - ტყუილია.

 

სამინისტროში შეიქმნა ე.წ. კონსულტანტთა ჯგუფი, რომლის «კრიშებიც» არიან სამინისტროს მაღალჩინოსნები - ტყუილია.

 

„ჩემზე შური იძია მინისტრმა“ - მის გათავისუფლებაში მინისტრს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, ის თავისი კოლეგების მიერ დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა, რაც, ალბათ, მისი როგორც პედაგოგის რეპუტაციაზე მეტყველებს.

 

რალდება ოჯახურ ბიზნესზე, რომ მათმა ფირმამ შსს-ს მთელ რიგ ტენდერებში გაიმარჯვა ჯერ კიდევ მაშინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ღარიბაშვილი იყო. შემდეგ, როცა სანიკიძე მინისტრი გახდა, ტენდერებმაც მოიმატა და მათი შემოსავლებიც გაიზარდა. - ტყუილია.

 

„სანიკიძის შენახვა სახელმწიფოს დღეში 600-666 ლარი უჯდება“ - ტყუილია.

 

ერთადერთი სრული სიმართლე წერია ამ ინტერვიუში: ჩვენი აუდიტის სამსახურის უფროსი, მართლა ძალიან სიმპატიურია“.

 

ასათიანის გამოხმაურებას წავაწყდი „for.ge“-ს „ნიუსებში“-ც ამიტომ ჩემი ეს პასუხი ჯერ მას გავუგზავნე, იმ იმედით, რომ გაითვალისწინებდა პროფესიული ეთიკის მოთხოვნებს და ცალმხრივობას არ გამოიჩენდა. სამწუხაროდ, ხსენებული გამოცემა ამ დრომდე თავს იკავებს ჩემი პასუხის გამოქვეყნებისგან, რითაც გვიქმნის ეჭვს, რომ ის სამთავრობო უწყების გავლენას განიცდის. 

 

აქვე გთავაზობთ ჩემგან მიწერილ კომენტარს, ხოლო ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავ მის თითოეულ წინადადებას:

 

„აი, თქვენ რომ არაპროფესიონალი ხართ და ასევე საეჭვოდ იკავებთ მაგ პოსტს, ტყუილია? ტყუილად რომ გიხდიან ხელფასს და თან მასწავლებლებზე ბევრად მეტს, ტყუილია? მარტო „ტყუილიას!“  რომ გაიძახით და ვერ მოგყავთ დასაბუთება (ჩემგან განსხვავებით) ტყუილია? როდესაც ჟურნალისტები ჩემი პოზიციის შეფასებას გთხოვენ ხოლმე და ასე პასუხობთ: „არ ვეთანხმებით ფერაძის პოზიციას“ ტყულია? სანიკიძე რომ არაპროფესიონალია, ნეპოტისტია და შურისმაძიებელია, ამას მე ფაქტებით ვადასტურებ და მალე თქვენც გაგცემთ პასუხს. კი არ ღირხართ „ჩიტი ბდღვნად“ მაგრამ მაინც გაგცემთ... რა დიალოგი აქვს მაგ თქვენ მატყუარა სანიკიძეს,  მაგაზეც ვისუბრებ და იძახეთ მერე ისევ „ტყუილიაო“.  რეიტინგი რომ ნული გაქვთ, ეგეც ტყუილია? დაადასტურეთ ოფიციალურად, თუ დიალოგი შეგიძლიათ. შემხვდით. თუმცა ახლა გვიანია თქვენთვის. წყალწაღებულებივით ხართ... დანარჩენს პრესით გაიგებთ.“

 

ეს გახლდათ ჩემი  კომენტარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ნატა ასათიანის „პოზიციაზე“.

 

ქალბატონი ნატა ზუსტად “საზოგადოებასთან ურთიერთობის წესების დაცვით“ მოიქცა;

 

ჩემი პასუხისთანავე „დამბლოკა“ და სამინისტროს მუშაკთა სიმარტივე სასაცილოდ დაადასტურა! საზოგადოებასთან ურთიერთობაც ამას ქვია - სანიკიძის დამცველი პიარსპეციალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში სამინისტროს რჩეული, საზოგადოებასთან კოტაქტს გაურბის. რას იზამ, ასე ესმის კომუნიკაციის ანა-ბანა! 

 

თქვენ დალოცვილო, თუკი უნდა დამალულიყავით, აბა, ვისთვის წერდით მაგ სისულელეებს, მარტო თქვენთვის?! 

 

აი, ვისზე დაუდგა საქმე მინისტრ სანიკიძეს და მის დამქაშებს. მპასუხობს მინისტრივით დილეტანტი ნატა.  რაღა თქმა უნდა, ამას სანიკიძის დავალებით „იქმს“, თორემ “შარში“ გაყოფდა თავს? დაავალეს და რას იზამდა.  ამით „უფროსი“ ერთგულებასა და საქმიანობაში დაარწმუნა. სამაგიეროდ, თვის ბოლოს პრემიასაც გამოკრავს ხელს „ზეგანაკვეთური“ შრომისთვის.

 

იმდენი უნარი სად ჰქონდა, პრესითვე დამპირისპირებოდა და თან იქ ხომ საჯაროდ მოიჭრიდა თავს. დალოცვილი სოციალური ქსელი ამჯობინა, ჩემი რამდენიმე წინდადება ცალ-ცალკე შეაფასა, მხოლოდ ერთი  ჯიუტი  “ტყუილია“-თი. არ ჯობდა, გაეერთიანებინა ინტერვიუდან ამოკრებილი წინადადებები და 7-ჯერ გამეორებას, ბოლოში ერთხელ მიეწერა, ფერაძის ყველა ეს განცხადება ტყუილიაო? 

 

ამით მორჩებოდა საქმე. მაგრამ, არა... ცოტა შრომა ხომ უნდა დაენახვებინა „დედა მარჩენლისთვის“? ამიტომაც  ეს ერთადერთი სიტყვა „ტყუილია“  7-ჯერ „დააკოპირა“ და „ჩასვა“... მორჩა, სულ ეს იყო მისი შრომა! 

დაუფასებენ, ქალბატონ ნატას, როგორ არა, ბოლოს და ბოლოს „დიდი თამროს ბოულინგ კლუბში“ სულ ტყუილადაც რიგდება პრემია და „Copy“ „Paste“- შრომა მაინც არის!

 

ახლა კი ვუპასუხებ სანიკიძის „PR manager“-ს. (მუქი ტექსტი ასათიანის მიერ მოხმობილი ციტატებია ჩემთან ინტერვიუდან)

 

ნატა ასათიანი:

„გაზეთ „ქართული სიტყვის“ ვებგვერდზე ყოფილ პედაგოგ დავით ფერაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა.“

 

ესაა თქვენი პირველი წინადადება და უკვე პიარის წესების დარღვევას, უცოდინრობასა და დისკრედიტაციას ამჟღავნებთ. გასაგებია, ფსევდოკონკურსით გაPRmanager-დით, მაგრამ განათლების სისტემაში მაინც არ იყოთ მოხვედრილი, კიდევ გეპატიებოდათ ეს შეცდომა. რას ნიშნავს „ყოფილი პედაგოგი“? განა, არ უნდა იცოდეთ  პიარის სწორუპოვარმა სპეციალისტმა, რომ არ არსებობს „ყოფილი პედაგოგი“,  ისევე, როგორც არ არსებობს ყოფილი მათემატიკოსი,  ყოფილი ფსიქოლოგი და ა. შ.? 

 

აი, სანიკიძეს და თქვენნაირებს რომ გაგისტუმრებთ სისტემიდან, თქვენ ნამდვილად ყოფილი იქნებით, ანუ თქვენ იქნებით ყოფილი მინისტრი, ყოფილი PR manager...

 

ნატა ასათიანი:

„სამწუხაროდ, ინტერვიუ სავსეა არასწორი ინფორმაციით, უსამართლო ბრალდებებით და ზოგადად, წარმოადგენს განათლების სამინისტროს დისკრედიტაციის უხეირო მცდელობას“.

 

როგორ გეკადრებათ? პირიქით, ყველაფერზე, რასაც მტკიცებულებით ფორმას ვაძლევ ამ და სხვა ინტერვიუებშიც, არსებობს შესაბამისი დოკუმენტები და მათ შორის ზოგი მათგანი გადაგზავნილია სამართალდამცავ თუ საკანონმდებლო ორგანოში. ვარაუდის, აზრის, პროგნოზის და ა.შ. უფლებას კი კანონი გვანიჭებს. ისე, რომ ჩემ ნათქვამში არც არასწორი ინფორმაციებია, და არც არასწორი ბრალდებები. ინფორმაციასა და აზრს რომ ვერ ასხვავებთ, ეს თქვენ ფეისბუქპოსტს, სხვა ყველაფერთან ერთად, ლაიტმოტივად გასდევს. რაც შეეხება დისკრედიტაციის მცდელობას („წარმოადგენს განათლების სამინისტროს დისკრედიტაციის უხეირო მცდელობას“) ისედაც დისკრედიტებული, ურიეტინგო, თავიდან ბოლომდე „ლაფში ამოსვრილები“ ხართ და მაგას რაღა მცდელობა უნდა?!

 

ნატა ასათიანი:

„რასაკვირველია, გვესმის და პატივს ვცემთ მედიის სრულ თავისუფლებას, მაგრამ ხომ შეიძლება, მსგავსი პუბლიკაციის მომზადებისას, ჩვენც დაგვირეკონ და გადაამოწმონ ინფორმაცია. რა მოხდება ეს რომ წესად ვაქციოთ... ბოლოს და ბოლოს, როგორც ჩემი ლებოვსკი იტყოდა ბოულინგშიც კი არსებობს გარკვეული წესები „This is not ‘Nam. This is bowling. There are rules“. 

 

მართლაც მტკნარი სიცრუე: როდისღა და როგორღა უნდა დაგირეკონ,  ქალბატონო ნატა? როგორც მე ვიცი და ჟურნალისტებიც დამემოწმებიან, მასალების მომზადების წინ მედია ყოველთვის გიკავშირდებათ. იმაშიც დამემოწმებიან, რომ ჩემთან ინტერვიუს შემდეგ დელიკატურად მეც ვთხოვ ხოლმე მათ, მოისმინონ სამინისტროს პოზიციაც. და კიდევ, იმაშიც დამემოწმებიან,  პირველ ეტაპზე  „ლაკონურად“ პასუხობდით - ფერაძის პოზიციას არ ვიზიარებთო, ისე პასუხობდით, არც კი უსმენდით. იქნებ და ხოტბას გასხამდით.  ბოლოს, გაკადნიერდით და  ასე განუცხადეთ: როდესაც ფერაძესთან ინტერვიუს ჩაიწერთ, პირდაპირ შეგიძლიათ მიაწეროთ, რომ სამინისტრო არ ეთანხმებაო.  ტყუილია? სხვანაირად, ვისთან და როგორ გადაემოწმებინათ ინფორმაცია?

 

არადა, რა ადვილია,  იღებდე მასწავლებელზე მეტ ხელფასს, ამ დროს იყო  არაპროფესიონალი, ლებოვსკივით უდარდელი, მაგრამ მასზე მეტად საქმეში ჩაუხედავი, იყო ნეპოტიზმის ერთ-ერთი პროდუქტი და შემოიფარგლო მხოლოდ ასეთი პასუხით. რატომაც არა? სად გცალიათ საქმისთვის! სამინისტრო ხომ ყავახანაა, შტატიანი თუ არასაშტატო ყავის დამტარებლებით, ანუ იგივე ბოულინგკლუბია თქვენთვის და თქვენი „შეფებისთვის“.

 

თქვენი პიარ-მომზადებაც, ალბათ “ლებოვსკისეულ“ ფილოსოფიას ეყრდნობა. არც გამიკვირდება, მხოლოდ ეს „ცოდნა“ თუ გამოგადგათ ბოულინგკლუბთან ასოცირებულ სამინისტროში  მოსაკალთებლად? ლიტერატურიდან მაინც მოგეტანათ ციტატა.  ისე, თუ არ ვცდები, „დიდი ლებოვსკია“ და არა „ჩემი ლებოვსკი“ და ვიმედოვნებ „ჩემი“-ში  „ჩემეულ„-ს გულისხმობთ.  ლებოვსკი რომ თქვენი ან თქვენეული იყოს, არც ეგ გამიკვირდება. სამინისტროს უმრავლესობა ლებოვსკისოდენ საქმეს თუ მაინც აკეთებთ, კიდევ არ უშავს.

 

ნატა ასათიანი:

„წარმოგიდგენთ ინტერვიუში მოყვანილ ტყუილების ჩამონათვალს:

„სკანდალი – თამარ სანიკიძეს დიპლომი არ აქვს?“ - ტყუილია. მინისტრს აქვს დიპლომი“.

 

თქვენ დალოცვილო, თქვენვე გამოგიტანიათ ინტერვიუს სათაური ციტატაში და რაზე ამბობთ ტყუილიაო? კითხვის ნიშანი ვერ შეამჩნიეთ? კითხვითი წინადადება, არ იცით, რა არის? იქნებ, ახლა მეც  ასე მიპასუხოთ, „ტყუილია, კითხვითი წინადადება, ვიცით, რაც არისო?“.  სათაურში განა ფაქტის ფიქსირებაა - შეკითხვა არის დასმული. კეთილი ინებეთ და უპასუხეთ. 

 

მაგრამ, რომ უპასუხოთ, მარტივი პასუხი არ არის საკმარისი. ზოგადად, ეჭვი არსებობს და ხმები დადის, რომ მაღალ თანამდებობამდე სანიკიძეს  არ ჰქონდა და მერე, შესაძლოა, რაღაც მაქინაციებით  შეიძინა დიპლომი.  რადგან ეჭვი არსებობს და შეკითხვები ისმის, გაფანტეთ, უარყავით ეჭვი და არგუმენტირებულად უპასუხეთ შეკითხვებს. ამის მარტივი გზაა გამოაქვეყნოთ სანიკიძის  დიპლომ(ებ)ის  ასლ(ებ)ი და  ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)იც. 

 

რიგით მოქალაქეებს, როდესაც სამსახურს იწყებენ, ხომ თხოვენ დიპლომის ასლს? წარმოიდგინეთ, რომ გაბრაზდნენ ისინი, როგორ გვაკადრეთო. განა დიპლომი არ გვექნებაო, მხოლოდ სიტყვებზე გვერწმუნეთო... ჰოდა,  მინისტრი რიგითი მოქალაქე ხომ არაა - საჯარო პირია.  გააგებინეთ ხალხს, რომ ნამდვილად დიპლომირებულია და გაქრება ეჭვი.  მაგრამ არა, ამას როგორ იკადრებთ! ჰოდა, რომ არ კადრულობთ, თქვენვე გვიწყობთ ხელს, ვირწმუნოთ სანიკიძის უდიპლომობის ვერსია.

 

ნატა ასათიანი:

„მინისტრს თავისი დარგის წარმომადგენლებთან დიალოგი არ შეუძლია“ - ტყუილია, მინისტრი თითქმის ყოველდღიურად ხვდება პედაგოგებს - ტყუილია“.

 

კარგი, რა ქალბატონო ნატა, თქვენ მაინც არ გრცხევენიათ? რომელ პედაგოგს შეხვდა, დამისახელეთ!  ან დღეში, საშუალოდ, რამდენ მათგანს ხვდება?  და თუ ხვდება, რას ეუბნებიან პედაგოგები, კმაყოფილების ზენიტში ვართ თქვენი ზრუნვითო?! პროფესიული განვითარების სულელურმა სქემამ აღგვაფრთოვანაო?! ხელფასი იმდენი გვაქვს, ვეღარ ვხარჯავთო? ფერაძის წინააღმდეგ რომ გადაერთეთ მთელი სამინისტრო  და სკოლებს მასთან, როგორც ტერორისტთან კონტაქტი რომ აუკრძალეთ, ამის გამო ვარსკვლავის გახსნას იმსახურებთო?.. რაზე ესაუბრბიან პედაგოგები მინისტრთა შორის ყველაზე ურეიტინგო და ყველაზე მიუღებელ მინისტრს?  დამისახელეთ, ვის შეხვდა მაგალითად, წინა კვირას? კი, იყო ერთი-ორჯერ შეხვედრა გასულ წელს, თუმცა, მაგ შეხვედრებს ისეთი მზადება უძღვოდა წინ, ბრეჟნევსაც შეშურდებოდა. (იმედია, იცით, ვინ იყო ბრეჟნევი)...

 

ნატა ასათიანი:

„ნეპოტიზმი უმაღლეს რანგში აიყვანა“ - ტყუილი და დაუსაბუთებელი ბრალდებაა“.

 

დაუსაბუთებელი კი არა, კარგად დასაბუთებული და ათასჯერ გასაჯაროვებული დოკუმენეტებით გამყარებული ბრალდებაა. დოკუმენტები, რომლებიც,  ხელთ მაქვს ადასტურებენ, რომ  2013 წლის მერე სანიკიძემ ააყვავა ნეპოტიზმი, საჯარო სამსახურებში შესარჩევ თანამდებობებზე ყველა კონკურსი ჩატარდა დარღვევებით და დასაქმდა სანიკიძისა და მისი გუნდის საახლობლო ადამიანები. დარღვევები დადასტურებულია საკონკურსო საოქმო ჩანაწერებით, რომლებიც ამაოდ გავუგზავნე სამართალმდაცავებს და პარლამენტს. ზოგან, მაგალითად, დიდუბე-ჩუღურეთის რესურს ცენტრის უფროსად ისეთი ადამიანი რომ დანიშნეს, რომელმაც კონკურსში ტესტირების ეტაპი ვერ გადალახა, ეს დარღვევა არაა? ასეთი დარღვევები უამრავია და ადასტურებს იმას, რომ სამინისტროს გამოცხადებული ყველა კონკურსი, როგორც შინაარსობრივად, ისე შედეგების თვალსაზრისით იყო აბსოლუტური ბლეფი.

 

ნატა ასათიანი:

 „არსებობს ეჭვი, რომ დიპლომირებული სპეციალისტიც არაა და რაღაც მაქინაციებით შეუძენია ეს დიპლომი“ - ტყუილია“.

 

ამაზე უკვე ვისაუბრე და აღარ შევჩერდები, მხოლოდ ერთს გკითხავთ, რა არის აქ ტყუილი, ის რომ ეჭვი არსებობს, თუ ის, რომ სანიკიძე მართლაც არაა განათლების სფეროს სპეციალისტი?

 

ნატა ასათიანი:

„ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, როცა ის ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსულა, ვერ მიჩვენებთ ვერც ერთ კადრს, როცა სანიკიძე პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოსულიყოს“ -ტყუილია“.

 

ეს თუ ტყუილია, წარმოადგინეთ სიმართლის დამამტკიცებელი ვიდეომასალა. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის წევრი 150 მასწავლებელი, სანიკიძესთან კონფლიქტურ სიტუაციამდე ვითხოვდით მასთან ფართომასშტაბიან შეხვედრას. მაშინ დარღვევების მორევში ჯერ კიდევ არ იყო გადაშვებული. პირიქით, იმედით ვუყურებდით, თან დიდი იმედით და კეთილგანწყობითაც. ამას მოწმობს ჩემი მიმართვაც, რომელიც მაშინ პრესამ გაავრცელა. ამ ნდობის მიუხედავად, მას სურვილიც არ ჰქონია შეხვედროდა დაინტერესებულ პედაგოგებს და გინდათ დამარწმუნოთ, რომ უნდობლობის ატომსფეროში ხვდება მათ?

 

ნატა ასათიანი:

„სამინისტროში შეიქმნა ე.წ. კონსულტანტთა ჯგუფი, რომლის «კრიშებიც» არიან სამინისტროს მაღალჩინოსნები - ტყუილია“.

 

ეს ამბავი ჩემგან პირველად გაიგეთ?  ამ დარღვევებზე პარლამენტს და პროკურატურას რომ მივმართე,  არ იცოდით? არც ისი იცით, რომ ამ საქმის ჩაფარცხვა ასე ადვილად არ გამოგივათ? 

 

ნატა ასატთიანი:

„ჩემზე შური იძია მინისტრმა“ - მის გათავისუფლებაში მინისტრს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, ის თავისი კოლეგების მიერ დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა, რაც, ალბათ, მისი როგორც პედაგოგის რეპუტაციაზე მეტყველებს“.

 

საერთოდ, წვლილი კეთილ საქმეში მიუძღვით. ბოროტ საქმეში კი ბრალი აქვთ. ბრალი კი სანიკიძეს ნამდვილად მრავლად აქვს. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ სწორედ სანიკიძეა ჩემი გათავისუფლების უპირველესი ინიციატორი და არავის სჯერა თქვენი ზღაპრების. დიახ, სწორედ  გაავებული სანიკიძეა შურსიმაძიებელი; დიახ, სწორედ ამ ქალმა დაისახა მიზნად, რადაც უნდა დაჯდომოდა, მოვეშორებინე საჯარო სკოლიდან, ამისთვის იბრძოდა 2013 წლიდან. ჩემი საწინააღმდეგო ცრუ საქმის შეკერვას აიძულებდნენ სამინისტროს „მსტოვრები“  ჩემი სკოლის (116-ე საჯარო სკოლა) ყოფილი დირექტორს დიმიტრი მეჭურჭლიშვილს, თვით სანიკიძემაც მიუთითა პირად შეხვედრაზეც, რომ ჩემი გაშვებით დირექტორობას შეინარჩუნებდა; დიახ, სწორედ სანიკიძემ დასაჯა და გაუშვა დიმიტრი მეჭურჭლიშვილი, რადგან სიბინძურეში არ აყვა მას;  სწორედ სანიკიძის დავალებით შეირჩა მასავით არაპროფესიონალი და ბავშვებზე მოძალადე, არაკოლეგიალური,  საეჭვო მორალურ-ადამიანური რეპუტაციის მქონე პიროვნება, რომელსაც სწორედ ამ სახელით იცნობდნენ და იცნობენ 116-ე საჯარო სკოლის კოლეგების, მშობლებისა  და მოსწავლეების უდიდეს ნაწილში (მათ მიმართეს კიდეც სამინისტროს, მაგრამ “თამროს ბოულინგ კლუბის“ ხრწნაზე ისიც მეტყველებს, რომ მიმართვა უკან დააბრუნეს) რომლითაც ჩაანაცვლეს მეჭურჭლიშვილი. 

 

აი, ამ ე.წ. დირექტორმა ძალიან იოლად, სინდისის ქენჯნის გარეშე იკადრა ის, რაზეც კატეგორიული უარი თქვა მეჭურჭლიშვილმა, ის დაეთანხმა სანიკიძის უწყების მითითებას და შეთითხნა 5 ცრუ, აბსოლუტურად ცრუ ბრალდება და სამ ადამიანს იძულებით მოაწერინა ამაზე ხელი. მსგავსი სიბინძურე, რაც ამ სინდისთან მწყრალად მყოფმა „შემსრულებელმა“ იკადრა, არ მახსენდება,  რომელიმე სკოლაში მომხდარიყოს. 

 

დიახ, მათ არაადამიანობაზე, სინდისის უქონლობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათი მითითებით, შუა ზამთარში ქუჩაში გამიშვეს ორი შვილის მამა, ოჯახის ერთადერთი დასაქმებული ადამიანი. და ამით დაამტკიცეს, რომ ისინი არიან ხორცშესხმული ბოროტები. ისინი ჩემ გარდა ჩემ ოჯახს მიწვდნენ და ჩემი მცირეწლოვანი შვილების წინაშე ჩაიდინეს საშვილიშვილო დანაშაული. 

 

რატომ მოიქცნენ ასე? იმიტომ, რომ მხილება ვერ აიტანეს ჩემგან.  მაგრამ, ეს სამარცხვინო დანაშაულებრივი დაღი, მათ მთელი ცხოვრება ტვირთად დააწვებათ. ეს  ბინძური ხროვა, ეს ამორალური, მყვლეფავი არსებები ადრე თუ გვიან, მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. პასუხს აგებენ, როგორც დამკვეთები და სხვა წვრილფეხა გახრწნილი ამორალები კი  - როგორც შემსრულებლები.  მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. მარტო ჩემი და ჩემი ოჯახის კი არა, იმის გამოც, რომ ქვეყნის დაუნდობელი დამაქცევრები არიან. და თუ სახელმწიფო არ აგებინებს პასუხს, სად წავლენ? მუდმივად კაბინეტს და 130 ათასიან ავტომობილებს შეაფარებენ თავს? 

 

საფლავებზეც დაცვას დაიყენებენ? ვიმედოვნებ, რომ თქვენი ბრალი ამ ყველაფერში მხოლოდ დილეტანტობა და „დამსაქმებელთა“ წინაშე აღებული ვალდებულებაა, რომ გონს მოხვალთ თქვენ პასუხისმგებლობამდე. რა ვქნა, მაინც მებრალებით! 

 

 თქვენგან ხსენებულ ჩემს რეპუტაციაზე კი ნამდვილად მეტყველებს საქართველოს სასკოლო საზოგადოების მეგობრული დამოკიდებულება. ჩემი სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების განწყობა. უმოკლეს ხანში,  სამინისტროსა და მისი გამოგზავნილი თაღლითი ე.წ. დირექტორის ძალადობის მიუხედავად, მათ დაამტკიცეს, ვინ ურჩევნიათ - მე თუ თქვენი გამოგზავნილი თქვენივე მსგავი ემისარი ფსევდოდირექტორი. ამ ემისარს ღიად, პირისპირ ამხელენ მოსწავლეები და მშობლები, პირისპირ მიმართავენ უკიდურესად უარყოფითი ეპითეტებით. ალბათ, იხილავდით, პირდაპირ ეთერშიც, მთელი მსოფლიოს გასაგონადაც ეძახდნენ მატყუარას...  

 

რაოდენ ურეპუტაციო, უთავმოყვარე უნდა იყო სკოლის ხელმძღვანელი, რომ ბავშვმა ასეთი სიტყვებით „შეგამკოს“ და საზოგადოებაში მაინც თავი გამოყო.  აი, თქვენი ნამდვილი სახე! აბა, დიმიტრი მეჭურჭლიშვილი, თუნდაც დელიკატურად გაეკრიტიკებინა ვინმეს, მთელი სამინისტრო სკოლაში გაჩნდებოდა. ამ ფსევდო დირექტორის არაეთიკურობა და ძალადობა არაერთხელ დაფიქსირდა და ვითომც არაფერი. 

 

სწორედაც რომ არაფრად ჩააგდეთ ჩემი რეპუტაცია, რომელიც სასკოლო საზოგადოებაში, ჩემ მოსწავლეებსა და მათ მშობლებში მაქვს, თქვენ, ანუ სამინისტრომ წააქეზეთ ფსევდო დირექტორის ძალადობა, რომელიც რამდენიმე კვირა პოლიციის ესკორტების დახმარებით ფიზიკური ძალადობით აიძულებდა უკმაყოფილო მოსწავლეებს დასწრებოდნენ გაკვეთილებს, სწორედ ამ წაქეზებით, მოსწავლეები დაამწყვდიეს საკლასო ოთახებში, გადაუკეტეს კარ-ფანჯრები და დასვენებებზეც კი არ უშვებდნენ გარეთ.  ეს „დირექტორი“ე.წ. ურჩი მოსწავლეების მშობლებს ემუქრება, რომ მათ შვილებს პრობლემებს შეუქმნის, თუმცა, საბედნიეროდ, მშობლებს ვერ აშინებს.  ეს. ფსევდოდირექტორი კუთვნილ გაკვეთილებს ან აცდენს, ან მხოლოდ ჩემზე საუბარს უძღვნის... რომელი ერთი ჩამოვთვალო?! და ეს ძალადობა დღემდე გრძელდება, ასეთი დირექტორი, წესით სამართალდამცავებმა ბორკილებდადებული უნდა დააკავონ, მაგრამ, თქვენი კაცთმოძულე მინისტრისგან წაქეზებული, ის დღემდე აგრძელებს ბოროტებას.

 

და ვის დაეყრდნო ჩემს გაშვებაში? კოლეგებს? არა, ორიოდე მასწავლებელს, ისეთებს, რომლებიც მოსწავლეებს აშანტაჟებენ და მათზე ძალადობენ. ამაზე მოსწავლეებმა არაერთხელ მიმართეს დირექციას, მაგრამ ის ე.წ. პედაგოგები დღემდე აგრძელებენ „ღვწას“.  თქვენი მაქინატორი უზნეო „კრასავჩიკი“ აუდიტორი კი თურმე ვერ ამჩნევს, ვერ ადასტურებს ჩემ ეჭვებს, სამაგიეროდ, არარსებული ანონიმი „მომჩივნების“ არარსებულ დარღვევებზე ტომებს თხზავს. 

 

და თქვენ ბედავთ და ჩემს რეპუტაციაზე საუბრობთ! რა თქმა უნდა, ჩემთვის დამამცირებელია სანიკიძეს და მის დამქაშებს შევედარო, თუმცა, საქმეში რომ ჩაგეთვალოთ და დამატებითი პრემიის აღება კიდევ მოასწროთ, სანამ მანდ ხართ, შესთავაზეთ იდეა მონსტრ-მინისტრს, ჩაატარეთ ფარული გამოკითხვა და თქვენი ხროვისა და მისი კრასავჩიკ-პრინცესის რეიტინგი 5%-ითაც თუ გამისწრებს, საჯარო ბოდიშს მოგიხდით.

 

ნატა ასათიანი:

„ბრალდება ოჯახურ ბიზნესზე, რომ მათმა ფირმამ  შსს-ს მთელ რიგ ტენდერებში გაიმარჯვა ჯერ კიდევ მაშინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ღარიბაშვილი იყო. შემდეგ, როცა სანიკიძე მინისტრი გახდა, ტენდერებმაც მოიმატა და მათი შემოსავლებიც გაიზარდა. - ტყუილია.“

 

როგორც დილეტანტს კარგად ვერც ეს „ტყუილი“ გაგიაზრებიათ. არადა,  ყველაზე ადვილი გადასამოწმებელი ინფორმაციაა. მოძებნეთ მონაცემთა ბაზაში და აღმოაჩენთ, რომ  მინისტრის მამა რელგიზ სანიკიძე  და ძმა ლევან სანიკიძე არიან შპს “ეკონომის”. 46/24 %-ის მფლობელები. კომპანიამ 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეუწყებებში 7 ტენდერში გაიმარჯვა. თამარ სანიკიძის გამინისტრების მერე კი,  დაახლოებით ერთ თვეში „ეკონომმა“ გაიმარჯვა ტენდერში  (სასაზღვრო პოლიციაში), რომლის ღირებულებაც 200 ათას ლარს აღემატებოდა,  ვერ ვხვდები, აქ რაზე ამბობთ, ტყუილიაო. 

 

ნატა ასათიანი:

„სანიკიძის შენახვა სახელმწიფოს დღეში 600-666 ლარი უჯდება“ - ტყუილია.“

 

ამ სიტყვის გარდა, არაფერი იცით? რა არის ტყუილი? ის, რომ სანიკიძემ და მისმა გარემოცვამ 2013 წლიდან დღემდე გაყვლიფეს და გაძარცვეს სისტემა დაუსაბუთებელი პრემიებით და დანამატებით? ეს ხომ მათივე ოფიციალური მონაცემების ელემენტარული ანალიზითაც დასტურდება და ამაზე სახელმწიფო აუდიტმაც გამოაქვეყნდა დასკვნა. 

 

ჩემი დასახელებული სამნიშნა რიცხვი იქ არაა მითითებული, მაგრამ ეს რიცხვი ელემენტარული არითმეტიკული მოქმედბითაა მიღებული, იმ საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც თქვენმა უწყებამ მომაწოდა. თუ იქ ტყუილები ჩამიწერეთ, მაშინ ცრუ ინფორმაციაზე თქვენ აგებთ პასუხს და არა მე. 

 

ახლა გასწავლით, როგორ ხდება ანალიზი:  დაითვალეთ სანიკიძის წლიური ხარჯები: ხელფასი, დანამატი, პრემია, მივლინების, სატელეფონო, საწვავი, მძღოლის მომსახურება და სხვა ხარჯები. წლიური ჯამი გაყავით წლის დღეების რაოდენობაზე.  ნუთუ, ამდენიც არ გისწავლიათ  სკოლაში, ქ-ნო ნატა? აიღეთ ახლა ეს ინფორმაციები და გადაამოწმეთ. ან მამა-პაპურად დაიანგარიშეთ, ან Excel-ით.  რაც მაგ სამსახურში ხართ, „Copy-Paste“-ს გარდა, ერთხელ მაინც რამე გააკეთეთ, საქმეშიც ჩაგეთვლებათ და არითმეტიკასაც გაიხსენებთ  ან ისწავლით და „ტყუილია ტყუილიას“ თქმასაც გადაეჩვევით.  

 

ნატა ასათიანი:

„ერთადერთი სრული სიმართლე წერია ამ ინტერვიუში: ჩვენი აუდიტის სამსახურის უფროსი, მართლა ძალიან სიმპატიურია“.

 

ამას როგორღა გაექცეოდით? ბოლოს და ბოლოს, ერთხელ, შიდასაუწყებო ნომინაციაში ხომ წლის სექსუალურ მამაკაცად გამოაცხადეთ, ფაქტს სად წავუვალთ?  ისე, დღემდე ვერ შევიტყვე, „თამროს ბოულინგკლუბში“ სექსუალური ქალის ნომინაციაში ვინ იმარჯვებდა?

 

არადა, მე რომ არ მითქვამს, ეგ კაცი სიმპათიურია მეთქი? აი, ახლაც ტყუით.  მე ინტერვიუში ვახსენე,  რომ ალექსანდრე ონოფრიშვილს, შევარდნაძის დროინდელ უშიშროების სამსახურში მეტსახელად „კრასავჩიკს“ ეძახდნენ მეთქი და ეს მისი გარეგნობის წარმოსაჩენად კი არა, მისი ვინაობის გასამჟღავნებლად ვთქვი. მშვიდობაში მოიხმარეთ თქვენც და  სანიკიძემაც მისი სიმპათიურობა, მას შემდეგაც, რაც ერთდროულად მოგიწევთ პოლიტიკურ სანაგვეზე გადაყრა!

 

ასეა, ქალბატონო ნატა: სამინისტრო გახრწნილია და ამ დამყაყებულ ჭაობში ჩაფლულებს ყველას გადადებული გაქვთ ხრწნა. საბედნიეროდ, ბევრია ჯანსაღი „მცენარეც“ და მათ არ დავასახელებ, რა ვიცი, რას დამართებთ. თქვენი  ყოველი წინადადება კი კიდევ ერთხელ ამოწმებს იმას, თუ რაოდენ მოუმზადებლები, მართლაც უსუსურები და დილეტანტები არიან  მოკლათებულები უწყებაში. ანუ, ისინი, თავის დროზე ჩაწყობა-დარეკვებით რომ „იმარჯვებდნენ“ ფსევდო კონკურსებში,  იმ კონკურსებში, რომლის საფუძველზეც ვაცხადებ, რომ სანიკიძემ ააყვავა ნეპოტიზმი.

 

და მაინც, რატომ გამოეხმიანა ჩემ ინტერვიუს სამინისტრო? რა, პირველად გაიგო ჩემი პოზიცია? არა. იმიტომ გამოეხმაურა, რომ დიდი რეზონანსი მოჰყვა, იმიტომ, რომ „დასცხათ“ ემანდ, პრემიერმა არ გაგვაძევოსო. არადა, ამას ვერ გადარჩებით! 

 

გავიმეორებ: მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენნაირი ხალხი სამუდამოდ მოშორდეს ამ სისტემას; ყველფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან პასუხი აგოთ თქვენს ბოროტებებზე. თუ ცოტა ხანში პრემიერი მართლაც გაგაძევებთ, გახსოვდეთ, რომ ამაში სწორედ ჩემი ლომის წილი დევს! 

 

ერთიც: ლებოვსკის გარდა, ქართულ ფილმებსაც უყურეთ, გაიხსენეთ მთავარი გმირის სიტყვები: „მაინც ამოვთხრი!“

 

დავით ფერაძე.

პედაგოგი, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: