რას მოუწოდებს ევროპარლამენტი საქართველოს?
ევროპარლამენტმა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებაში, სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნასა და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში აისახა. აქვე ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს მედიაპლურალიზმისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით საქართველოში არსებული ვითარების და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლითაც პროკურატურაში გამომძიებლები ინიშნებიან.
“სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული. პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების ნებისმიერი მცდელობა კი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული.”-ნათქვამია დოკუმენტში.
რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით და წინასწარი დაკავების იმ მექანიზმების გამო, რომელიც პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ გამოიყენება. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2016 წლის არჩევნების წინ მედიაპლურალიზმი, საასამართლოს დამოუკიდებლობა და პოლიტიკურ ოპონენტებთან დიალოგი უზრუნველყოს, რაც დაბალანსებული პოლიტიკისა დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.