გიორგი კვირიკაშვილი: საარჩევნო სპეცუბნების გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია!
"საარჩევნო სპეცუბნების გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგში უკვე ატვირთულია.
არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა პოლიტიკურ პროცესში მაღალი ჩართულობის მნიშვნელობას და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფის მოსაზრებებზე ერთობლივი მსჯელობის მზადყოფნა გამოთქვა.
„ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, პოლიტიკურ პროცესში ჩართულობა იყოს გაცილებით უფრო მაღალი, გვინდა დავამკვიდროთ ურთიერთობის მაღალი კულტურა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, რათა ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელს მსოფლიოში, რომ შეგვიძლია, ერთმანეთთან ცივილიზებულად ვისაუბროთ და არა მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ მოვისმინოთ ერთმანეთის და ჩავატაროთ მართლაც სამაგალითო არჩევნები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საქართველო იმყოფება ევროკავშირთან ასოცირების პროცესში და ბოლო პერიოდში, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ჩვენ შევძლოთ და ერთმანეთის მოვისმინოთ. რაღაც შეიძლება გავითვალისწინოთ, რაღაც შეიძლება - არა, მაგრამ მთავარია, კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.