გიორგი ქადაგიძე: ანგარიშს ვაბარებ ხალხს და არა მეჭიაურს და ტყემალაძეს!
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე იმედს გამოთქვამს, რომ მისი წლიური ანგარიშის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში პირველივე სასესიო კვირაში მოხდება.
მისივე თქმით, ანგარიშს აბარებს ხალხს და არა მეჭიაურს და ტყემალაძეს.
,,ჩვენი მოქალაქეების დიდ უმეტესობას გაეზარდა სესხის მომსახურების ტვირთი, შეუმცირდა შემოსავლები, უნდა ვმსჯელობდეთ იმაზე, რა სისტემური ღონისძიებები უნდა გატარდეს, ამიტომ, მეჭიაურის სრულიად კომიკურ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება იმას, რომ რიგი დეპუტატები და სამწუხაროდ, კომიტეტის თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ მათთვის არ არის საინტერესო ამ ანგარიშის მოსმენა და ამ თემაზე საუბარი, მე ანგარიშს არ ვაბარებ არც მეჭიაურს და არც ტყემალაძეს, მე ანგარიშს ვაბარებ ქართველ ხალხს და საზოგადოებას“, - განაცხადა ქადაგიძემ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აინტერესებს, რამდენად ეფექტურად დაიხარჯა სავალუტო რეზერვები და როგორ აისახა ეს ლარის კურსზე.
ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. გიორგი ქადაგიძეს სებ-ის პრეზიდენტობის ვადა თებერვალში ეწურება.