როლანდ ჯალაღანია: დანაშაულებრივ ორგანიზაციას მხარს მხოლოდ პირწავარდნილი დამნაშავეები უჭერენ!

როლანდ ჯალაღანია: დანაშაულებრივ ორგანიზაციას მხარს მხოლოდ პირწავარდნილი დამნაშავეები უჭერენ!

ეს წერილი „ივერიონს“ გაზეთ „ილორის“ მთავარმა რედაქტორმა როლანდ ჯალაღანიამ გამოუგზავნა. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ვბეჭდავთ სრულად და უცვლელად.

 

მალე საარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყება, პოლიტიკურმა პარტიებმა კი უკვე დიდი ხანია გააჩაღეს კამპანია და დაუნდობლად ლანძღავენ ერთმანეთს, რადგან პოპულარობის მოხვეჭის სხვა გზა და საშუალებები აშკარად არ გააჩნიათ! 

 

საოცარი ამაში თითქოს არაფერი უნდა იყოს, რომ არა ერთი გამაოგნებელი გარემოება _ სხვების ლანძღვა-განქიქებაში ყველაზე მეტად ის პოლიტიკური ძალები აქტიურობენ, რომელთაც საშინლად ბნელი და არაადამიანური წარსული გააჩნიათ!

 

ალბათ მიმიხვდით _ წერილში საუბარი გვექნება იმ "ნაციონალურ მოძრაობაზე", რომელიც ცხრა წლის განმავლობაში დაუნდობლად ანგრევდა ქართულ კულტურას, ხელოვნებას, მეცნიერებას, რელიგიას...

 

ჩვენი წინაპრები ამბობდნენ: "ქვეყანას სამი რამ აკლია: ცას _ კიბე, ზღვას _ ხიდი. ადამიანს კი სამართალიო". ცნება "სამართალი აკლია", ნიშნავს, რომ მავანს სამართალი თუნდაც ემბრიონალურ მდგომარეობაში გააჩნია, მაგრამ იოტისოდენა მაინც გააჩნია. აი, საერთოდ რომ არ გააჩნია სამართლის გრძნობა, ასეთი უბედურება მხოლოდ ის დაშნაკური ორგანიზაციაა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია!

 

უკვე ოთხი წელი გავიდა, რაც საქართველომ ქედიდან გადაიგდო სააკაშვილის მონობის უღელი. დიახ, ეს გახლდათ საქართველოს "უნაციონალისტო" არსებობის ოთხი წელი, რომელსაც მთლად ბედნიერს ვერ უწოდებ, იმიტომ, რომ უზნეო და ქრთამს გადაგებული ევრო-ამერიკელების ბოროტი ნების წყალობით ქვეყანაში სრულად ვერ აღსდგა სამართლიანობა და ის დამნაშავე ნაცები, რომლებიც ციხეებში უნდა მსხდარიყვნენ, პარლამენტში იყვნენ მოკალათებული და ყოველნაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ქვეყნის აღმშენებლობითი პროცესებისათვის.

 

მათი "საპარლამენტო სიმრავლე" კი განპირობებული იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოტალური გაყალბებით, რამაც მათ მაინც ვერ მოუტანა გამარჯვება, მაგრამ მოუტანა კუთვნილზე ბევრად მეტი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში, რასაც ისინი იყენებდნენ არა ქვეყნისა და ხალხის საკეთლიდღეოდ, არამედ ბინძური მეთოდებით ძალაუფლების კვლავ ხელში ასაღებად. თუმცა, ამაო გახლდათ მათი ყოველი მცდელობა, რადგან, მიუხედავად ევროამერიკელთა დახმარებისა და "ჭარბი ნდობისა", მათ სხვა ლეგალური იარაღი არ გააჩნდათ, რადგან საბოლოდ დაჰკარგეს ქართველი ერის კეთილგანწყობა და საბოლოოდ მარგინალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ!

 

სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან შევარდნაძის მიერ ჩაყრილი შხამიანი თესლიდან პოლიტიკურ ნიადაგზე კეთილშობილი ნაყარი არასოდეს გაღივდებოდა!

 

ქვეყანა კვლავ საარჩევნო ფინიშის ზღვარზეა გასული _ მალე მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. უკვრე არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ „ნაციონალები“ კვლავაც დამარცხდებიან პროგრესულ ძალებთან ბრძოლაში. ასე ფიქრობს ქართველი ხალხი, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან სხვაგვარად ფიქრობენ ევროამერიკელები, რომელთაც დიდი ფინანსური სარგებელი ჰქონდათ გაყაჩაღებული სააკაშვილის ნაცხროვისაგან და ახლა ეს "სიკეთე" დაჰკარგეს. ამიტომაც ყოვლნაირ უმსგავსო სიყალბეზე წავლენ, რათა „ნაცები“ როგორმე დატოვონ საქართველოს პოლიტიკური რეალობის ზედაპირზე და ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე კვლავ მოიყვანონ საქართველოს ხელისუფლების სათავეში.

ეს არამც და არამც არ უნდა დავუშვათ!

 

ჩვენ არაერთგზის გაგვიკრიტიკებია "ქართული ოცნების" ხელისუფლება დაშვებული შეცდომების გამო, მაგრამ ისინი, ამერიკელების ბოროტი ნებით თუ გამოუცდელობით სჩადიოდნენ შეცდომას და არა დანაშაულს. ეს კი სხვადასხვა რამეა. მაგალითად, დანაშაული გახლდათ ის, რომ სააკაშვილის ნაცხროვა საქართველოს დედაქალაქის გადატანას ქუთაისში აპირებდა, რათა თბილისში და მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოში კომპაქტურად ჩაესახლებინათ სირიის ქალაქ ალეპოდან დევნილი სომხები. ამ მიზნით თბილისში შენდებოდა მთელი კვარტლები, რომელიც დღესაც ჩაუსახლებელია, რადგან ქართველებს ამ სახლების შეძენისათვის საჭირო თანხა არ გააჩნიათ!

 

როგორც ამბობენ,  ნაცხროვას დიდი ფული აქვთ აღებული ეჩმიაძინისგან საქართველოს საწინააღმდეგო ამ კამპანიის განსახორციელებლად და თუ ნაცები ვერ მოახერხებენ საქართველოს დედაქალაქის ქუთაისში გადატანას, ამ ფულის უკან დაბრუნება მოუწევთ!

 

იმასაც შეგახსენებთ _ დავით აღმაშენებელმა საქართველოს დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში იმიტომ გადმოიტანა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ქართული სული გაეძლიერებინა!

 

იქნებ ახლა მაინც დაინახონ ქართველებმა, თუ როგორ ახორციელებდა სააკაშილი საქართველოს განახევრების გეგმას!

 

როგორც შეიძლება ამის შემდეგ, რომ ქართველმა ადამიანმა „ნაციონალებს“ დაუჭიროს მხარი ამ არჩევნებზე?

 

გაიხსენეთ, როგორ არ გაუწია ანგარიში სააკაშვილმა ილია მეორეს თხოვნას და პარლამენტს მიაღებინა კანონი, რომლის ძალითაც სომხური გრიგორიანული ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის თანატოლი გახდა, რაც საშუალებას აძლევს მათ დაჟინებით მოითხოვონ მათთვის 500 ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გადაცემა!

 

რაოდენ ბრიყვი უნდა იყოს ქართველი ადამიანი, რომ ამის შემდეგ „ნაციონალებს“ დაუჭიროს მხარი!

 

„ნაცები“ დღედაღამ უკიჟინებდნენ „ოცნების“ ხელისუფლებას, რომ რუსეთთან ბრძოლის მუხტი შეანელეთო. და ეს მაშინ, როცა თვით ევროპელები და ამერიკელები ურჩევდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსეთთან ურთიერთობა დაელაგებინა!

 

სწორედ ამ და სხვა ხელშესახებ პრობლემებზე იქნება საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წინამდებარე წერილში:

 

ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!

 

მოგესალმებით, ბატონო გიორგი, სახალხო მოძრაობა "სამეგრელოსა" და გაზეთ "ილორის" სახელით! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს საქმიანობაში, რაც საქართველოს წინსვლად განიხილება არა მხოლოდ ქართული საზოგადოების მიერ!

 

თქვენ, მეოთხე წელია თქვენი პოლიტიკური ძალა მოვიდა საქართველოს ხელისუფლების სათავეში და უკვე მოასწარით ავადსახსენებელი სააკაშვილისა და მისი ნაციონალური ბანდის მიერ დამახინჯებულ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უამრავი დადებითი კორექტივის შეტანა, რამაც საზოგადოებაში ქვეყნის დაღუპვისგან გადარჩენის იმედი გააჩინა. მაგრამ, გარე თვალისთვისაც კი ნათელია, რომ ძალზე ძნელად მიმდინარეობს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რადგან ჯერ პოლიტიკურმა ავანტიურისტმა შევარდნაძემ, შემდეგ კი მისმა პოლიტიკურმა შლეიფმა _ სააკაშვილმა მოახერხეს, რომ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისა და მისი გამთლიანებისადმი ქართველი ხალხის ნიჰილიზმი, წინასწარგათვლილი, მოღალატეობრივი ძალისხმევით, საზოგადოების უმძიმეს დაავადებად ექციათ. მაგრამ, დამერწმუნეთ, ეს დაავადება მყისვე იოლად განიკურნება, თუ თქვენ ერთ რეალურ ნაბიჯს მაინც გადადგამთ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისა და ოსებისა და აფხაზების შემორიგებისკენ!

 

ვიდრე კონკრეტულ საქმეზე გადავიდოდე, ისიც მსურს განგიცხადოთ, რომ ამა თუ იმ პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ძალის რეიტინგის მკვეთრად დაცემა, როგორც წესი, იწყება მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ეს გარდაუვალია, რადგან, როგორც რუსები ამბობენ, "Всех не угодишь!", და, როგორც წესი, ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმული მტკიცე ნაბიჯების გამოისობით ათ კმაყოფილ ადამიანზე შვიდი უკმაყოფილო ადამიანი მაინც მოდის!

 

საუბარია არა იმ ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც დაგეგმილია თქვენს მიერ და, რაც, ეჭვსგარეშეა, რომ წარმატებული იქნება ერისა და ქვეყნისათვის, არამედ საუბარია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასა და იმ დამნაშავეთა დასჯაზე, რომელთაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს და მთლიანად ქართველ ერს! ჩვენ კი რა სურათი მივიღეთ? შუბლზე ძარღვგაწყვეტილი გათავხედებული „ნაციონალი“ დამნაშავეები, რომელთაც არ სურთ გაიხსენონ თავიანთი მოაღალატეობრივი კრიმინალური საქმიანობა, კვლავაც ჭკუას გვარიგებენ მაღალი ტრიბუნებიდან და, ნაცვლად იმისა, რომ ციხის კედლებს ხეხავდნენ, ისევ პარლამენტში, საკრებულოებსა და მუნიციპალიტეტებში არიან გამოჯგიმულები!

 

არა და, სჯობდა პირიქით ყოფილიყო ყველაფერი _ ჯერ სამართლიანობა აღგვედგინა ქვეყანაში, დამნაშავე დაგვესაჯა, უკანონოდ დაჩაგრული წაგვეხალისებინა და შემდეგ გვეზრუნა ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის, რადგან ვერაფერი ვერ აძლევს საზოგადოებას ისეთ აღმშენებლობით სტიმულს, როგორც სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეთათვის ღირსეული სასჯელის მიზღვა!

 

ქართველ ხალხს უამრავი გასაჭირისთვის გაუძლია და კვლავაც გაუძლებს, რადგან ერმა კარგად იცის, რომ ათწლეულების განმავლობაში დაქცეული სახალხო მეურნეობა ორ-სამ წელიწადში სრულად ვერ აღორძინდება. თქვენი წინამორბედის ბატონ ბიძინა ივანიშვილის თქმისა არ იყოს: "გაგებით მოეკიდება ყოველივეს", მაგრამ საზოგადოება ვერ იქნება მიმტევებელი იმ სისხლის სამართლის დამნაშავეთა მიმართ, რომლებიც კვლავაც მაღალი თანამდებობიდან გვმოძღვრავენ და თავხედურად ყელყელაობენ!

 

არ გვინდა რა თქვენთვის უმოქმედობის ბრალდების წაყენება, უფლებას ვიტოვებთ ჩავთვალოთ, რომ თქვენი ამგვარი "ფრთხილი" დამოკიდებულება სააკაშვილისა და სხვა „ნაციონალი“ დამნაშავეების მიმართ განპირობებულია უცხო ქვეყნების ძალთა მიერ უხეში ჩარევით საქართველოს შიდა საქმეებში, რაც საფუძვლიანი უკმარობის განცდას ლექავს ქართულ საზოგადოებაში!

 

აი, რა შეიძლება გახდეს თქვენის პოლიტიკური რეიტინგის კატეგორიულად დაცემის მიზეზი, რაც, სამწუხაროდ, უკვე დაწყებულია ქართულ საზოგადოებაში და რაც, ალბათ, შეუქცევად პროცესად იქცევა, თუ კვლავაც ასე გაგრძელდა. ეს კი ხელს აძლევს მხოლოდ სააკაშვილსა და მის ნაციონალურ ბანდას, აქედან გამომდინარე შედეგებით, რაც შეიძლება მორიგი სისხლისღვრის მიზეზადDგახდეს სრულიად საქართველოში.

 

ამას კი ჩვენი მრავალტანჯული ქვეყანა ნამდვილად ვერ გაუძლებს!

 

სამართლიანობის აღდგენას რომ თავი გავანებოთ, ერთი წამით მაინც თუ წარმოიდგინეთ, როგორ მოგექცეოდნენ ისინი, საპარლამენტო არჩევნებში რომ გაემარჯვათ? ამიტომ ვერ გაგვიგია თქვენი ტოლერანტობისა, რაც თქვენი რეიტინგის თანდათანობითი დაცემის ძირითადი მიზეზი გახლავთ!

 

იმედია, რომ თქვენ ერთხელ მაინც გააანალიზებდით, თუ რატომ თქვა ქართველმა ხალხმა უარი სააკაშვილის ავბედით რეჟიმზე და რატომ აგირჩიათ თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა. ისიც იცით, რომ ეს გახლდათ არა ერთი პოლიტიკური ჯგუფის მეორე პოლიტიკური ჯგუფით ჩანაცვლება. ეს გახლდათ ქართველი ერის მტკიცე უარი „ნაციონალების“ გამყიდველური პოლიტიკისადმი და ნდობა "ქართული ოცნების" კეთილშობილური გეგმებისადმი. ამიტომაა დაუშვებელი ამ ნდობის დევალვირება, რასაც ყოველი საძრახისი და დანაშაულებრივი მეთოდების გამოყენებით ახორციელებენ ავადსახსენებელი ნაციონალები და მათი პირწავარდნილი "ბელადი" მიხეილ სააკაშვილი.

 

მიუხედავად ნაციონალებისა და სააკაშვილის მიერ ამგვარად "აჭრილი" პოლიტიკური კლიმატისა, თქვენ მაინც გრჩებათ საკუთარი რეიტინგის შენარჩუნების ერთი უტყუარი გზა _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართული მოსახლეობის ღირსეულად დაბრუნება, რასაც გააფთრებული ეწინააღმდეგებოდა ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი. დღეს საბოლოოდ დარწმუნდა ქართული საზოგადოება, რომ „ნაცებისა“ და სააკაშვილის ძირითად მიზანს სავარძლების შენარჩუნება და კორუფციული ქსელის გაძლიერება უფრო წარმოადგენს, ვიდრე აფხაზებისა და ოსების შემორიგებისაკენ რეალური ნაბიჯების გადადგმა და ქვეყნის აღორძინება.

 

გამორიცხულია, თქვენ არ იცნობდეთ ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას, რომელსაც დღეს, ალბათ ერთადერთ ადამიანს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, გააჩნია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტის რეალური კონცეფცია, რაც პირველ ეტაპზე გულისხმობს ქართული მოსახლეობის ღირსეულად დაბრუნებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. და თანაც, ეს ღონისძიებები უნდა განხორციელდეს მანამ, ვიდრე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ ქართულ ფენომენს, ქართველი ერის სულისკვეთებას, მის ავ-კარგს და ამ მოძმე ხალხებს შორის გამართული პროვოკაციული ომის მიზეზ-შედეგობრივ მხარეებს. და თუ ეს საკითხი არ გადაწყდება დროულად, მალე მოვა ახალი თაობა, რომლებიც გაუცხოებული არიან ერთმანეთთან და ამის შემდეგ არსებული კონფლიქტის დარეგულირების ყველა გზა კატეგორიულად იქნება მოჭრილი.

 

კონფლიქტის მოგვარების ჭაჭიასეული ვარიანტი გულისხმობს საზღვრების გახსნას ქვეყნებს შორის, რაც მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დამკვიდრდება სამუშაოს საძებრად გადასული ქართული აბორიგენი მოსახლეობა, რადგან, როგორც ცნობილია, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დღეს აშკარად იგრძნობა მუშახელის მწვავე დეფიციტი. მოსახლეობის ამგვარი მიგრაცია კი ნაწილობრივ მაინც აღადგენს ომამდელ ეთნიკურ ბალანსს, რაც შერიგებისაკენ მომავალი ნაბიჯების გადადგმის წინაპირობა გახდება. ამის შემდეგ შეიქმნება ერთიანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული სივრცე, რაც ხელს შეუწყობს ისტორიულად მოძმე ხალხების ინტეგრირების პოზიტიურ პროცესებს.

 

არ გვინდა ვინმეს სახელს ჩრდილი მოვაყენოთ, მაგრამ ნაკლებ სარწმუნოა, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში იყოს პიროვნება, რომელსაც აფხაზური და ოსური მხარის მიერ მიეცემა აღნიშნული გეგმის რეალიზაციის ლეგიტიმაცია. ამგვარი პოლიტიკოსი კი გახლავთ სწორედ ბატონი ალექსანდრე ჭაჭია, ოჩამჩირეში დაბადებული და აღზრდილი პიროვნება, რომელსაც მყარი პირადი კონტაქტები გააჩნია როგორც აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსებთანაც. ჩვენ კი არაერთგზის გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, რომ რუსეთის კეთილი ნების გარეშე გამორიცხულია საქართველოს გამთლიანებაზე ოცნებაც კი.

 

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება _ პოლიტიკური ბალანსის დაცვა საქართველოს ხელისუფლებაში რეგიონების წარმომადგენელთა შორის! არ შეიძლება, რომ ისეთ ვეებერთელა რეგიონს, როგორიც სამეგრელოა, თუნდაც ერთი წარმომადგენელი არ ჰყავდეს საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში, მით უმეტეს, რომ სამეგრელო ის ერთადერთი გეოპოლიტიკური ფენომენი გახლავთ, რომელსაც, დღესაც, ლამის ბრმად ენდობიან თუნდაც ჩვენთან უბრად მყოფი აფხაზები.

 

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ შანსის ხელიდან გაშვება, ბატონო გიორგი!

თუნდაც იმიტომ, რომ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას სტკივა აფხაზეთი, რადგან მას იქ ჰქონდა სახლ-კარი, სადაც ცხოვრობდნენ მისი დიდებული წინაპრები, რომლებიც ამჟამად ოჩამჩირის სასაფლაოზე განისვენებენ, რომელიც სიცოცხლისმიერაა დაინტერესებული აფხაზეთში ღირსეული დაბრუნებით და ამ საქმეში მისი წარმატება განპირობებული იქნება არა მორიგი პოლიტიკური დივიდენდის მოპოვების, არამედ მშობლიურ ოდაბადეში დაბრუნების დაუოკებელი სურვილით!

 

არა მგონია, ამაზე მყარი არგუმენტი გააჩნდეს აფხაზეთის მიწაზე დაბრუნების მსურველ ქართველ კაცს, რომლისთვისაც აფხაზეთი არის არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორია, არამედ სულის ნაწილი, მისი ამქვეყნიური ზეადამიანური სურვილი, რასაც, ეჭვსგარეშეა, სათანადო შეფასებას მისცემენ დღეს ბარიკადების მიღმა მდგარი აფხაზები და ოსები, რომლებიც მავანთა საძრახისი პოლიტიკური ხრიკების გამოისობით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და წლებია, ვერ ხერხდება მათთან პირდაპირი დიალოგის გამართვა.

 

საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესაბამისად ქვეყნის პრიზიდენტს მნიშვნელოვნად აქვს შეკვეცილი პოლიტიკური ფუნქციები და მისი კომპეტენცია ძირითადად ქვეყნის საგარეო საკითხების მოგვარება იქნება. დღეს კი საქართველოს არ გააჩნია იმაზე აქტუალური საგარეო პრობლემა, რაც ქართველთა ღირსეული დაბრუნება და მათი ქონებრივი და მოქალაქეობრივი უფლებების დაცვაა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

 

ამრიგად, ბატონო გიორგი, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ თქვენ უახლოეს მომავალში შეხვდეთ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას და ერთობლივად განიხილოთ ქვეყნის ტერიტორიული აღდგენის მისეული პროექტი. იგი ასევე დიდ როლს ითამაშებს ქართულ-რუსულ ურთიერთობათა საბოლოოდ მოწესრიგების საქმეში, რომლის გარეშე საქართველოში წარმოუდგენელია მრავალი პრობლემის საბოლოოდ მოგვარება.

 

სხვაგვარად, ქართველი ხალხი უფლებამოსილია ეჭვი შეიტანოს "ქართული ოცნების" რეალურ პოლიტიკურ გეგმებში და მისი მიზნები მიიჩნიოს ნაციონალებისა და სააკაშვილის დამღუპველი კურსის გაგრძელებად! სამწუხაროდ, ამისი ეჭვი უკვე დიდი ხანია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რადგან ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა თავის ტელეინტერვიუში თქვა: "ივანიშვილი სააკაშვილის კურსს აგრძელებს, მაგრამ ჩვენ მას ვპატიობთ, რადგან საბოლოოდ გვინდა მოვიშოროთ თავიდან ნაციონალური ჭირიო". ეს კი ჩვენთვის დიდი ვერაფერი შეღავათი იქნება, რადგან, როგორც ქართული ანდაზა ღაღადებს: "გინდა მგელს შევუჭამივართ და გინდაც მგლისფერ ტურას!"

 

ბატონო გიორგი, ბოდიშს გიხდით წერილის ესოდენ მწვავე ტონისთვის, მაგრამ ჭეშმარიტება ერთადერთია და მისი გაჟღერება აუცილებელია, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს იგი!

როგორც, ასეთ შემთხვევაში, ფრანგები ამბობენ: "მდგომარეობა გვაიძულებს...", რადგან დრო აშკარად აღარ მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ!

 

არჩევნები, როგორც იტყვიან, კარსაა მომდგარი!

 

დრო ახლა ის ფუფუნებაა, რომლის გაფლანგვის უფლებას ვერავის მისცემს ქართველი ერი!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: