პრეზიდენტი ქუთაისშია, მის რეზიდენციამდე მსვლელობა კი გადაიდო!

პრეზიდენტი ქუთაისშია, მის რეზიდენციამდე მსვლელობა კი გადაიდო!

ვარდების მოედნიდან პრეზიდენტის რეზიდენციამდე მსვლელობა აღარ მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა SOS ავრცელებს.


როგორც მოძრაობის ორგანიზატორი "ფეისბუქში" წერს, აქციის მეორე ნაწილის შესახებ ვარდების მოედანზე შეკრებილები უშუალოდ ადგილზე შეიტყობენ. ამის მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დღეს "პრეზიდენტის რეზიდენციასთან 200-ზე მეტი გაფიცული მეშახტე საქართველოს პროფკავშირებთან ერთად აქციას გამართავს.
„ივერიონი“ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"დღეს "ვარდების რევოლუციის მოედნიდან" სწორედ პრეზიდენტის რეზიდენციასთან უნდა გადაგვენაცვლა, მაგრამ დღის წესრიგში დგება აუცილებლობა აღნიშნულ მარშუტში ცვლილების შეტანისა. მხოლოდ და მხოლოდ თითოეული აქციის მონაწილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ ვარდების მოედნიდან რეზიდენციის მიმართულებით არ გავემართოთ. გაფიცული მეშახტეების რეზიდენციასთან მისვლა და აქციის გამართვა შემთხვევითი არ არის, ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა. უცნობია, დღის რომელ მონაკვეთში გამართავენ გაფიცულები აქციას (განცხადებაში დრო მითითებული არ არის და არც ხანგრძლივობა,). დიდი ალბათობაა, რომ ჩვენს მისვლას დაამთხვიონ. მივიჩნევთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, აჯობებს, თუ აქციის მეორე ნაწილთან დაკავშირებით უშუალოდ ვარდების მოედანზე შეკრებისას მოგაწვდით ინფორმაციას. ნებისმიერი ხასიათის პროვოკაცია, ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება ან შეურაცხყოფა (გინდა სიტყვიერი), ვის მიერაც არ უნდა იყოს ის ინსპირირებული, შეფასებულ იქნება, როგორც ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ძალადობა და თავდასხმა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების მქონე მშვიდობიან მოსახლეობაზე! ნებისმიერ ინციდენტთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პირადად პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავს "დიდ დემოკრატად" ასაღებს," აცხადებს SOS-ის facebook-ის გვერდის ადმინისტრატორი.


შეგახსენებთ, რომ დღეს, მოძრაობა "SOS" ვარდების რევოლუციის მეცხრე წლისთავს აღნიშნავს. facebook-ის გვერდის ადმინისტრატორმა თანამოაზრეებს, გუშინ, მიმართა.
„მე მახსოვს 2003 წლის 23 ნოემბერი, შენ? და თუ გვახსოვს, მოდი, ნუ ვიქნებით უმოქმედოდ 2012 წლის 23 ნოემბერს! დავიცვათ „ვარდების რევოლუციის“ უდიდესი მონაპოვარი - სუვერენული და წარმატებული საქართველო. ერთად აღვნიშნოთ უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული!” - ნათქვამია SOS-ის ”ფეიჯზე”.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: