ჰამლეტ ჭიპაშვილი: ფატუ ბენსუდა ტალიავინს არ დაუპირისპირდება - ესაა კიდევ ერთი დასავლური შეკვეთა რუსეთის წინააღმდეგ!
„ივერიონს“ ჰააგის პროკურორის განცხადებაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე და ამ განცხადების მიღმა ჩადებულ პოლიტიკურ ინტერესებზე, პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა.
-ბატონო ჰამლეტ, ამ ბოლო დღეებში ქართული მედია 2008 წლის აგვისტოს ომის თემითაა აჭრელებული. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ჰააგის პროკურორის, ქალბატონ, ფატუ ბენსუდას განცხადება.
თქვენის აზრით, საით მიდის 2008 წლის აგვისტოს ომის კვალი და რამდენად ადეკვატური შეფასება შეიძლება მოჰყვეს მას?
-ჯერ ერთი, ჰააგის სასამართლო სულ სხვა მიმართულებით მუშაობს- არა იმ მიმართულებით, რომ დაადგინოს, თუ ვინ დაიწყო ომი. ეს უკვე ისედაც დადგენილია ტალიავინის კომისიის მიერ და ჰააგის მოსამართლე თავს უფლებას არ მისცემს ეჭვი შეიტანოს ტალიავინის კომისისიის მუშაობის შედეგებზე.
რაც შეეხება იმას, რომ მოიძებნოს დამნაშავეები, ანუ, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენნი, გენოციდის მომწყობნი, მიმაჩნია, რომ ეს დაგვიანებული საქმეა. ვინაიდან, მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. ამ კომისიას მუშაობა მაშინვე რომ დაეწყო, სხვა ფასი ექნებოდა, მაგრამ დღეს, როდესაც ბენსუდა აპირებს ამის გარკვევას, ეს ფაქტიურად შეუძლებელია. ერთადერთი დასაყრდენი, რომელიც მას აქვს, ესაა ქართული დოკუმენტაცია, რომელიც აქაა შედგენილი. ან, რუსეთის მხარის მიერ შედგენილი დოკუმენტაცია. აქედან კი, არც ერთი და არც მეორე არ იქნება ზუსტად ის, რაც უნდა იყოს!
ასე, რომ დასკვნას, რომელსაც ბენსუდა გააკეთებს, არ იქნება ობიექტური, ვინაიდან, ის თუ რას იტყვის და რას არა, დღეს ეს აბსოლუტურად შეუფერებელი იქნება იმ პერიოდისთვის! დღეს ვითარება ისე სწრაფად იცვლება, რომ წარმოუდგენელია 2008 წლის ამბების აღდგენა, მით უმეტეს 2016 წელს!
კიდევ ერთი რამაა მნიშვნელოვანი, რომ აქ არაფერია სააჟიოტაჟო. პრესამ არ უნდა მიაქციოს ამას ამდენი ყურადღება. რადგან, აქაა საუბარი იმაზე, რომ ჰააგის სასამართლომ ნება დართო ბენსუდას იმუშაოს ამ საკითხზე და თუ რა შედეგებს დადებს ის და როგორი იქნება ეს ყველაფერი, ეს უკვე სამომავლო საქმეა.
ამიტომ, წინასწარ იმის თქმა, რომ ახლა შევძლებთ იმ პირების დასჯას, რომლებმაც ჩაიდინეს გენოციდი ქართველთა წინააღმდეგ, არასწორია. ხომ შეიძლება რუსულ მხარესთან დალაპარაკების და რუსული დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ ბენსუდას თავში ისეთი აზრები წარმოეშვას, რომ პირიქით თქვას - ქართველები არიან დამნაშავენი ამ საქმეშიო?!..
შესაბამისად, აქ ძალიან საეჭვო და საჩოთირო საკითხია.
-საინტერესოა, რატომ გახდა შვიდი წლის შემდეგ ეს თემა ასე აქტუალური და რა იმალება ფატუ ბენსუდას განცხადების მიღმა. ამ თვალსაზრისით, რამდენად მომგებიან სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?
-მიმაჩნია, რომ ჰააგის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომ ასე გვიან დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება, არის უბრალოდ პოლიტიკური თვალსაზრისით და პოლიტიკური მიზნებისთვის განპირობებული. თავიდანვე იკვეთება, რომ ესაა კიდევ ერთი დასავლური შეკვეთა რუსეთის წინააღმდეგ და მეტი არაფერი. მაგრამ, რა შედეგს დადებს და როგორ იმუშავებს ბენსუდა, ეს სამომავლო საქმეა და წინასწარ ცეკვა-თამაში იმაზე, რომ აი დასჯიან რუსეთს და ა.შ. მგონია არასერიოზულია.
ყოველგვარი მიკიბ მოკიბვის გარეშე ესაა პოლიტიკური მოქმედება! თუკი, მათ უნდოდათ ამ საკითხის გამოძიება, ეს უმალ უმალ იმ წუთსავე უნდა დაწყებულიყო და არა 7 წლის შემდეგ!
თქვენ მკითხეთ, თუ რამდენად მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება ამ თვალსაზრისით საქართველო? - მე ვთვლი, რომ ეს საქართველოსთვის მომგებიანი სიტუაციაა. ვინაიდან, ესაა უფრო მეტად პოლიტიკური შეკვეთა, ვიდრე, ფაქტების სერიოზული დადგენა.
ფაქტების შეკვეთა კი ითვალისწინებს ერთ რამეს - დასავლეთის ინტერესებს. დასავლეთის ინტერესები კი ვიცით, როგორცაა მიმართული რუსეთის საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე, ცხადია ესაა საქართველოს წისქვილზე წყლის დასხმა!
ესაუბრა კარინა გრიგორიანი