ფატუ ბენსუდა: ჰააგის სასამართლო ქვეყნებს შორის დავის გარკვევით არ არის დაკავებული!
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, ფატუ ბენსუდა აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლო ქვეყნებს შორის დავის გარკვევით არ არის დაკავებული და მათი მიზანი დანაშაულზე პასუხისმგებელი ინდივიდუალური პირების გამოვლენაა.
"მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მან ასევე განმარტა, რომ როცა იქნება საკმარისი მტკიცებულებები ამა თუ იმ პირის მიერ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ის დაპატიმრების ორდერის გაცემას მოითხოვს.
ბენსუდამ ინტერვიუში დეტალურად განმარტა სხვა პროცედურებიც:
"პირველი, რაც მჭირდება, ეს ჩემი გუნდია. აქ უმთავრესი, გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია, რომ ჩემი ოფისი იწყებს გამოძიებას და სხვა არავინ. ვერავინ გააკეთებს ამას ჩვენს ნაცვლად, ან ჩვენთვის. უნდა გააკეთოს გუნდმა, რომელსაც მე შევქმნი. დავიწყებთ ძებნას და უპირატესობა მიენიჭება იმ ადამიანებს, რომელთაც შეხება ჰქონიათ, ანალიზში იყვნენ ჩართულები. როდესაც გვეყოლება გუნდი, განვსაზღვრავთ, ვინ ჩაატარებს გამოძიებას. ასევე, დავგეგმავთ ვიზიტებს ყველგან, სადაც ჩავთვლით საჭიროდ. რა თქმა უნდა, ეს ეხება საქართველოს, მის ნაწილს, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას. ამის შემდეგ გავაგრძელებთ გამოძიებას. გვექნება გეგმა, შევადგენთ სტრატეგიას. ეს სამუშაო, მასალები და მთელი პროცესი არის სრულიად კონფიდენციალური. შევაგროვებთ, გამოვიძიებთ და მოვა დრო, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ შეფასებას. მე მივიღებ გადაწყვეტილებას, მოვიდა თუ არა დრო, მივმართო ისევ მოსამართლეებს, მოვითხოვო დაპატიმრების ორდერის გაცემა ინდივიდუალური პირების მიმართ", - განაცხადა ბენსუდამ.