ლევან მურუსიძე: ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს!

ლევან მურუსიძე: ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს!

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნული ლევან მურუსიძე აცხდებს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც ნათლად ჩანს, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოს არ შეეძლო სხვა გადაწყვეტილება მიეღო.

 

,,გავრცელებული ინფორმაცია, რომ მურუსიძემ გაუშვა გირგვლიანის მკვლელები, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს იყო სპეციალურად ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ვამბობდი და ვამბობ, რომ თუ საჭიროა, შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სისხლის სამართლის სპეციალისტებით და გავიაროთ ეს საკითხი. მე ვამბობ, რომ უზენაეს სასამართლოს არ შეეძლო მიეღო სხვა გადაწყვეტილება. ასევე წავიკითხოთ სტრასბურგის გადაწყვეტილება - თუ იქ სადმე წერია, რომ უზენაეს სასამართლოს შეეძლო სხვა გადაწყვეტილება მიეღო, მაშინ დავილაპარაკოთ", - განუცხადა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს, რითაც მართლმსაჯულების სახლთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და დასძინა, რომ მას აქვს ინტერესი, ქვეყანაში იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. 

 

რაც შეეხება შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს, არსებული ინფორმაციით, კონფერენციის გაწერილი დღის წესრიგი არ არსებობს. საბჭოს წევრების განმარტებით, ისინი იმსჯელებენ სასამართლოს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და ასევე, სადისციპლინო კომიტეტის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში განხილულ საქმეებზე.

 

"ბოლო თვეების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ მიდის შტურმი, არასწორი ინფორმაციების მიწოდებით, მოსამართლეთა პირდაპირი ლანძღვა-გინება, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით მოსამართლეები შევიკრიბებით დავილაპარაკებთ, დავგეგმავთ რა იქნება მომავალში," - აცხადებს ლევან მურუსიძე.

 

მართლმსაჯულების სახლთან მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

 

აქციის მონაწილეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეცვლას მოითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ არ არის გამჭვირვალე ის პროცესები, რომელიც საბჭოში მიმდინარეობს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: