პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართება

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართება

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური გუნდი შეიკრიბება 

 

"როგორი იქნება ფორმატი და რა ფორმით წარიმართება დებატები, ეს არის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი და ჩვენ ვიწყებთ დღეს და ხვალ ამ თემაზე კონსულტაციებს. სავარაუდოდ დღეს, დღის ბოლოს, ან ხვალ, ყველაზე გვიან ბიუროს სხდომისთვის იქნება ცნობილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია, რა ფორმატში შეიძლება დავინახოთ ეს პროცესი. უმჯობესია იყოს პოლიტიკური გამოსვლები. ასევე უნდა იყოს შეფასებებიც ანგარიშთან დაკავშირებით", - განაცხადა დეპუტატმა.

 

ცნობისათვის, პარლამენტის რეგლამენტი პრეზიდენტის მოსმენის ორგვარ ფორმატს ითვალისწინებს. კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.  პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება არა უმეტეს ორი საათისა. შესვენების შემდეგ კი, ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები იმართება, რომელთა ხანგრძლივობას პარლამენტის ბიურო ადგენს, ან შეიძლება გაიმართოს დებატები. 

 

რაც შეეხება დებატებს, ეს არის ფორმატი, როცა გამოსვლის შესაძლებლობა ყველა საპარლამენტო სუბიექტს ეძლევა. კერძოდ, უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ეთმობა. 15-15 წუთი ეძლევა ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს), ვიცე-სპიკერებს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებული არ არის – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. 

 

დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნას რეზოლუცია.

 

პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე - 3 თებერვალს გადაწყდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: