ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ მთავრობამ „ანაკლია პორტის“ აშენების ბედი თემურ ქარჩავას მიანდოს!
ეს წერილი ზუგდიდიდან მივიღეთ. იგი ერთგვარი გამოხმაურებაა „ივერიონში“ გამოქვეყნებული სტატიისა _ „ვის გაეჩხირა ყელში „ანაკლია პორტი“ და რატომ ართულებს პროცესებს საქართველოს მთავრობა?!“
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ვბეჭდავთ უცვლელად.
აქვე გაუწყებთ, რომ „ივერიონი“ სისტემატურად დაუთმობს ასპარეზს „ანაკლია პორტის“ თემით დაინტერესებულ თანამოქალაქეებს.
ბატონო ზაურ,
ძალიან გაგვახარა „ივერიონში“ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პროექტ „ანაკლია პორტი“-ს გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე საინტერესო სტატიის „ვის გაეჩხირა ყელში „ანაკლია პორტი“ და რატომ ართულებს პროცესებს საქართველოს მთავრობა?!.“ გამოქვეყნებამ.
ათწლეულების მანძილზე, ერგეტა-ანაკლიასთან საქმით და სიყვარულით დაკავშირებული ბატონი თეიმურაზ ქარჩავა გახლავთ „ანაკლია პორტის“ ტენდერის ფინალში გასული ორი კომპანიიდან ერთ-ერთის, კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ დამფუძნებელი. მეოთხედი საუკუნე გაილია, რაც ბატონი თეიმურაზ ქარჩავა ანაკლიაში პორტის მშენებლობის ურთულეს საქმეს ჩაუდგა სათავეში და ნაბიჯ-ნაბიჯ სტარტისკენ მიაცილებს მას.
5 თებერვლის, ტელეარხ „მაესტროზე“ ბატონი თეიმურაზ ქარჩავას გამოსვლამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, საქმისადმი მისი მაღალი პასუხისმგებლობით დამოკიდებულებაში, სადაც იგი არავის და არაფერს მoერიდა ეთქვა, რომ _ „ტენდერის მასალების მოსამზადებლად მოწვეული უცხოელი ექპერტებისა და საქართველოს მთავრობის მიერ ინვესტორისთვის შეთავაზებული ხელშეკრულება მიუღებელია და მას არავინ დააფინანსებს“.
ბატონმა ქარჩავამ, ასევე პირდაპირ მოუწოდა მთავრობას, _ „დაუყოვნებლივ მოეწყოს დარჩენილი ორი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი მასალების გასაჯაროება და ამის შემდეგ იქნას გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვის უნდა მიანდოს მთავრობამ და მოწვეულმა ექსპერტებმა ანაკლიაში პორტის აშენების უფლება!“
ჩვენი ღრმა რწმენით, ასეთ განცხადებას მხოლოდ ქვეყნის უკეთესი მომავლით დაინტერესებული ადამიანი გააკეთებს და არა, ფულის მოხვეჭისთვის ასპარეზზე გამოსული!
მართალია, ჩვენ არ მოგვისმენია მეორე მხარის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, საქართველოს მთავრობა აუცილებლად გაითვალისწინებს შემოთავაზებულ წინადადებას, კითხვის ნიშნებს არ დაუტოვებს ქვეყნის მოსახლეობას, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქვეყნის გადარჩენის იმედად გაჩენილ მეგა-პროექტ „ახალი აბრეშუმის გზის“ უმნიშვნელოვანესი ნაწილის „ანაკლია პორტის“ აშენების პასუხისმგებლობას ღირსეულ მონაწილეს მიანდობს!
ანაკლიის „წმინდა ნიკოლოზის“ ტაძრის მრევლის სახელით მადლობას გიხდით თანადგომისთვის და გიგზავნით მიმართვას „საქართველოს მთავრობისა და მისი მოსახლეობისადმი“, სადაც შევეცადეთ ჩვენი მხრიდან გვეჩვენებინა, თუ ვინ არის თეიმურაზ ქარჩავა და რატომ უნდა ენდოს მას ქვეყნის მთავრობა და მისი მოსახლეობა!
საქართველოს მთავრობას,
საზოგადოებას
რამდენიმე დღეა, ანაკლიის „წმინდა ნიკოლოზის“ ტაძრის მრევლი განსაკუთრებული მოლოდინითაა დამუხტული.
„ანაკლიაშ პორტი“-ს მშენებლობასთან დაკავშირებული, ყოველი ახალი ინფორმაცია, ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რადგან იგი ღვთისნიერ ადამიანს, ჩვენი ტაძრის მრევლსა და მის ქტიტორს, _ ბატონ თეიმურაზ ქარჩავას სახელს უკავშირდება.
მამა მირიანი (ჭეჟია) _ ანაკლიის მკვიდრი, ვანი-ბაღდადის ეპარქიის სოფ. ყუმურის „წმინდა გიორგის“ ეკლესიის წინამძღვარი:
ანაკლიაში, ბოლშევიკების მიერ დაშლილი, საუკუნეების წინანდელი ხის ნაეკლესიარის ადგილზე „წმინდა ნიკოლოზის“ ტაძრის აშენება და ისიც, გასული საუკუნის 90-იანი წლების უკიდურესი გაჭირვების ჟამს, ხალხის სულიერების გამრთელებას და გაცხადებულ ღვთის წყალობას ნიშნავდა.
ეს მადლიანი საქმე კი ასე დაიწყო _ საქართველოში ეროვნული ხელისუფლების მოსვლისთანავე, დიდი ხნის, ფარული ოცნების განხორციელების იმედი გაჩნდა და ანაკლიაში „ეკლესიის აღდგენის“ საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. ეკლესიის ეზო გავწმინდეთ, ნაეკლესიარი ადგილი დავასუფთავეთ და პროექტის შეკვეთას ვაპირებდით, როცა_ ქვეყნის მოღალატეებმა საქართველოს ეროვნული მთავრობა იარაღის ძალით დაამხეს, ქვეყანას ყაჩაღები და მოძალადეები შეუსიეს... გვეგონა, ანაკლიაში ტაძრის აშენების იდეამ, სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად, სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით დაგვტოვა, მაგრამ სწორედ მაშინ მოგვივლინა უფალმა შეძლებული ადამიანი, ვისაც სულიერება და ეკლესია ყველა დანარჩენ სიმდიდრეზე მაღლა ეჭირა და ასე გაჩნდა ანაკლიელების ოცნების აცხადების საშუალება!
ელგუჯა ესართია _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სოფ. ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი:
_მე ექიმი ვარ პროფესიით. ანაკლიასა და მიმდებარე სოფლებში არ არსებობს ოჯახი, ნამყოფი არ ვიყო და მათ ჭირ-ვარამს არ ვიცნობდე. შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, _ ორ საკითხში, ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტაძრის აშენებაში, ჩვენი მოსახლეობა მუდამ ერთიანი და მიზანსწრაფული იყო.
_სამწუხაროდ, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა კიდევ დიდხანს მოგვიწევს, ტაძარი კი, როგორც ხედავთ, დიდებული აგვიშენა ბატონმა თეიმურაზ ქარჩავამ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო _ იმ წელს (2002), საკრებულოს თავმჯდომარედ ამირჩიეს ანაკლიელებმა და ექიმის მძიმე სამსახურს, სოფლის სატკივარზე საზრუნავიც დაემატა.
კარგად მახსოვს, როცა, ნამხედრიონალი და ქვეყნის დამაქცევართა გადაჯეგილი ანაკლია არავის ახსოვდა (ზუგდიდამდე 25 კილომეტრის გავლას ორი საათი ვუნდებოდით), მაშინ ჩამოვიდა ბატონი თეიმურაზ ქარჩავა ანაკლიაში და ასე გაჩნდა ზღვის პირას _ ქათქათა კირქვის კვადრებით შემოზღუდული შემოგარენი, სათვალთვალო კოშკურებით, ხეში ნაქარგი მეგრული „ოდით“ და სასტუმრო-სახლით, რომელსაც მნახველებმა „აიეტის სასახლე“ შეარქვეს.
თანადგომის იმედით შეგულიანებულმა განვაახლე ეკლესიის მშენებლობის საკითხი და ბატონ ოთარ ქარჩავას, თეიმურაზ ქარჩავას მამას დავუკავშირდი.
ბატონ თემურაზს არ ვიცნობდი მაშინ. ჩვენი პირველი საუბარი ტელეფონით შედგა.
_ შევთანხმდით, რომ ანაკლიაში იმაზე დიდ ტაძარს ავაშენებდით, ვიდრე იგი ყველაზე უხუცეს ანაკლიელს შეიძლებოდა მეხსიერებაში შემორჩენოდა!
მართლაც, ბატონმა თეიმურაზმა, საკუთარი სახლის მშენებლობა შეაჩერა და ეკლესია მიიყვანა ბოლომდე. საკუთარი სახლი კი დღემდე დაუმთავრებელი აქვს, რადგან, ჯერ კიდევ, უამრავი უპოვარი და უსახლკარო, დასაპურებელი და დასასახლებელია, უამრავი ღვთის სახლია კიდევ ასაშენებელი _ არა მარტო ანაკლიაში!
_გასული წლის 19 დეკემბერს ათი წელი შესრულდა ანაკლიის „წმინდა ნიკოლოზის“ ტაძრის კურთხევიდან!
ვასო გაბისონია _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სოფ. ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატი:
ერგეტელებს კარგად ახსოვთ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, მაშინ სრულიად ახალგაზრდა კაცის - თეიმურაზ ქარჩავას ჩამოსვლა ყველასგან მივიწყებულ სოფელში და მოკლე დროში, როგორ ააშენა _ სასათბურე მეურნეობა, მეცხოველეობის ფერმა, სოფლის სკოლა და ბავშვთა ბაღი, მოასფალტებული გზებით სოფელი ქალაქს დაამსგავსა, მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი ადგილზე დაასაქმა.
მამა დავითი (როგავა) _ ანაკლიის „წმინდა ნიკოლოზის“ ტაძრის წინამძღვარი:
ხშირად მსმენია, ადგილობრივი მრევლისგან თუ, თბილისში, საპატრიარქოში, იმ კეთილ საქმეთა შესახებ, რაც ბატონ თეიმურაზს უკეთებია.
მარტო ფინანსური შეძლება არ არის საკმარისი, რომ „წმინდა ილია მართლის“ ტაძარი ააშენო დედაქალაქში, უფლის მადლიც უნდა გდევდეს თან ეს უფლება რომ მოგენიჭოს.
ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ეს უფლება და მადლი ჩვენი ტაძრის მრევლს და ქტიტორს, ბატონ თეიმურაზს მიანიჭა უფალმა.
ისიც მინდა იცოდეს საზოგადოებამ, ყოველივე ამას, უმძიმეს წლებში წინ უძღოდა, _ ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრისთვის გაწეული თანადგომა, თბილისსა და ზუგდიდში უამრავი ბაგა-ბაღის, სკოლის, მოხუცთა თავშესაფრის, მათი კვების ობიექტების აშენება და წლების მანძილზე, მათი თანამშრომლების ფინასური უზრუნველყოფა.
ისიც კი მსმენია, როცა ქვეყანა ინგრეოდა და უმოწყალოდ ძარცვავდნენ მას, ბ-ნ თეიმურაზს კიკეთში სოფლის და სალოცავისკენ მიმავალი გზის მშენებლობა დაუწყია. ამის შემყურე მოსახლეობა ირონიით ამბობდა თურმე _ „ვგიჟდებით ამ კაცის „იუმორზე“ _ რა დროს გზის მშენებლობააო!“
ჩემთვის ეს გასაკვირი არ არის, _ რა დროც არ უნდა იდგეს ქვეყნად, სწორედ გზა სჭირდება სოფელს, რომელიც მის მოსახლეობას ტაძრამდე მიიყვანს!
ანაკლიის „წმინდა ნიკოლოზი“-ს მადლი ფარავდეს ჩვენი ქვეყნის მთავრობას, გონივრული გადაწყვეტილების მიღებისას, თუ ვის უნდა მიანდოს, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთი გზა _ მეგა-პროექტ „ანაკლია-პორტის“ აშენების ბედი!
უაფალი გწყალობდეთ თქვენ და ჩვენს სამშობლოს!
მამა დავითი (როგავა) _ ანაკლიის „წმინდა ნიკოლოზის“ ტაძრის წინამძღვარი
მამა მირიანი (ჭეჟია) _ ანაკლიის მკვიდრი, ვანი-ბაღდადის ეპარქიის სოფ. ყუმურის „წმინდა გიორგის“ ეკლესიის წინამძღვარი
ელგუჯა ესართია _ ექიმი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სოფ. ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი
ვასო გაბისონია _ ინჟინერი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სოფ. ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატი